Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


საქართველო-რუსეთის ურთიერთობა, კონფლიქტები, მაჰმადიანი მესხების რეპატრიაცია - ეს თემები დღესაც ქართული პრესის ყურადღების ცენტრშია.

”24 საათის” ჩანართში ”აფხაზეთი” ქვეყნდება ინტერვიუ მოსკოვის კარნეგის ცენტრის ექსპერტ ანდრეი რიაბოვთან, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია რეალური პერსპექტივაა. ამ პროცესთან რუსეთის დამოკიდებულებაზე კი დასძენს: ”შეიძლება რუსეთში არაპატრიოტობაში დამდონ ბრალი, მაგრამ რუსეთის შესაძლებლობებს ხელის შეშლის მხრივ ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ. რეალურად, მას საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ხელის შეშლა არ შეუძლია, თუმცა მცდელობები იქნება. ესეც იმიტომ, რომ საქართველოს ნატოში შესვლით სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების კონცეფციის შექმნის 150 წლიანი ძალისხმევა რუსეთს წყალში ეყრება. მოსკოვში ნატო აღიქმება როგორც პოტენციური საფრთხე.” საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარების შესაძლებლობაზე მსჯელობისას კი ანდრეი რიაბოვი არსებითად ”ნაომარი თაობის” ახლით შეცვლას მიიჩნევს.

ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრება ”ალია” ”საქართველოს გზის” ლიდერ სალომე ზურაბიშვილს. შეკითხვაზე, ”ვინ უნდა ჩამოიშოროს პრეზიდენტმა, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეთ?”, ის პასუხობს; ”ამ ხელისუფლებამ ხვალვე რომ გააორმაგოს ხელფასები და პენსიები, მაინც მიუღებელი იქნება, იმიტომ რომ ჩემთვის მთავარია ის, რომ დღეს საქართველოს არაფერი არა აქვს თავის ხელში - არც ეკონომიკა, არც საბაჟო პოლიტიკა, რომ დაიცვას შიდა პროდუქცია, ის მაინც, რისი წარმოებაც შეიძლება საქართველოში. არც პრივატიზაცია არ მიდის საქართველოს მოსახლეობისთვის, ყველაფერს ყიდიან. ქვეყანაში არ შემოდიან ევროპელი მცირე და საშუალო მეწარმეები, მაშინ როცა ევროკავშირში შესვლამდე რუმინეთში მარტო იტალიიდან 11 ათასი მეწარმე შევიდა. ჩვენთან არ შემოდიან ისევ და ისევ არასტაბილური ეკონომიკური სიტუაციის გამო, რადგან მათ ზურგს არ უმაგრებენ მთავრობები. ამიტომ მათ ნაცვლად შემოდის ყაზახეთი, თურქეთი, შემოდიან შეიხები...”, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი, რომელთან ინტერვიუსაც ”ალია” აქვეყნებს.

დღევანდელ პრესაში შუქდება მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის საკითხიც. ”საქართველოს რესპუბლიკა” აქვეყნებს წერილს, სათაურით ”მესხეთი მესხთა სამშობლოა და არა - თურქების”. ავტორი წერს: ”ტერმინი თურქი მესხები უაზრობაა. მესხი მესხია. ის ვერასგზის ვერ იქნება თურქი. მესხეთელი თურქი კი მესხეთში მცხოვრებ თურქს ნიშნავს, ხოლო თურქის სამშობლო მესხეთი არასდროს ყოფილა და არც არის. ამიტომ ასე უნდა ითქვას: არიან ქართველთა ერთ-ერთი უძველესი ტომის, მესხების, გამაჰმადიანებული შთამომავლები და არიან თურქების მიერ მესხეთში ჩასახლებული თურქები. მათი გარჩევა აუცილებელია და სწორედ ამას მოითხოვს ოპოზიცია, ექსპერტთა უმრავლესობა”, - წერს ”საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნებული პუბლიკაციის ავტორი.

ამავე თემაზე ”ახალი თაობა” მოქალაქეთა მოსაზრებებს სთავაზობს მკითხველს. ერთ-ერთი გამოკითხული ფიქრობს, რომ კანონპროექტში არის ისეთი მექანიზმი, რომელიც ბევრს ჩაუქრობს საქართველოში გადმოსახლების ენთუზიაზმს. მეორე მოქალაქე კი ამბობს: ”იმ ადამიანებში არის მართლა თურქი და არის მესხი. ამდენად, ეს ორი შტო ერთმანეთისგან გასარჩევია, რაც მეტად საფრთხილო საქმეა. სხვა საკითხია, თუ სად უნდა ჩაასახლონ ისინი. მე ერთ რამეში ღრმად ვარ დარწმუნებული, ისინი სადაც არ უნდა ჩაასახლონ (კახეთი იქნება თუ იმერეთი), მაინც იქითკენ აიღებენ გეზს, სადაც ის ალვის ხეები ეგულებათ, ანუ სადაც მათი ეზო-კარმიდამო იყო. ამ შემთხვევაში მესხეთში შეიძლება შეტაკებებიც კი დაიწყოს.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG