Accessibility links

logo-print

საქართველოს სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლების წინააღმდეგ


საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანს,

კერძოდ, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდის) უფროსს ირაკლი კოდუას, მასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ რამდენიმე თანამშრომელსა და პროკურატურის თანამშრომლებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და უდანაშაულო პირების დევნაში სდებს ბრალს.
სოზარ სუბარმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლების მიმართ საკუთარი ბრალდების მოტივაცია ჟურნალისტებს საგანგებო პრესკონფერენციაზე განუმარტა:

[სოზარ სუბარის ხმა]”იკვეთება დანაშაულის ნიშნები სოდის უფროსის ირაკლი კოდუას, ასევე შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლების ქმედებაში. საქმე შეეხება
უდანაშაულო პირთა დაკავებას და მათ სისხლის სამართლებრივ დევნას შურისძიების მიზნით, ასევე დაკავებულ პირთა წამებას, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციას, დაკავებულებისთვის ნარკოტიკების უკანონო ჩადებას და გაკეთებას... ”

ასეთი განცხადება სოზარ სუბარმა გააკეთა იმ მოკვლევის საფუძველზე, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ( სოდის) მიერ წარმოებულ საქმესთან დაკავშირებით ჩაატარა. საქმე ეხება ამა წლის 18 თებერვალს სოდის თანამშრომლების მიერ მესტიის რაიონში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დასაკავებლად დაგეგმილ და ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც დაკავებული იქნა სამი პიროვნება: ლაშა ხორგუანი და გოჩა და ხვიჩა მილდიანები. საქმის მასალების თანახმად, ლაშა ხორგუანსა და გოჩა მილდიანს აღმოაჩნდათ 3-3 აბი სუბუტექსი, ხვიჩა მილდიანს კი - 5 აბი; ამასთან, შემოწმების შედეგად, დადგინდა, რომ სამივე დაკავებული დაკავების მომენტში ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო. -ასეა აღნიშნული სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მიერ წარმოებული საქმის მასალაში. შემდეგ მოხდა ისე, რომ დაკავებულები რამდენიმე დღეში საპროცესო შეთანხმებით და მინიმალური სასჯელით გაათავისუფლეს - მათ 5 წლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდათ. რატომ გამოიჩინა სასამართლომ და გამოძიებამ ასეთი გულმოწყალება, მაშინ როცა საქართველოს სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა ყველაზე მკაცრად ნარკოტიკულ დანაშაულს ებრძვის? - ეს შეკითხვა დასმულია სახალხო დამცველის განცხადებაში,რომელიც მან საკუთარ პრესკონფერენციაზე გაავრცელა. შეკითხვაზე პასუხიც იქვეა მითითებული და ის, როგორც უკვე ვთქვით, სახალხო დამცველის აპარატის მიერ წარმოებულ გამოძიებას ეყრდნობა. სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ 18 თებერვალს მესტიაში სპეცოპერაცია ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის გამოსავლენად არ ჩატარებულა და რაც მოხდა, მოხდა პირადი შურისძიების მიზნით, სამსახურებრივ უფლებამოსილებათა ბოროტად გამოყენებით.

”ლაშა ხორგუანისა და მისი ახლობლების განმარტებით, ყველაფერი ხორგუანის მობილური ტელეფონიდან მისი მეგობრის მიერ ღამის სამ საათზე ერთ-ერთ ნომერზე გაშვებულ სატელეფონო ზარს მოჰყვა. საპასუხოდ გადმორეკა ქალბატონმა, რომელმაც უკმაყოფილოდ იკითხა, რატომ ურეკავდნენ ასე გვიან, შემდეგ კი ტელეფონი მამაკაცს გადასცა...” - ვკითხულობთ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამავე განცხადებაში მითითებულია, რომ ქალბატონი, ვისაც გვიან ღამით ლაშა ხორგუანის მეგობარმა დაურეკა, ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ნანუკა ჟორჟოლიანია, ხოლომ მამაკაცი, ვისაც მან ტელეფონი გადასცა, - სოდის უფროსი ირაკლი კოდუა. სოზარ სუბარის თქმით (კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ის სახალხო დამცველის აპარატის მიერ საქმის შესწავლას ეყდნობა), სატელეფონო საუბარს ახლდა გინება ორივე მხრიდან, რაც გადაიზარდა მუქარაში, მუქარას კი მოჰყვა ჟორჟოლიანის ტელეფონზე ზარის გამშვების ვინაობის დადგენა და სპეცოპერაცია. სახალხო დამცველის თქმით, მესტიაში სამი პიროვნება დაკავებული იქნა უსაფუძვლოდ, დაკავებულებს ჩაუდეს ნარკოტიკები და ხელყუმბარა, გაუკეთეს ნარკოტიკები და ასე შემდეგ. სოზარ სუბარი ყოველივე ამაზე და დაკავებულთა წინააღმდეგ საქმის შეთხზვაზე რეაგირებას გენერალურ პროკურატურას სთხოვს:

[ სოზარ სუბარის ხმა] ”რეკომენდაციით მივმართავ გენერალურ პროკურორს, დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე და იმსჯელოს გამოძიების პროცესში თანამდებობის პირებისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების დროებით შეჩერებაზე. ”
XS
SM
MD
LG