Accessibility links

logo-print

რუსეთის პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი დღეს ბაქოში გახსნილი სუამის სამიტი რუსეთის პრესის დიდ ინტერესს იწვევს.

დღევანდელი გაზეთ ”კომერსანტის” ცნობით, ბაქოს შეხვედრა ყველაზე წარმომადგენლობითია - მასში მონაწილეობენ პოლონეთის, რუმინეთისა და ლიტვის პრეზიდენტები - მთლიანობაში, შეხვედრაში მონაწილეობისთვის 30 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის დელეგაცია იყო მიწვეული. ამავე დროს, სამიტი ამ რეგიონალური გაერთიანების ერთ-ერთი წევრი ქვეყნის, მოლდოვას, პრეზიდენტის გარეშე ჩატარდა - ვლადიმირ ვორონინი ლუქსემბურგსა და ბრიუსელში მართავს შეხვედრებს. რა პროგნოზს აკეთებს რუსეთის მედია სუამის მომავლის შესახებ? - რუსეთის პრესის რამდენიმე პუბლიკაციას გაგაცნობთ.


19 ივნისის გაზეთ ”კომერსანტის” ვარაუდით, გამორიცხული არ არის, სუამს მოლდოვა გამოაკლდეს, ამ ორგანიზაციის კიდევ ერთი წევრის, უზბეკეთის, მსგავსად. გაზეთს შემთხვევითად არ მიაჩნია ის ფაქტი, რომ მოლდოვის პრეზიდენტმა ვლადიმირ ვორონინმა სპეციალურად დაამთხვია თავისი ვიზიტი ევროკავშირის ქვეყნებში სუამის სამიტს - საქმე ის გახლავთ, რომ 22 ივნისს მოლდოვის პრეზიდენტი მოსკოვში ვლადიმირ პუტინს ხვდება.”წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრისას განხილული იქნება დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესი და მოლდოვა-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების თემა. კიშინიოვი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ მოლდოვური ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების საკითხი დადებითად გადაწყდება”, - წერს ”კომერსანტი”, რომლის აზრითაც, მოლდოვეთის პრეზიდენტმა პოლიტიკური ლავირების კარგი მაგალითი უჩვენა: ერთი მხრივ, არ გააღიზიანა რუსეთი, რომელიც დაარსების დღიდან სუამს პროამერიკულ ორგანიზაციად თვლის; მეორე მხრივ, არ გააღიზიანა არც სუამის წევრი სახელმწიფოები, რადგან სამიტზე ჩაუსვლელობის კარგი მიზეზი გამონახა - ნატოსა და ევროკავშირის მაღალი დონის წარმომადგენლებთან შეხვედრა.
რაც შეეხება თავად სუამის სამიტის მიმდინარეობას, ინტერნეტგამოცემა ”ნიუსრუს” ინფორმაციით, სამიტზე გადაწყდა სუამის სამშვიდობო ძალების შექმნის საკითხი და, ბუნებრივია, ენერგეტიკული პრობლემები. ამ თვალსაზრისით, უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ დიდი აბრეშუმის გზის აღორძინების იდეა წამოაყენა - მისი განცხადებით, კასპიის ზღვიდან ნავთობის ევროპაში ექსპორტი სწორედ სუამის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიის გავლით უნდა ხდებოდეს.
კიდევ ერთ - საქართველოსთვის მნიშვნელოვან - თემას ეხება 18 ივნისის გაზეთი ”იზვესტია” - საუბარია ქართული ღვინისა და მინერალური წყლის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შესაძლებლობაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მაქსიმ მედვედკოვის განცხადებით, - შეგახსენებთ, სწორედ ის აწაროებდა საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებას რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების თემაზე, - რუსეთი უკვე დღეს არის მზად, საქართველოსთან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ნორმებით და რეჟიმით ივაჭროს. მისი განმარტებით, რუსეთის ვეტერინარულ და სანიტარულ სამსახურებს უფლება აქვთ, კითხვები დასვან და მათზე პასუხი მიიღონ. რუსეთში გასაყიდად შემოსული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანაში არსებულ ნორმებს, - განაცხადა რუსმა ჩინოვნიკმა მინერალურ წყალ ”ბორჯომზე” საუბრისას.
და კიდევ ერთი ცნობა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების შესახებ: 19 ივნისის გაზეთ ”ვრემია ნოვოსტეის” ცნობით, დღეს აშშ-ში გაემგზავრა რუსეთის დუმის დელეგაცია, რომელიც საპარლამენტო დებატებს გამართავს კონგრესის წევრებთან. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, დეპუტატ ალესეი ლიხაჩოვის ცნობით, დებატებისას საუბარი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასაც შეეხება. რუსი დეპუტატის აზრით, ვაშინგტონის პოზიცია დაარწმუნებს თბილისს, დათანხმდეს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე.
XS
SM
MD
LG