Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა


კვირის დასაწყისიდანვე ქართული პრესა ეხებოდა რამდენიმე პრობლემას, რომელთა გაშუქება მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდა.

მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვლავ მოზარდთა დანაშაულია. ორშაბათს გაზეთი “კვირის პალიტრა” 14 წლის სალომე მამაცაშვილის საზარელ მკვლელობაზე წერდა, გაზეთი “24 საათი” კი აქვეყნებს სტატიას ,,‘სიცოცხლე მინდა’ – არასრულწლოვანთა აქცია”.

ორშაბათსვე გაჩნდა პირველი პუბლიკაციები გურამ შარაძის მკვლელობასთან დაკავშირებით და მთელი კვირის განმავლობაში პრესა ამ დანაშაულის დეტალების შესახებ მოუთხრობდა საზოგადოებას. სამშაბათს გაზეთი “ახალი თაობა” აქვეყნებს პუბლიკაციას - ,,რა კავშირი ჰქონდა გიორგი ბარათელს გურამ შარაძის ოჯახთან”. გაზეთი “რეზონანსი” კი წერს, რომ ამ მკვლელობაში ,,ბევრი რამ ჯერ კიდევ ბურუსით არის მოცული.” შუა კვირაში გაზეთი “ახალი 7 დღე” რამდენიმე ვრცელი პუბლიკაციით აშუქებს მკვლელობის ამბავს. “ვინ და რატომ მოკლა გურამ შარაძე”, “პოლიტიკური მკვლელობა თუ სამწუხარო ჩვეულებრივი კრიმინალი” - ამ კითხვებს წამოჭრის გაზეთი ,,ახალი 7 დღე”.

სამშაბათს გაზეთი “24 საათი” მიმდინარე კვირის საპარლამენტო გეგმებზე წერდა. პუბლიკაციაში, სათაურად ,,საკანონმდებლო მენიუში ,,ცხარე კერძები” მომრავლდა”, ვკითხულობთ: ,,საკანონმდებლო ორგანოს მენიუში ისეთი საკითხებია შეტანილი, რომლებსაც ოპოზიცია უყურადღებოდ არ ტოვებს. მწვავე თემებიდან აღსანიშნავია: ერაყში სამშვიდობო კონტინგენტის გაზრდაზე თანხმობის მიცემა, სახალხო დამცველის 2006 წლის ანგარიში, ,,პატიმრობის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები... პოლემიკის გარეშე არც ხელვაჩაურის რაიონში მშენებარე ეკლესიის დანგრევის საკითხი ჩაივლის.”

მართლაც, მომდევნო დღიდან პრესა აქტიურად აშუქებდა ფერიის მთაზე ეკლესიის დანგრევის ამბავს და საპარლამენტო დებატებს ამ ფაქტთან დაკავშირებით. იგივე “24 საათი” ოთხშაბათს აქვეყნებს სტატიას - ,,ეკლესიას პოლიტიკურ სამოსელს არგებენ”. გაზეთი ,,რეზონანსი” კი პუბლიკაციაში -,,ფერიის მთაზე ეკლესიის დამანგრეველებს არ დასჯიან” წერდა: ,,მიუხედავად იმისა, რომ ფერიის მთაზე ეკლესიის დანგრევის ფაქტი ხელისუფლებამ მოგვარებულად გამოაცხადა, ოპოზიცია დამნაშავეების დასჯას და პრეზიდენტის მიერ საზოგადოებისათვის ბოდიშის მოხდას მოითხოვს. უმრავლესობა კი ოპოზიციას ისევ პოლიტიკურ სპეკულირებასა და არაგულწრფელობაში ადანაშაულებს.”

,,ირაკლი ბათიაშვილს 7 წელი მიუსაჯეს”, - წერდა პირველსავე გვერდზე გაზეთი “ახალი თაობა” 24 მაისს. გაზეთ “24 საათში” კი ვკითხულობთ: ,,შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა – ასეთია უშიშროების ყოფილი მინისტრის, შეიარაღებული ამბოხის ინტელექტუალურ მხარდაჭერაში ბრალდებული ირაკლი ბათიაშვილისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი. განაჩენი სასამართლოს შენობაშიც და მის გარეთაც ქართული მართლმსაჯულების მკაცრი კრიტიკის მიზეზი კიდევ ერთხელ გახდა.” – გაზეთი “რეზონანსი” კი წერდა, რომ ,,ირაკლი ბათიაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა, შესაძლოა, აშშ-ის საელჩოს წინ დაიწყოს”.

