Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ იმეტებენ მოზარდები ერთმანეთს


სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოში ყოველთვიურად საშუალოდ 15-20 მკვლელობა ხდება. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით,

მკვლელობათა აბსოლუტური უმრავლესობა საყოფაცხოვრებო ხასიათისაა და საფუძვლად ურთიერთშელაპარაკება, ხულიგნობა და ეგრეთ წოდებული გარჩევები უდევს. როგორც ირკვევა, გამონაკლისი არც მოზარდების მიერ ჩადენილი დანაშაულია. სწორედ ქუჩაში მომხდარ ჩხუბსა და კრიმინალურ გარჩევებს შეეწირნენ ის თბილისელი მოსწავლეები, რომელთა გახმაურებულმა მკვლელობებმა საზოგადოების - მათ შორის, ხელისუფლებისა და ეკლესიის - შეშფოთება გამოიწვია. რატომ იმეტებენ მოზარდები ერთმანეთს?

სპეციალისტების შეფასებით, მოზარდების მიერ ჩადენილ დანაშაულს გამოარჩევს არაადეკვატური სისასტიკე, რომელიც, ერთი შეხედვით, უწყინარ კამათს ან შელაპარაკებას შეიძლება მოჰყვეს. შედეგად კი, დღის შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვებები გადატვირთულია ისეთი ცნობებით, რომლებიც არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულს აღწერენ.

[პოლიციელის ხმა] „დანაშაული გახსნილია, დადგენილია მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 1993 წელს დაბადებული 14 წლის არასრულწლოვანი...“

პოლიციისა და ხელისუფლების გარდა, მოზარდების აგრესიული ქცევის ახსნას ცდილობს ეკლესია. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე საზოგადოების შეცდომებზე ამახვილებს ყურადღებას:

[ილია მეორის ხმა] „რა თქმა უნდა, მშობლებზეც არის დამოკიდებლი და სკოლაზეც. ეკლესიამაც უნდა თავისი სიტყვა თქვას და ჩვენ ვასწავლით სიკეთეს, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება, თუკი ყურადღება მიექცევა ოჯახში აღზრდას.“

პატრიარქის მიერ გამოთქმულ ამ მოსაზრებას სრულად იზიარებს თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორი. გია მურღულიას თქმით, დანაშაულის ზრდას მშობლებსა და შვილებს შორის კომუნიკაციის მოშლამაც შეუწყო ხელი:

[გია მურღულიას ხმა] „სოციალური პრობლემები საკმაოდ მწვავედ დგას საქართველოში და მშობლები ვერ იცლიან შვილებისათვის, დიალოგი არ არის მშობლებსა და შვილებს შორის. კაციშვილი აღარ დარჩა ისეთი, ვინც ღირებულებების გადამცემი იქნება. სკოლამაც უნდა გააკეთოს, მაგრამ, პირველ რიგში, ეს უნდა გააკეთოს ოჯახმა.“

თავად მოზარდები კი ამბობენ, რომ აგრესია თავის დამკვიდრებისთვის სჭირდებათ. ანა 14 წლისაა და მეცხრე კლასში სწავლობს.

[ანას ხმა] „სახელის მოსახვეჭად ჩხუბობენ... კარგს რომ ვერ აკეთებენ, ცუდით ცდლობენ გამორჩევას, ასე ხდებიან პოპულარულები... სხვებისგან გამოირჩევა და უფრო მაგარი ტიპია... აღარავინ უყურებს, ცუდი გააკეთა თუ კარგი... „ძველი ბიჭები“ უფრო მოსწონთ გოგონებს, იმიტომ რომ საკუთარი თავის დაცვაც შეუძლიათ და - სხვისიც.“

მეცხრეკლასელები არიან ბეჟანი და ირაკლიც. ბიჭები ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში ჩხუბის მიზეზი აზარტული თამაშებია.

[ბეჟანის ხმა] „თამაშობენ და რომ არ აბარებენ „თავანს“, ამის გამო ხდება ჩხუბი...“

[ირაკლის ხმა] „თამაშობენ ტოტალიზატორებში და სხვაგან... რომ აგებენ, კლასელებს ეუბნებიან, ფული შემიგროვე და მომიტანეო... ეგრეა!“

ასე რომ არის და ასე რომ არ უნდა იყოს, კარგად ესმის მომღერალ თემურ ჭკუასელს. მისი თქმით, მოზარდების გადასარჩენად მთელი საზოგადოების ძალისხმევაა საჭირო, დრო კი არ ითმენს.

[თემურ ჭკუასელის ხმა] „აგრესია, რომელიც მოზარდებში ვლინდება, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან მოდის. როგორც კი ქვეყანა დალაგდება, ესეც გადაივლის, მაგრამ საჭიროა აჩქარება, თორემ ვკარგავთ ახალგაზრდებს და ეს მართლა დიდი საშინელებაა.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG