Accessibility links

logo-print

გასული კულტურული კვირის


გასული კულტურული კვირის

მთავარ მოვლენად, ალბათ, მაინც ლიტერატურული კონკურსის ”საბას” ნომინანტთა დაჯილდოების ცერემონია უნდა ვაღიაროთ, ის ცერემონია, რომელიც ერთხელ უამინდობის გამო ჩაიშალა და რომელიც ამჯერად დახურულ სივრცეში მოეწყო... თავად ცერემონიის სტილი სიახლით არ გამოირჩეოდა, ამიტომ 2007 წლის ”საბა” კულტურული მოვლენა მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ საშუალება მოგვცა გაგვეგო, ვინ ქმნის მოდას თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. ცხადია, მკითხველს შეუძლია არ დაეთანხმოს ჟიურის გადაწყვეტილებას და მიიჩნიოს, რომ აკა მორჩილაძის წიგნი ლაშა ბუღაძის ”ოქროს ხანაზე” უკეთესია, ანდრო ბუაჩიძე კი უფრო საინტერესო კრიტიკოსია, ვიდრე მალხაზ ხარბედია. ასეთი მკითხველი საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა ”საბას” ნომინანტთა დაჯილდოვებაზე, რომელიც ანა კორძაია-სამადაშვილმა და რატი ამაღლობელმა (ჟიურის წევრებმა) წაიყვანეს. მაგრამ კონკურსი კონკურსია და ჩვენ ისღა დაგვრჩენია ჩამოვთვალოთ გამარჯვებულების სახელები: ლაშა ბუღაძე (საუკეთესო რომანისთვის), ლაშა იმედაშვილი (საუკეთესო პროზაული კრებული), შოთა იათაშვილი (საუკეთესო პოეტური კრებული), ბაჩანა ბრეგვაძე (საუკეთესო თარგმანი), ქეთი ქანთარია (საუკეთესო დებიუტი), მალხაზ ხარბედია ( საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა). პრიზი საუკეთესო პიესისთვის არ გაიცა. ჟიურიმ აღიარა, რომ ქართულ დრამატურგიაში კრიზისია - პიესები იწერება, ზოგიერთი ”საბაზეც” იყო წარმოდგენილი, მაგრამ წლის მთავარ ლიტერატურულ ჯილდოს არავინ იმსახურებს.

მოკლედ, ”საბა”, რომელიც ოდესღაც მამადავითის მთაზე ამერიკული ”ოსკარის” მიბაძვით ტარდებოდა (გამარჯვებულებს ხანგრძლივად უხდებოდათ კიბეზე ასვლა, რათა ორკესტრს რომელიმე მუსიკალური შლაგერი დაესრულებინა), წელს საქმიან ვითარებაში ჩატარდა და, ცოტა არ იყოს, გაუტეხა გული შოუს მოყვარულებს. მით უმეტეს, რომ წელს, ივნისში, როცა დედაქალაქში, ტარდიციულად, კულტურული ცხოვრების ბუმია, დიდი შოუ ვერა და ვერ ეწყობა... არა, შოუ ამ კვირაში აუცილებლად იქნება, თანაც როგორი შოუ: “ისტერპრომოუშენი” და ”კოკაკოლა” თბილისში მორიგ ჯაზ-ფესტივალს ატარებენ... მაგრამ ჯო კოკერი ტოტო კუტუნიო არ არის, მუქთად რომ უმღეროს თბილისელებს თავისუფლების მოედანზე. გაჭირვებით ნამდვილად არ უჭირს - კოლორადოს შტატში, კრაუფორდში, კოკერი უზარმაზარ ქონებას ფლობს. მიუხედავად ამისა, მდიდარი მუსიკოსის კონცერტზე მოხვედრა თბილისში საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა - ბილეთის ფასი 80 ლარიდან 300 ლარამდე მერყეობს.

წელს ”ისტერპრომოუშენმა”, როგორც ჩანს, სხვა ქართულ მუსიკალურ ფესტივალებს მიბაძა და, მეტისმეტი ელიტარულობის თავიდან ასაცილებლად, უფრო ”დემოკრატიული” ღონისძიებების მოწყობა განიზრახა - ჩატარდა ჯაზის ამსახველი პლაკატების გამოფენა, იგეგმება ლექციების ციკლი ”ჯაზი ახალგაზრდებისთვის”... ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ კოკერი ხომ არ იმღერებს ამ ფესტივალზე: ჩატარდება კონცერტები, რომელზე დასწრებაც უფრო იაფია - დაუკრავს ქართული ჯაზ-ტრიო, დაუკრავს თანამედროვეობის უდიდესი ორღანისტი ჯოი დეფრანჩესკო

[ჯოი დეფრანჩესკო]

ჯოი დეფრანჩესკო ჯაზის ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელია, რომელიც აპრილში 36 წლის გახდა. 16 წლის იყო, როცა მაილს დევისმა შეამჩნია (აქ, ალბათ, იმანაც ითამაშა მნიშვნელოვანი როლი, რომ მამაც და პაპაც ცნობილი მუსიკოსები იყვნენ, ისინიც ორღანზე უკრავდნენ) - იგი თავის ორ დისკზე ჩაწერა და გასტროლებზე წაიყვანა... ამის შემდეგ დამოუკიდებლად წერს ალბომებს, რომელთაგანაც ერთი 2003 წელს ”გრემის” ნომინაციაზეც იყო წარდგენილი. ჯოი დეფრანჩესკო თბილისში 22 და 23 ივნისს გამართავს კონცერტს ”ჯაზი ძველ თბილისში” - მის კონცერტზე ბილეთის მაქსიმალური ფასი 80 ლარია.

