Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო ”პატიმრობის შესახებ კანონში” შესატანი ცვლილებები


ცვლილებები, რომლებიც „პატიმრობის შესახებ კანონში“, მეორე მოსმენით, საქართველოს პარლამენტში 19 ივნისს გამართული კენჭისყრის შემდეგ შევიდა,

ოპოზიციონერი დეპუტატებისა და ადამიანის უფლებადამცველების გულისწყრომას იწვევს. წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, მსჯავრდებულები, რომლებიც ციხის შინაგანაწესს დაარღვევენ, არ დაემორჩილებიან ციხის თანამშრომლის მოთხოვნას ან შეურაცხყოფას მიაყენებენ ადმინისტრაციის წარმომადგენელს, დაექვემდებარებიან დამატებით სასჯელს - „ადმინისტრაციულ პატიმრობას“. ოპოზიციურმა საპარლამენტო ფრაქციებმა ამ ცვლილების ალტერნატიული კანონპროექტი მოამზადეს, თუმცა პარლამენტმა მხარი მაინც მთავრობის მიერ მომზადებულ ცვლილებებს დაუჭირა.

კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების შემდეგ მასში მხოლოდ რედაქციული შესწორებების შეტანაა შესაძლებელი. შესაბამისად, შინაარსობრივად უცვლელი დარჩება 19 ივნისს მეორე მოსმენით მიღებული პროექტი პატიმრობის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ. ამ ცვლილებების მიხედვით კი, თუ ციხის დირექტორი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულმა დაარღვია შინაგანაწესი, უფლებამოსილია გამოსცეს განკარგულება ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ, რომელიც მოგვიანებით სასამართლოში უნდა გადაიგზავნოს. ადმინისტრაციული პატიმრობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთი წლის მანძილზე 90 დღეს, რაც, კანონპროექტის ავტორების აზრით, ციხის ადმინისტრაციას სასჯელის სუბიექტურად ან ბოროტად გამოყენების საშუალებას არ მისცემს. მიუხედავად ამისა, ოპოზიცია მაინც უკმაყოფილოა. ოპოზიციური ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” წარმომადგენლის ივლიანე ხაინდრავას განცხადებით:

[ივლიანე ხაინდრავას ხმა] ”ეს არის კანონი უკანონო პატიმრობის შესახებ. რომლის ძალითაც 4 წელმისჯილმა პატიმარმა შეიძლება ციხეში გაატაროს 5 წელი. იგი ეწინააღმდეგება ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციას...”

კიდევ ერთი ოპოზიციური ფრაქციის, ”ახალი მემარჯვენეების”, ლიდერმა, დავით გამყრელიძემ, კანონპროექტის საწინააღმდეგო არგუმენტად სასამართლოსადმი უნდობლობა მოიყვანა:

[დავით გამყრელიძის ხმა] ”იმაზე საუბარი, რომ სასამართლო ამას განსჯის, ყველა ხვდებით, რომ 99 პროცენტში იგი დაკმაყოფილდება. ეს მეტყველებს იმაზე, რომ სასწაული ძალაუფლებით მოგვევლინება ადმინისტრაცია. ჩვენ ამას მხარს არ დავუჭერთ.”(სტილი დაცულია)

კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა ”დემოკრატიული ფრონტიდან”, კახა კუკავამ, პარლამენტს ალტერნატიული კანონპროექტი შესთავაზა:

[კახა კუკავას ხმა] ”იმ რედაქციაში, რომელიც ახლა არის შემოთავაზებული, ზოგადად წერია, რომ პატიმრები შეიძლება გადაყვანილი იყვნენ კარცერში ნებისმიერი სახის შინაგანაწესის დარღვევისათვის, რაც, დამეთანხმებით, რომ ძალიან ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს ადმინისტრაციას. და ეს ადმინისტრაცია არ არის ნამდვილად ნდობის ისეთი მანდატით აღჭურვილი, რომ ჩვენ არ გვქონდეს კითხვები მის მიმართ. ჩვენ მიერ შემოთავაზებულ რედაქციაში მითითებული არის, რომ ეს შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ქმედება...”(სტილი დაცულია)

კახა კუკავას ალტერნატიულ პროექტში კონკრეტულად იყო ჩამოთვლილი ადმინისტრაციული პატიმრობის გამომწვევი დარღვევები, თუმცა უმრავლესობამ ის მაინც არ გაიზიარა და თუ რატომ, მმართველი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას, განცხადებიდან შეიტყობთ:

[გიგა ბოკერიას ხმა] ”ჩვენ შევისწავლეთ მსოფლიო პრაქტიკა და ყველგან ყველა ვითარების ამომწურავი ჩანაწერის გაკეთება არის შეუძლებელი და პრაქტიკამ უნდა დაადგინოს, რასთან გვექნება საქმე. ეს ინსტრუმენტი არის საჭირო იმისთვის, რომ თუ ვინმეს მართლა ადამიანის უფლებები აწუხებს და უნდა, რომ არ წახალისდეს არალეგიტიმური მეთოდები არადისციპლინირებულ პატიმრებთან ბრძოლისა, შეიქმნას სწორედ ის ვითარება, როდესაც ყველა პატიმარს ეცოდინება, რომ არადისციპლინირებული სასჯელი იქნება დასჯილი და, პირიქით, დისციპლინირებული იქნება წახალისებული. მეორეს მხრივ, ადმინისტრაციას ეცოდინება, რომ მას აქვს ლეგიტიმური ინსტრუმენტები იმისთვის, რომ პასუხი გასცეს დარღვევაზე.”(სტილი დაცულია)

ადამიანის უფლებადამცველები კი ირწმუნებიან, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი პატიმართა ადმინისტრაციული სასჯელის შესახებ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციას ეწინააღმდეგება. შესაბამისად, ამ კანონით გამოტანილი ნებისმიერი სასჯელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაჩივრდება, რაც საქართველოს ხელისუფლების დამარცხებით დამთავრდებაო, - ვარაუდობენ ადამიანის უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები.
XS
SM
MD
LG