უკრაინის თემა საკმაოდ აქტიურად შუქდებოდა გასული კვირის ქართულ პრესაში. პარასკევს გაზეთი “რეზონანსი” პირველ გვერდზე აქვეყნებს სტატიას, სათაურით ,,უკრაინამ საქართველოსა და ევროკავშირს უგანა _ რუსეთის მიერ დაშინებული უკრაინის ადგილს რუმინეთი დაიკავებს”. ციტატა პუბლიკაციიდან: ,,საქართველო - უკრაინა - ევროკავშირის (GUEU) პროექტში მონაწილეობას, სავარაუდოდ, უკრაინა აღარ მიიღებს. ევროპას უკრაინულ გაზსატრანსპორტო სისტემაზე რუსეთის ზეწოლის შეეშინდა. სავარაუდოდ, ჩვენი მეგობარი ქვეყნის ადგილს, GUEU–ში რუმინეთი დაიკავებს. ამასთანავე, რუსეთი ძალასა და ღონეს არ იშურებს, რომ აღნიშნულ პროექტს, ,,Nორდ შტრეამ”–ის მაგისტრალის მშენებლობით, მნიშვნელობა დაუკარგოს. ევროპაში მონოპოლიის შენარჩუნების მოტივით, კრემლი იმ პროექტშიც ცდილობს ჩართვას, რომელიც მისი ენერგოძალაუფლების დამსხვრევას ემსახურება.”
შაბათის “რეზონანსი” კი უკრაინაში ჩუმი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე წერს და აღნიშნავს, რომ იუშჩენკო–იანუკოვიჩის დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია.

ოთხშაბათსვე გამოჩნდა პირველი პუბლიკაციები სახალხო დამცველის პრესკონფერენციის შესახებ, რომელზე წამოწეული პრობლემაც პარასკევს, სოზარ სუბარის ანგარიშის მოსმენისას, განსჯის მთავარ საკითხად იქცა.
23 მაისს გაზეთ ,,24 საათში” ვკითხულობთ: ,, ომბუდსმენი სოდის უფროსს ადანაშაულებს წამების, მტკიცებულებების გაყალბების, უკანონო დაკავების, ნარკოტიკების უკანონო ჩადების გამო”. ხოლო გაზეთი “რეზონანსი”, საინფორმაციო სააგენტო ,,პრაიმ ნიუსზე” დაყრდნობით, წერდა: ,,სოზარ სუბარმა შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი ირაკლი კოდუა, პირადი შურისძიების მოტივით, უდანაშაულო პირების დაკავებასა და მათი სისხლის სამართლებრივ დევნაში დაადანაშაულა.”

შაბათს ქართული პრესა უკვე სუბარის საპარლამენტო ანგარიშის შესახებ წერს. ,,სახალხო დამცველის ათასგვერდიანი მოხსენების მოსმენა პარლამენტმა გუშინ საკმაოდ გვიან, შვიდი საათის მერე, დაიწყო,” – წერს შაბათის ,,ახალი თაობა”. მოხსენებას ვრცელ პუბლიკაციას უძღვნის შაბათის “ალიაც” და გიგა ბოკერიას კომენტარი მოჰყავს: ,,ასეთი განცხადებების შემდეგ არაფერი არ მოხდება, ეს არ გახდება მიზეზი მისი შეცვლის, თუმცა ამ ადამიანმა, სანწუხაროდ, ცუდი ტაქტიკა აირჩია. მას არ ეყო უნარი და მოთმინება, რომ არ აეტეხა ვაკხანალია. ჯერ პროკურატურამ უნდა გამოიძიოს ეს ფაქტები, თუმცა მეეჭვება, რამე სერიოზული იყოს.”

პარასკევს გაზეთი “24 საათი” “ამნესტი ინტერნეიშენალის” 2006 წლის ბოლო 6 თვის დასკვნას აქვეყნებს, რომელიც, გაზეთისავე ცნობით: ,,ორ საქმეზე აკეთებს აქცენტს – ციხის ბუნტსა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზე.”

შაბათს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობდა. თბილისში ამ დღის აღსანიშნავად გრანდიოზული სამხედრო აღლუმი გაიმართა. შაბათის ნომერში გაზეთი “რეზონანსი” ამ აღლუმის შესახებ აუწყებდა მოსახლეობას და დილიდანვე აწვდიდა ინფორმაციას თბილისში მოძრაობის შეზღუდვის ადგილებისა და დროის თაობაზე.
XS
SM
MD
LG