Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''ტრანსპარენსი ინტერნეიშენალმა'' წლიური ანგარიში გამოაქვეყნა


კორუფცია არის ძალაუფლების ბოროტად გამოყენება საკუთარი გამორჩენისთვის. ასე განსაზღვრავს კორუფციას “ტრანსპარენსი ინტერნეიშენალი”,

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია. “ტრანსპარენსი ინტერნეიშენალი” ებრძვის კორუფციას, რადგან სჯერა, რომ ის საზიანოა ყველასთვის, ვისი სიცოცხლე და კეთილდღეობაც რამენაირად არის დამოკიდებული გავლენიან, თანამდებობის მქონე პირთა პატიოსნებაზე. 24 მაისს “ტრანსპარენსი ინტერნეიშენალმა” გამოაქვეყნა წლიური ანგარიში, რომელშიც რამდენიმე გვერდი საქართველოსაც ეთმობა.

წლევანდელი ანგარიში მსოფლიოში კორუფციის შესახებ ყურადღებას ამახვილებს ვითარებაზე სასასამართლო სისტემაში. რა არის ანგარიშის მთავარი დასკვნები, ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში განმარტა “ტრანსპარენსი ინტერნეიშენალის” წარმომადგენელმა, ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა მიკლოშ მარშალმა.

[მიკლოშ მარშალის ხმა] “კორუფციის შესახებ წლევანდელი ანგარიშის სამი მთავარი მესიჯი არის ის, რომ, ჯერ ერთი, სასამართლო სისტემაში კორუფცია ძირს უთხრის საზოგადოებათა საძირკველს და ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. მეორე მთავარი მესიჯია ის, რომ რიგითი მოქალაქეები, უმეტესწილად ღარიბები, ყველაზე მეტად იჩაგრებიან სასასამართლო სისტემაში კორუფციით, რადგან არა აქვთ ფული ქრთამის გადასახდელად. და მესამე მესიჯია ის, რომ საჭიროა გაცილებით უფრო მეტის გაკეთება მეტი გამჭვირვალობის მისაღწევად, რადგან მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა გამჭვირვალობაზეა დაფუძნებული”.

მარშალის განმარტებით, ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში საერთოა ის, რომ კორუფციის მასშტაბი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე მსოფლიოს ბევრ სხვა რეგიონში. გავრცელებულია ნიჰილიზმიც მოსახლეობაში: რუსეთში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულების 70 პროცენტი უსარგებლოდ მიიჩნევს დახმარების თხოვნით სამართლებრივი სისტემისთვის მიმართვას: “არაოფიციალური ხარჯები” მეტისმეტად მაღალიაო, ამბობდნენ გამოკითხულები.

[მიკლოშ მარშალის ხმა] “ჩვენი “კორუფციის ბარომეტრის” შესაბამისად, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში იმ ადამიანების 15 პროცენტი, ვინც სასამართლო სისტემას მიმართა, ამბობს, რომ ქრთამი გადაიხადა. იგივე მაჩვენებელი 1 პროცენტს არ აღემატება ევროკავშირში და 2 პროცენტია ჩრდილეოთ ამერიკაში. ამდენად, მკვეთრი კონტრასტი სრულიად აშკარაა.”

თუმცა, კორუფცია მხოლოდ ქრთამის აღებას როდი ნიშნავს: “ტრანსპარენსი ინტერნეიშენალი”, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის სფეროში, მსოფლიოში წამყვან ორგანიზაციად ითვლება, კორუფციის კიდევ ერთ ფორმას ასახელებს - დაუმსახურებელ, უსაფუძლო გავლენას (undue influence). ლაპარაკია - სასამართლო სისტემის შემთხვევაში - ზემოქმედებაზე, რომელიც სასამართლოზე, თუ პოლიციაზე პოლიტიკისა და ბიზნესის სფეროებიდან შეიძლება მომდინარეობდეს.

[მიკლოშ მარშალის ხმა] “გაუმართლებელი გავლენა - ვფიქრობ, ზიანის თვალსაზრისით - კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქრთამი, რადგან მიმართულია სასასამართლო სექტორის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, როცა პოლიტიკოსები - აღმასრულებელი ხელისუფლება - სასამართლოში პროცედურაზე გავლენას ახდენენ. და ეს კვლავინდებურად ტიპური პრობლემაა პოსტკომუნისტურ ქვეყნებში. და ბიზნეს- ელიტასაც აქვს საშუალება, გავლენა მოახდინოს სასამართლო პროცესებზე. ვფიქრობ, ეს ორი რამ (პოლიტიკისა და ბიზნესის გავლენა) კიდევ უფრო საზიანოა, ვიდრე მექრთამეობა”.

