Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა


გასული კვირა ქართულ პრესაში საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტთა შეხვედრის შედეგების ანალიზით დაიწყო.

ორშაბათს გაზეთი ,,მთელი კვირა” წერდა: ,,პროვოკაციები რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის წინ” - ეს სტატიის სათაური გახლავთ, პუბლიკაციაში კი ვკითხულობთ: ,,სააკაშვილი-პუტინის შეხვედრას წინ უძღოდა მთელ საქართველოში დენის გათიშვა და ინციდენტი ცხინვალის რეგიონში, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.” გაზეთი,, 24 საათი” კი ამ შეხვედრის შესახებ წერდა: ,,საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტებმა დაადასტურეს, რომ, ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის მიუხედავად, ცივილიზებული დიალოგისთვის მზად არიან. ... ჯერჯერობით ეს არის ერთადერთი აშკარა და თვალშისაცემი შედეგი მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრისა.”

საქართველოს პრეზიდენტის რუსეთში ვიზიტის ანალიზი ბევრ პუბლიკაციაში გაგრძელდა, თუმცა უკვე რამდენიმე დღის შემდეგ ეს თემა ქართულ გაზეთებში მიხეილ სააკაშვილისა და ნიკოლა სარკოზის შეხვედრამ გადაფარა. ,,ფრანგული დიახ” - ამ სათაურით გამოქვეყნდა ხუთშაბათს გაზეთ ”24 საათში” სტატია, რომელსაც ასეთი ქვესათაური აქვს: ,,ფანტასტიკური შეხვედრა და სარკოზის სრული მხარდაჭერა.” საქართველოს პეზიდენტის საფრანგეთში ვიზიტს მოჰყვა საუბარი იმაზეც, რომ საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა იწყება. შაბათს გაზეთი ”24 საათი” აქვეყნებს პუბლიკაციას ,,საფრთხე და დამოუკიდებლობა - ატომური სადგურის ორი მხარე”. გაზეთის დღის შეკითხვა ასეთია: ,,უნდა აშენდეს თუ არა საქართველოში ატომური ელექტროსადგური?” ამ კითხვაზე შაბათს თავიანთ პოზიტიურ თუ უარყოფით დამოკიდებულებას ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები გამოხატავენ.

კვირის დასაწყისშივე გამოჩნდა რამდენიმე პუბლიკაცია, რომლებიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზების გამოძიებას ეხებოდა. ”მთელი კვირის” შეკითხვას - ”რატომ დააწინაურეს ზურაბ ჟვანიას დაცვის თანამშრომლები?” - ზურაბ ჟვანიას ძმა გოგა ჟვანია ასე უპასუხებს: ”ეტყობა, რაღაცა დაუფასეს”, ძმის სიკვდილის მიზეზს კი ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე პრივატიზაციას უკავშირებს.
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას ეხება ”კვირის პალიტრაც” სახელმწიფო მინისტრ გიორგი ბარამიძესთან ინტერვიუში. გია ბარამიძე აცხადებს: ”არ შემიძლია კომენტარი გავაკეთო ზურას ოჯახის წევრების ნათქვამზე, რომელიც ხშირად პოლიტიკური განცხადების სახეს იღებს. ჩვენ ყველა ზურას გულშემატკივრები და ჭირისუფლები ვართ. ძმას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება. სანამ გამოძიება მიდის, ნაადრევია გადაჭრით რაიმეს თქმა.”

გაზეთი ”ასავალ-დასავალი” კი მკითხველს გოგა ხაინდრავას მიერ ზურაბ ჟვანიაზე გადაღებულ ახალ სრულმეტრაჟიან ფილმზე უამბობს.

გასულ კვირას საქართველოს პარლამენტში „საბჭოთა კავშირის მიერ მე-20 საუკუნის 40-იან წლებში საქართველოდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ კანონპროექტის” განხილვა დაიწყო და ქართული პრესა ფართოდ აშუქებდა მაჰმადიანი მესხების სამშობლოში დაბრუნების პრობლემას.
გაზეთი ,,ახალი 7 დღე” იმ დებატების შესახებ მოუთხრობს მკითხველს, რომელიც პარლამენტში ამ კანონპროექტის განხილვამ გამოიწვია.,,მოღალატეობრივი” - ასე აფასებენ კონსერვატორი პარლამენტარები კანონპროექტს, რომელიც პარლამენტში ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატების” სახელით შევიდა”, - წერს გაზეთი ,,ახალი 7 დღე”.

პარასკევის ”24 საათში” კი ვკითხულობთ: ”... შიდა კონფლიქტური კერების არსებობა, უამრავი დევნილი კონფლიქტური ზონებიდან, ახალწამოწყებული რესტიტუციის კამპანია სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ოსებისა და ქართველებისთვის. ამ პრობლემების მოგვარებას დრო და სახსრები სჭირდება, რის გამოც მესხების პრობლემის მოგვარება დათქმულ ვადაში - 2011 წლამდე - შეუძლებელი იქნება. გარდა ამისა, ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველო არ არის პოლიტიკურად პასუხისმგებელი მაჰმადიანი მესხების გასახლების აქციაზე - ის საბჭოთა კავშირმა განახორციელა, რომლის სამართალმემკვიდრე რუსეთის ფედერაცია პრობლემის მოგვარებაში საერთოდ არ მონაწილეობს.”

გაზეთ ”ახალ თაობაში” ექსპერტ მამუკა არეშიძისა და სახალხო პარტიის ლიდერ მამუკა გიორგაძის თვალსაზრისს ვეცნობით ამ პრობლემაზე. მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ დაბრუნების პროცესი უნდა დაიწყოს, მაგრამ ძალიან ფრთხილად; მამუკა გიორგაძის აზრით კი, გასულ საუკუნეში სამხრეთ საქართველოდან დეპორტირებულთა რეპატრიაცია საქართველოს ინტერესში არ შედის.

კვირის ბოლოსთვის კონფლიქტური რეგიონების თემა კვლავ ახალი სიმწვავით გააქტიურდა. ,,ცხინვალის რეგიონში ისევ დენთის სუნი ტრიალებს” - ასეთი სათაურით აქვეყნებს პუბლიკაციას შაბათს გაზეთი ”რეზონანსი”. სტატიაში განხილულია სოფელ ავნევში გზის მშენებლობასთან დაკავშირებით ქართულ და ოსურ მხარეებს შორის დაძაბულობის მიზეზები და არსებული მდგომარეობა. სტატიაში ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს, რომ სიტუაცია მეტად დაძაბულია და ,,საბედისწერო ტყვია შეიძლება ყოველ წუთას გავარდეს”.

შაბათის ”ალია” კი რუსეთის სამხედრო პოლიტიკურ გამოცემა ,,ვოენნო- პრომიშლენნი კურიერში” გამოქვეყნებულ სტატიას მიმოიხილავს, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება იმის გამო, რომ ,,სავარაუდოდ, საქართველოს ხელისუფლება ცხინვალზე იურისდიქციის აღდგენას ამ ზაფხულსვე აპირებს.”
XS
SM
MD
LG