Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპა ენერგორესურსების ალტერნატიულ, რუსეთისგან დამოუკიდებელ, წყაროებს ეძებს


ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ევროპისთვის სახიფათოდ მიიჩნევენ ენერგომატარებლებით მომარაგების წყაროებს,

რომლებიც რუსეთის მიერ მკაცრად კონტროლდება. ქვეყნების უმაღლესი რანგის ოფიციალური პირების შეშფოთება გაამძაფრა რუსეთსა და ცენტრალური აზიის ორ ქვეყანას (ყაზახეთსა და თურქმენეთს) შორის დადებულმა ხელშეკრულებამ, რომელიც რუსეთის ტერიტორიის გავლით ახალი გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს. საუბრობენ საფრთხეზე, რომ ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი თავის ქვეყანას რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნებას უპირებს.

რუსეთის, ყაზახეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტების მიერ 12 მაისს ხელმოწერილი ხელშეკრულება "ევროპისთვის კარგი არ არის" – ასეთია ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის მინისტრის სამუელ ბოდმანის კომენტარი. სამი ქვეყნის ლიდერების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, აშენდება ახალი გაზსადენი, რომელიც თურქმენეთის ბუნებრივ აირს ევროპას რუსეთისა და ყაზახეთის ტერიტორიების გავლით მიაწვდის. ხსენებული პროექტი რუსეთის, როგორც მონოპოლისტის, პოზიციებს ამყარებს და დარტყმას აყენებს დასავლეთის იმედს, უშუალოდ მიუწვდებოდეს ხელი თურქმენეთის ბუნებრივ აირზე.

14 მაისს, პარიზში საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს შეხვედრაზე გამოსვლისას, ბოდმანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპამ ენერგორესურსებით მომარაგების ალტერნატიული გზები უნდა ეძებოს. დასავლეთის შთაბეჭდილებით, კრემლი მზად არის ენერგომატარებლების მიმწოდებლის მონოპოლისტური პოზიცია გამოიყენოს და ამ ბერკეტით ევროპის ქვეყნებზე სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური ზეგავლენა მოახდინოს. ამავე თემას შეეხო შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ტომ კეისი ვაშინგტონში გამოსვლისას:

(ტომ კეისის ხმა) "ჩვენი მიზანი (როგორც ამას დიდი რვიანის ქვეყნებიც აღნიშნავენ) უნდა იყოს დივერსიფიკაცია როგორც უშუალოდ რესურსებისა, ასევე - მათი გადაზიდვის მარშრუტებისა და არა მხოლოდ ევროპის, არამედ – მსოფლიოს მასშტაბით. და კიდევ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება პროექტები, რომლებიც დაფუძნებული იქნება კომერციულად გამართლებულ ხერხებსა და მეთოდებზე და არა იმდენად რაიმე ტიპის პოლიტიკურ განსჯაზე."

ევროპას შეშფოთების საფუძველი რომ ნამდვილად აქვს, ეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემაც განაცხადა 14 მაისს, "რადიო თავისუფლების" პრაღის შტაბბინაში გამოსვლისას:

(ნინო ბურჯანაძის ხმა) "დადგა დრო, რომ ევროპამ ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ენერგეტიკული რესურსების დივერსიფიკაციაზე იფიქროს. ჩვენ, ქართველებმა, კარგად ვიცით ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ფასი."

მიუხედავად ამისა, რუსეთის პრეზიდენტის ყაზახეთსა და თურქმენეთში ვიზიტს, რომელიც ახლახან დასრულდა, დასავლეთისთვის საკმაოდ უსიამოვნო ამბები მოჰყვა. თუნდაც ის, რაც ვლადიმირ პუტინმა თავისი ყაზახი კოლეგის ნურსულთან ნაზარბაევისგან მოისმინა:

(ნურსულთან ნაზარბაევის ხმა) "ყაზახეთი აბსოლუტურად ემხრობა იმას, რომ მისი ნავთობის მარაგის უდიდესმა ნაწილმა, თუ არა – მთლიანად, სწორედ რუსეთის ტერიტორიის გავლით იმოძრაოს."

რუსეთისთვის მისასალმებელი ამგვარი გადაწყვეტილების მიღებამდე, ყაზახეთის პრეზიდენტი ერთ დროს მზად იმისთვისაც იყო, რომ ჩაბმულიყო ამერიკის მოწონებულ პროექტში, რომელიც ნავთობსადენის კასპიის ზღვის ფსკერზე აშენებას გულისხმობდა. მილსადენი, რომელსაც ევროპა ნავთობით აზერბაიჯანის გავლით უნდა მოემარაგებინა, რუსეთს უვლიდა გვერდს. სწორედ ამიტომ, მაგრამ წმინდა გარემოსდაცვითი არგუმენტების მოშველიებით, რუსეთმა ეს პროექტი დაბლოკა და პრაქტიკულად - დაასამარა. მას მხარი ირანმაც აუბა.

ცენტრალურ აზიაში პუტინის ბოლო ვიზიტის შემდეგ, როდესაც ხელი მოეწერა რუსეთისა და ყაზახეთის მიერ ურანის გასამდიდრებლად ერთობლივი ცენტრის შექმნის შეთანხმებასაც, გაჩნდა კითხვა: ხომ არ ცდილობს ნაზარბაევი თავისი ქვეყანა კვლავაც რუსეთის გავლენის სფეროში დააბრუნოს?

საერთაშორისო ექსპერტი ევრაზიის საკითხებში მეთიუ კლემენტსი მიიჩნევს, რომ ნაზარბაევს პრაგმატული მოსაზრებები ამოძრავებს:

(მეთიუ კლემენტსის ხმა) "ნაზარბაევი, ბოლო 5-6 წელია, საგარეო პოლიტიკის ასპარეზზე მეტად პრაგმატულად თამაშობს, რაც, ძირითადად, იმით გამოიხატება, რომ ის ცდილობს, ენერგეტიკული შესაძლებლობების გათვალისწინებით, დადოს ყაზახეთისთვის ყველაზე ხელსაყრელი ხელშეკრულება, იქნება ეს ევროპასთან, რუსეთსა თუ ჩინეთთან... ის ურთიერთობს ყველა ქვეყანასთან... ხოლო რუსეთთან მიღწეული ბოლო შეთანხმება აშკარა განაცხადია იმისა, რომ ნაზარბაევი მიიღებს ნებისმიერ შეთავაზებას, რომელიც ყველაზე მისაღები იქნება მისთვის."

კლემენტსი არ გამორიცხავს, რომ ნაზარბაევის ყაზახეთმა, შესაძლოა, კურსი აიღოს გრძელვადიანი პროექტისკენ, რომელიც მას რეგიონში გავლენის მსურველ უძლიერეს ძალასთან სიახლოვის საშუალებას მისცემს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG