Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთი მეფე ზაჰირ შაჰის გარდაცვალებას გლოვობს


ავღანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა ქვეყნის ყოფილი




მონარქის, 92 წლის მოჰამად ზაჰირ შაჰის, გარდაცვალების გამო. ყოფილი მეფის ცხოვრება დაემთხვა თანამედროვე ავღანეთის ყველაზე უფრო შფოთიან პერიოდს, რომელიც საბჭოთა ინტერვენციას, დაჯგუფებებს შორის ბრძოლასა და ფუნდამენტალისტ თალიბთა მმართველობას მოიცავდა. სიცოცხლის ბოლოს ზაჰირ შაჰს შესაძლებლობა მიეცა დაბრუნებულიყო ავღანეთში, მაგრამ არა როგორც მეფე, არამედ როგორც “ერის მამა”, რათა დახმარებოდა თავის ქვეყანას დემოკრატიის მშენებლობაში.

ავღანეთის ყოფილი მეფე მოჰამად ზაჰირ შაჰი კვირას გარდაიცვალა. “ერის მამის” დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ 23 ივლისს გაკეთებულ მიმართვაში:

[ჰამიდ კარზაის ხმა] “ერის მამის” გარდაცვალების გამო მე ვაცხადებ სამდღიან ეროვნულ გლოვას. ავღანეთის დროშა დაეშვება და მთელი ქვეყნის მასშტაბით აღევლინება ღვთისმსახურება.”

მოჰამად ზაჰირ შაჰი ავღანეთს 1933-დან 1973 წლამდე მართავდა. მონარქი ტახტს 1973 წლის სისხლიანი გადატრილების შემდეგ ჩამოშორდა. გადატრიალებას მისი ბიძაშვილი, მემარცხენე ორიენტაციის დაუდ ხანი ხელმძღვანელობდა. დამხობილი ზაჰირ შაჰი ოჯახთან ერთად იტალიაში გაიქცა, ავღანეთს კი ძალაუფლებისთვის ბრძოლის ტალღამ გადაუარა. ზაჰირ შაჰი სამშობლოში 2002 წლის აპრილში, თალიბთა რეჟიმის დამხობიდან ერთი თვის შემდეგ, დაბრუნდა. მალე ყოფილ მონარქს წილად ხვდა გაეხსნა ავღანეთის პოსტტალიბური სახალხო კრება “ლოია ჯიგრა” და ხალხისთვის ეცნობებინა თავისი დაბრუნების მთავარი მიზანი:

[ზაჰირ შაჰის ხმა] “მე არ ვემხრობი მონარქიის აღდგენას და მსურს ჩემი სამსახური ავღანეთის მრავალტანჯულ ხალხს მივუძღვნა. პირობას ვდებ, რომ როგორიც არ უნდა იყოს ჩემი მდგომარეობა, ხელს შევუწყობ ეროვნულ გამთლიანებას ისლამურ რელიგიაზე დაფუძნებული დემოკრატიული მმართველობის აღორძინების გზით.”

ყოფილი მეფის ბიოგრაფის ვორიზ სტანიკზაის ვარაუდით, ზაჰირ შაჰის სიკვდილმა, შესაძლოა, გაართულოს ვითარება ქვეყანაში, რომელმაც, 1973 წლიდან დაწყებული შიდა დაპირისპირების შემდეგ, მხოლოდ ოდნავ ამოისუნთქა:

[ვორიზ სტანიკზაის ხმა] “ჩემი აზრით, მთელი ხალხი იყო მისით კმაყოფილი. ყველა კლანი ანგარიშს უწევდა მას და თავისებური იმედი ჰქონდა. მისი ყოფნა ქაბულში ძალინ მნიშვნელოვანი იყო სამშვიდობო პროცესისათვის. კარზაი სწორედ იმიტომ გახდა პრეზიდენტი, რომ მისი მხარდაჭერა ჰქონდა. მის სიკვდილს უარყოფითი გავლენა ექნება პოლიტიკურ ვითარებაზე ავღანეთში და მე ვშიშობ, რომ მისი სიკვდილის შემდეგ აქ, შესაძლოა, ქაოსი დაიწყოს. მე შეშფოთებული ვარ ამის გამო.”

ზაჰირ შაჰის 40 წლიან მმართველობას ავღანეთში ბევრი “ოქროს ხანას” უწოდებდა. თუმცა იყვნენ მოწინააღმდეგეებიც, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მონარქის ფუნქციითა და ძალაუფლებით მისი აღდგენა შიდა დაპირიპირებას გამოიწვევდა. ამის გამო ავღანეთის დროებითმა ადმინისტრაციამ ზაჰირ შაჰს “ერის მამის” ტიტული მისცა და საცერემონიო ფუნქციებით აღჭურვა, რათა უხმაუროდ გამოეყენებინა საკუთარი გავლენა სხვადასხვა დაჯგუფების ლიდერთა შემოსარიგებლად. ამ მისიას ხანდაზმული და მძიმე სენით შეპყრობილი 92 წლის ზაჰირ შაჰი სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ასრულებდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG