Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“დიდი რვიანის” სამიტზე რუსეთსა და ამერიკას შორის არსებული დაძაბულობა ბევრ საკითხს ჩრდილავს


გერმანიის საკურორტო ქალაქ ჰაილიგენდამში “დიდი რვიანის” სამიტზე განსახილველ საკითხთა შორის პირველ ადგილს იკავებს კლიმატის შეცვლის თემა.

თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მზარდმა დაძაბულობამ სამიტის დღის წესრიგის არაერთი საკითხი დაჩრდილა.

"დიდი რვიანის" ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც გერმანიის საკურორტო ქალაქ ჰაილიგენდამში შეიკრიბნენ, 3-დღიანი სამიტის ფარგლებში არაერთი საკითხი აქვთ განსახილველი. მასპინძელი გერმანია იმედოვნებს, რომ მოხერხდება მნიშვნელოვანი დოკუმენტების მიღება გლობალურ დათბობასა თუ აფრიკის ქვეყნების დახმარებასთან დაკავშირებით.

უშუალოდ სამიტის დაწყებამდე, 6 ივნისს, პირისპირ შეხვედრები შედგა. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში იაპონიის პრემიერ-მინისტრს შინზო აბესა და გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა. ამერიკისა და გერმანიის ლიდერების საუბრის მთავარი თემა გლობალური დათბობის პრობლემა, კიოტოს ოქმის ვადის ამოწურვის შემდეგ ასამოქმედებელი დოკუმენტის შექმნა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საკითხი იყო. ჯორჯ ბუშმა ანგელა მერკელს ასე მიმართა:

(ბუშის ხმა) "ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ვიმუშაო თქვენთან ერთად კიოტოს შემდგომ შეთანხმებაზე, თუ როგორ მივაღწიოთ ძირითად მიზნებს. იქნება ეს სათბურის გაზების გამოყოფის შემცირება თუ უფრო მეტი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევა, ჩვენს შემთხვევაში, ნედლი ნავთობის მიღებისას მსოფლიოს იმ ნაწილებიდან, სადაც ჩვენ მეგობრები გვყავს და, ზოგჯერ, არც გვყავს მეგობრები."

ამ და სხვა საკითხებს, როგორც უკვე ვთქვით, სამიტზე დეტალურად განიხილავენ, თუმცა განსაკუთრებული მოლოდინი უკავშირდება 7 ივნისისთვის დაგეგმილ შეხვედრას ორ ყოფილ მოკავშირეს შორის, რომელთა აზრებიც ბოლო პერიოდში ერთმანეთისას აღარ ემთხვევა. საუბარია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშზე:

(ბუშის ხმა) "მოუთმენლად მოველი საუბარს პრეზიდენტ პუტინთან, არა მხოლოდ “დიდი რვიანის” სამიტზე, არამედ შემდეგაც, როცა ის აშშ-ში ჩამოვა. მე მას ვეტყვი: იცი, ვლადიმირ (მე მას სახელით მივმართავ), თქვენ არ უნდა გეშინოდეთ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის. და, საერთოდ, რატომ არ თანამშრომლობთ ჩვენთან ამ საკითხთან დაკავშირებით?"

ეს სიტყვები პრეზიდენტმა ბუშმა წარმოთქვა 5 ივნისს პრაღაში, სადაც ის, ჩეხეთის რესპუბლიკის ხელისუფლებასთან ერთად, ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტის – რადარის – განთავსების გეგმას განიხილავდა. მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა "ვლადიმირს" ანტისარაკეტო თავდაცვის გეგმაზე თანამშრომლობა შესთავაზა (გეგმაზე, რომელიც რუსეთმა არაერთხელ დაგმო, თანაც - სასტიკად), რამდენიმე საათში პრეზიდენტმა ბუშმა იმავე "ვლადიმირის" რუსეთს წკეპლა გადაჰკრა და დემოკრატიის განვითარება დაუწუნა. ესეც პრაღაში მოხდა, მაშინ, როცა ის დემოკრატიისა და უსაფრთხოების მხარდამჭერ კონფერენციაზე სიტყვით გამოდიოდა.

ამერიკისკენ მიმართული რიტორიკა ბოლო დღეებში პრეზიდენტმა პუტინმაც გააბასრა. "დიდი რვიანის" ქვეყნების წარმომადგენელ ჟურნალისტებს მან გადაჭრით უთხრა, რომ "საერთაშორისო უსაფრთხოების სტრუქტურაში" ცვლილებებისთვის პასუხისმგებლობა ერთმნიშვნელოვნად მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს ეკისრება, რადგანაც სწორედ ამერიკა ცდილობს ევროპაში განათავსოს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა. ხსენებული სისტემა პუტინისთვის თავდაცვასთან არ ასოცირდება. პირიქით, მოსკოვი ფიქრობს, რომ ამერიკის გეგმა სწორედ მის წინააღმდეგ არის მიმართული. ვაშინგტონი კი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა ისეთი ქვეყნების შესაძლო საჰაერო თავდასხმის მოსაგერიებლად არის აუცილებელი, როგორიც არის, მაგალითად – ირანი.

"დიდი რვიანის" სამიტის მასპინძელი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და დასძენს, რომ ის "ყველასგან მხოლოდ კონსტრუქციულ დიალოგს მოელის და არა - ობსტრუქციულ დამოკიდებულებას."

”დიდი რვიანის” სამიტის პირველმა დღემ ანტიგლობალისტების საპროტესტო გამოსვლების ფონზე ჩაიარა. ათასობით დემონსტრანტმა აეროპორტთან დამაკავშირებელი გზა გადაკეტა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ვრცელდება ცნობა სამართალდამცავების დაშავების შესახებ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG