Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი დღეიდან საქართველოში რუსეთის საელჩომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის პროცედურა განაახლა.

ინტერნეტგამოცემა ”ლენტას” ცნობით, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოში რუსეთის ელჩის ორშაბათის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. როგორც გელა ბეჟუაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს, ოფიციალური თბილისი რუსეთის ამ გადაწყვეტილებას დროულად მიიჩნევს. დღეს მინდა
რუსეთის პრესის რამდენიმე პუბლიკაცია გაგაცნოთ.


თავდაპირველად, კვლავ ინტერნეტგამოცემა ”ლენტას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მივუბრუნდები. - გამოცემის ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოში რუსეთის ელჩის შეხვედრა ამ უკანასკნელის ინიციატივით გაიმართა. შეხვედრისას განხილული იყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და პუტინ-სააკაშვილის შესაძლო შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოს მიმდინარეობა - შეხვედრა, შესაძლოა, სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების პრეზიდენტთა არაფორმალური სამიტის ფარგლებში შედგეს. ციტატა: ”საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურში დაადასტურეს, რომ მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას მიიღებს არაფორმალურ სამიტში, თუმცა განმარტეს, რომ ამ ეტაპზე ორმხრივი შეხვედრის პროგრამა შეთანხმებული არ არის.”
28 მაისის გაზეთ ”კომერსანტის” ცნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ნატოს ფორმატში აღინიშნა. ავტორის აზრით, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მთავარი ღონისძიება სამხედრო აღლუმი იყო, რომელშიც 15 ათასი სამხედრო იყო ჩართული. აღლუმში მონაწილეობდა ახალი სამხედრო თვითმფრინავებიც, ”ალბატროსი”, რომლებიც საქართველომ ჩეხეთში შეიძინა. სიახლე იყო ისიც, რომ აღლუმის მონაწილენი საქართველოში შეკერილ ფორმაში იყვნენ გამოწყობილნი და ნატოს წევრ ქვეყნებში მიღებული სამწყობრო ნაბიჯით დადიოდნენ - ავტორის შენიშვნით, აქამდე სამწყობრო ნაბიჯის ვარიანტი იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რომელი ქვეყნის ინსტრუქტორები წრთვნიდნენ ქართულ არმიას.
28 მაისის ”ნეზავისიმაია გაზეტა” წერს იმ მცირე სკანდალზე, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მოხდა, როცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა, მხარი დაუჭიროს უკრაინას დაუსრულებელი პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში. - მას სიტყვა საკმაოდ უხეშად შეაწყვეტინა უკრაინელმა დეპუტატმა, რომელმაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საკუთარი პრობლემების მოგვარება ურჩია, უკრაინელები გამოსავალს თვითონ ვიპოვითო. გაზეთის აზრით, უკრაინელი დეპუტატის გაღიზიანება არც უსაფუძვლოა - დასამალი არ არის, რომ უკრაინისთვის მხარდაჭერაზე საუბრისას ქალბატონი ბურჯანაძე პრეზიდენტ იუშჩენკოსთვის მხარდაჭერას გულისხმობდა. თუ როგორ უჭერს მხარს საქართველოს პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას და რას ურჩევს, ეს იმ სატელეფონო საუბრების ჩანაწერის გამოქვეყნებისას გამოჩნდა, რომელიც ცოტა ხნის წინ უკრაინულ ვებ-საიტებზე გამოჩნდაო, - წერს გაზეთი და განაგრძობს: ”საბედნიეროდ, მრჩეველთა რჩევების მიუხედავად, უკრაინელ პოლიტიკოსებს ეყოთ ჭკუა, პრობლემა მოლაპარაკებებით მოეგვარებინათ. ასე რომ, სექტემბრამდე უკრაინაში ვითარება, მეტ-ნაკლებად, მშვიდი იქნება. უკრაინელი პოლიტიკოსები, როგორც ჩანს, მრჩევლების ნაკლებობას არ განიცდიან. მთავარია, საბოლოოდ, უპირატესობა იმ რჩევებს მიენიჭოთ, რომლებიც ისედაც აფორიაქებულ უკრაინულ საზოგადოებას კიდევ უფრო არ ააფორიაქებს.

XS
SM
MD
LG