[ჯოი დეფრანჩესკო]

მაგრამ თბილისის წლევანდელი ჯაზ-ფესტივალის მთავარი მოვლენა მაინც ჯო კოკერი იქნება. ალბათ, არ არსებობს მელომანი, კოკერის რომელიმე ალბომი რომ არ ჰქონდეს თავის ფონოტეკაში. იგი, შეიძლება ითქვას, ჭეშმარიტად ”სახალხო არტისტია” - პათეტიკური და რომანტიკული...მართალია, ხმა ისეთი აღარა აქვს, როგორიც ადრე ჰქონდა, მაგრამ ხმის ”ფლობის” უნარი არ დაუკარგავს და ისევე კარგად შეუძლია შექმნას ატმოსფერო, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი გაქვთ საშუალება, როგორმე უნდა მოხვდეთ მის კონცერტზე 20 ივნისს ფილარმონიაში. თავს იმით ნუ დაიმშვიდებთ, რომ ყოველთვის შეგიძლიათ მოუსმინოთ კოკერს დისკზე - ლეგენდარული მომღერალი, რომელიც აი, უკვე თითქმის 40 წელია აჯადოებს თაყვანისმცემლებს, თბილისის ჯაზ-ფესტივალზე დიდ შოუს გვპირდება.

[ჯო კოკერი]

60-იანი წლების დასაწყისში კოკერი ლონდონში თავის ანსამბლთან ერთად ჯერ მხოლოდ ბარებში უკრავდა - ვანს არნოლდის ფსევდონიმით, ძირითადად, რეი ჩარლზის სიმღერებს ასრულებდა. სხვათა შორის, სწორედ ”ინგლისელი რეი ჩარლზი” შეარქვეს საფრანგეთში, სადაც 60-იანი წლების მეორე ნახევარში კოკერმა წარმატებული ტურნე გამართა. 68 წელს იგი უკვე ვარსკვლავი იყო. თუმცა მსოფლიოში სახელი გაითქვა მხოლოდ შეერთებულ შტატებში ედ სალივანის სატელევიზიო შოუში მონაწილეობის შემდეგ - ამერიკა აღფრთოვანდა კოკერის ჩახლეჩილი ხმითა და შესრულების ექსპრესიული მანერით. ამერიკულმა ჟურნალმა ”ლაიფმა” ასე დაახასიათა: ”მას აქვს იმ ხეიბრების ხმა, ტანჯვით რომ ცდილობენ გაიგნონ გზა ჩვენს ტროტუარებზე... მარტოხელა ადამიანების ხმა”. თუმცა ტროტუარებზე კოკერს არასდროს უმღერია - მას უფრო დიდი მოედნები ხიბლავდა; ვუდსტოკის ფესტივალზე გამოსვლამ იგი უკვე დიდი ვარსკვლავი გახადა.

[ჯო კოკერი]

ბლიუზ-როკი და სოფტ-როკი. ამ სტილმა კოკერს ჯერ კიდევ 1970 წელს 3 მილიონი ამერიკული დოლარის მოგება მოუტანა. იმხანად ”პლეიბოიმ” იგი ”ნომერ პირველ ვოკალისტად” დაასახელა. წარმატებასთან ერთად კოკერს პრობლემებიც ჰქონდა - ნარკოტიკებს და ალკოჰოლს მიეძალა. თუმცა 90-იან წლებში ეს პრობლემებიც გადალახა და დაიბრუნა პოპულარობა - იგი მღერის ვუდსტოკის საიუბილეო კონცერტზე, უმღერის ინგლისის დედოფალს, ნელსონ მანდელას, ჯორჯ ბუშს და ახლა თბილისში აპირებს სიმღერას თავისი ჩახლეჩილი ხმით.

მოგეხსენებათ, რომ კოკერმა სხვისი სიმღერების ინტერპრეტაციით, ეგრეთ წოდებული ”ქავერ ვერსიებით” გაითქვა სახელი. ტრადიციას მან არც ახალ ალბომში უღალატა - დისკი, რომელსაც კოკერი თბილისში წარმოადგენს, კლასიკური ”სოულ როკის” ანთოლოგიაა. კოკერი ახალ ალბომში, თავისი სიმღერების გარდა, კოლეგების ჰიტებსაც მღერის - სტივი ვანდერის, ბობ დილანის, ჯონ ფოგერტის, ჯორჯ ჰარისონის ჰიტებს.

”სცენაზე ვიქნები, სანამ მსმენელის აღგზნებას შევძლებ ჩემს კონცერტებზე... როცა ვერ შევძლებ - წავალ”... აღნიშნა ამას წინათ ჯო კოკერმა... თბილისელი პუბლიკის ”აღგზნება” მუსიკოსს გარანტირებული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მუსიკის დიდ სამყაროში ჯო კოკერს ქართველი თაყვანისმცემლები მაინც დატოვებენ.

[ჯო კოკერი. ჰიმნი]
XS
SM
MD
LG