Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოწამლული და ტოქსიკური ჩინური პროდუქციის სკანდალი გრძელდება


სულ ახლახან ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს სურსათისა და ფარმაცევტიკის მაკონტროლებელი სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი.



ხელისუფლების ეს ნაბიჯი გამოწვეულია სკანდალების მზარდი ტალღით, რომელიც ჩინურ ნაწარმს ეხება. ჩინეთის მედიაში ყოველდღე ჩნდება ცნობები მოწამლული საკვებისა და ნაყალბევი ნაწარმის შესახებ, რომელთაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ეწირება მთელი ქვეყნის მასშტაბით. მაგრამ ეს მხოლოდ ჩინეთის პრობლემა არ გახლავთ. ჩინეთი მსოფლიოში სიდიდით მეორე ექსპორტიორია და მისი პროდუქცია მთელ მსოფლიოში ვრცელდება. ბიძინა რამიშვილი გესაუბრებათ ამ პრობლემაზე.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ მომხდარ ინციდენტთაგან ყველაზე დრამატულს ადგილი ჰქონდა პანამაში, სადაც 94 ადამიანი იმსხვერპლა ჩინეთში წარმოებულმა ხველების წამალმა.
სიროფი შეიცავდა დიეთილენ გლიკოლს, ტოქსიკურ ნივთიერებას, რომელიც ანტიფრიზსა და მუხრუჭების სითხეში გამოიყენება. შეერთებულ შტატებში უკანასკნელი ექვსი თვის მანძილზე ჯანდაცვის უწყებებმა დააკავეს ჩინური წარმოების კბილის პასტა, რომელიც იმავე ნივთიერებას შეიცავდა; ძაღლისა და კატის საკვებში აღმოჩნდა ინგრედიენტი, რომელიც პლასტმასის შემადგენლობაში შედის; აღმოჩნდა ტყვიის შემცველი საღებავით დაფარული საბავშვო სათამაშოები; გასათბობი მოწყობილობები, რომლებიც ხანძარს აჩენს; ასევე თევზეული, რომელიც მედიკამენტებს შეიცავდა.
ამერიკაში ბევრი ფიქრობს, რომ ჩინეთში დამზადებული ნაწარმი არ უნდა შეიძინონ.
შეერთებულ შტატებში ჩინეთიდან წელიწადში 280 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი შეაქვთ.
განგაშია ატეხილი თავად პეკინში. ხელისუფლება პირობას დებს, რომ სწრაფად მოახდენს რეაგირებას.
როგორც ჩინეთის სურსათისა და ფარმაცევტიკის სახელმწიფო უწყების წარმომადგენელმა, იან ჯიანგინმა განაცხადა ამ დღეებში, მისი ყოფილი ხელმძღვანელის, ჟენ სიაოუს სიკვდილით დასჯა გაფრთხილებაც არის და სამარცხვინო ფაქტიც. სასამართლოს თანახმად, ჟენ სიაოუ სახელმწიფო ნორმებისთვის გვერდის ავლისთვის ქრთამებს იღებდა ფარმაცევტული კომპანიებისგან.
[იან ჯიანგინის ხმა ] "ხელისუფლების ამ წარმომადგენლებმა დაარღვიეს კანონი და წესები და შეარცხვინეს ჩვენი სისტემა. ეს სერიოზულ პრობლემებზე მიგვითითებს. ეს გვაიძულებს სერიოზულად ჩავფიქრდეთ იმაზე, თუ რა გაკვეთილის სწავლა შეგვიძლია აქიდან, მომავალში როგორ შეიძლება ეს თავიდან ავიცილოთ და როგორ უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი მუშაობა ადამიანებზე ზრუნვას ემსახურებოდეს."

ჟენის მემკვიდრემ ახლახან განაცხადა, რომ ამიერიდან ჩინეთის სურსათისა და მედიკამენტების მწარმოებლებმა უსაფრთხოება მოგებაზე წინ უნდა დააყენონ.
ჩინეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები კი გამოთქვამენ შიშს, რომ თუკი პრობლემას დროზე არ მოევლება, შეიძლება შეფერხდეს მილიარდობით დოლარის ღირებულების ექსპორტი, რამაც შესაძლოა დამანგრევლად იმოქმედოს ქვეყნის ეკონომიკაზე, რომელიც ექსპორტზეა დამყარებული.
მაგრამ ექპერტები ფიქრობენ, რომ ჩინეთის ხელისუფლებას ძალზე გაუჭირდება ამ პრობლემებთან გამკვლავება.
უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე ჩინეთი სულ უფრო მეტად იქცევა საქონლისა და მომსახურების მწარმოებელ ქვეყნად; ქარხანა-ფაბრიკები სოკოებივით ჩნდება; შეინიშნება პროფესიონალიზმის ნაკლებობა; ეკონომიკა ძალზე სუსტად იმართება; ყვავის კორუფცია; პროდუქციაზე მოთხოვნილება კი იზრდება.
შეერთებული შტატების სამომხმარებლო პროდუქციის უსარფთხოების კომისიის წარმომადგენლის, სკოტ ვულფსონის თქმით, მისი უწყება გასული წლის მანძილზე ძირითადად ჩინური წარმოების პროდუქციის უკან დაბრუნებით იყო დაკავებული.

[სკოტ ვულფსონის ხმა] 1"2007 წლის მონაცემები ცხადყოფს, რომ ჩვენს მიერ უკან დაბრუნებული პროდუქციის 60 პროცენტზე მეტი (ჩვენ 338-ჯერ დავაბრუნეთ პროდუქცია) ჩინეთშია წარმოებული."

ვულფსონის თქმით, მისი უწყება აქტიურ როლს თამაშობს ამერიკაში ჩინური წარმოების პროდუქციის უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში. რას ურჩევს იგი მომხმარებელს?

[სკოტ ვულფსონის ხმა] "დაწუნებული პროდუქტციის შესახებ ცოდნა - ეს არის ყველაზე მთავარი. უნდა იცოდეთ, სახიფათო ნაწარმი შეიძინეთ თუ არა და რა უნდა მოიმოქმედოთ, სახლიდან მის მოსაშორებლად. ჩვენ არ ვაპირებთ ყველა მომხმარებლისთვის ზოგადი გაფრთხილების გამოქვეყნებას ჩინურ ნაწარმთან დაკავშირებით. ჩვენი ძალისხმევა იქითაა მიმართული, რომ მომხმარებლებიც ინფორმირებული იყვნენ და ბაზარსაც არ დაემუქროს სარფთხე."

მაგრამ მრავალი სპეციალისტის აზრით, ეს ადვილი არ იქნება. ისინი მიუთითებენ იმაზე, რომ მრავალი ნაწარმი შეიცავს სხვადასხვა წარმოშობის შემადგენელ კომპონენტებს. ასე რომ, მაგალითად, ამერიკაში წარმოებული სუნამო ან საოჯახო ნივთები შესაძლოა ნაწილობრივ ჩინური წარმომავლობისა იყოს.
XS
SM
MD
LG