საქართველოში, როგორც ცნობილია, ხშირად გაისმის კრიტიკა სწორედ იმის გამო, რომ სასამართლო, ბევრის შეფასებით, დამოუკიდებლისაგან ჯერ კიდევ შორს არის და აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენას განიცდის. ამ შინაარსის კრიტიკას გაეცნობით “ტრანსპარენსი ინტერნეიშენალის” წლევანდელ ანგარიშშიც - ანგარიშის იმ, სამგვერდიან მონაკვეთში, რომელიც საქართველოს ეხება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2004 წლის შემდეგ, ანუ ვარდების რევოლუციის შემდგომი არჩევნებით მოსული ხელისუფლების ძალისხმევით, მოსამართლეებს, მართალია, ხელფასები მოემატათ (რაც ქრთამის აღების მოტივაციის წინააღმდეგ მიმართული საგულისხმო ზომაა) და მართალია, გამკაცრდა კონტროლი მოსამართლეებში მექრთამეობის აღმოსაფხვრელად - მაგრამ კვლავაც შემაშფოთებელია, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან.

“ტრანსპარენსის” ანგარიშში გაკრიტიკებულია საქართველოში მოსამართლეების დანიშვნისა და გათავისუფლების ზოგი წესი, გაკრიტიკებულია დისციპლინარული სანქციები, რომლებმაც შესაძლებელი გახადა უზენაესი სასამართლოს რამდენიმე მოსამართლის დათხოვნა. საქმე ეხება მოსამართლეებს, რომელთაც პოლიტიკურ წრეებში გარკვეული მიზეზების გამო აღარ წყალობდნენ.

საქართველოს სასამართლო სისტემაში “ტრანსპარენსი” სხვა ხარვეზებსაც ხედავს - იქნება ეს კვალიფიცირებული კადრების ნაკლებობა, უხეირო ინფრასტრუქტურა, თუ ფულის უკმარისობა. ანგარიშში გამოთქმულია რეკომენდაციებიც - ზომები, რომლებზეც დამოკიდებულია სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმების წარმატება.

მაგრამ მკაცრი კრიტიკის მიუხედავად საყურადღებოა, რომ პროცესები საქართველოში მთლიანობაში დადებითად არის შეფასებული, რაზეც სათაურიც მიუთითებს - “ტრანსპარენსი ინტერნეიშენალის” წლევანდელ ანგარიშში საქართველოსადმი მიძღვნილი მონაკვეთის სათაური: “საქართველოს დაჩქარებული ანტიკორუფციული რეფორმები”.

ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში “ტრანსპარენსი ინტერნეიშენალის” წარმომადგენელ მიკლოშ მარშალის განცხადებით: [მიკლოშ მარშალის ხმა] “საქართველო მეტ-ნაკლებად წარმატებული შემთხვევაა. აქვე უნდა ვთქვა, რომ ყველაფერი ფარდობითია და არ მინდა მეტისმეტად ტოლერანტული ვიყო პრობლემებისა და შეცდომების მიმართ. მაგრამ ვფიქრობ, საერთაშორისო ფონზე საქართველო გამოირჩევა, როგორც რეფორმების აქტიურად განმახორციელებელი ქვეყანა და რამდენიმე რადიკალური ანტი-კორუფციული რეფორმა მართლაც განხორციელდა. ამდენად, მთლიანობაში საქართველოს მაგალითი პოზიტიურია.”

ამ შეფასებას იძლევა “ტრანსპარენსი ინტერნეიშენალის” ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორი მიკლოშ მარშალი. უფრო დაწვრილებით ინფორმაციას ორგანიზაციის ანგარიშზე - შეგიძლიათ გაეცნოთ მისსავე ვებ საიტზე www.transparency.org.

“ტრანსპარენსი ინტერნეიშენალის” ვებსაიტზე შეგიძლიათ გაეცნოთ ასევე რეიტინგს, რომელიც ასახავს, რამდენად მძიმედ მიიჩნევს ამათუიმ ქვეყნის მოსახლეობა კორუფციას მის ქვეყანაში. საქართველოს ამ, 163-ადგილიან რეიტინგში არც თუ სახარბიელო, 99-ე ადგილი ერგო. თუმცა ეს გაუმჯობესებაა 2004 წელს აღრიცხულ 133-ე ადგილთან შედარებით. საქართველოს მეზობლებიდან სომხეთი წელს 93-ე ადგილზეა, რუსეთს 121-ე, ხოლო აზერბაიჯანს - 130-ე ადგილი ერგო.
XS
SM
MD
LG