Accessibility links

logo-print

რამდენად უქმნის საქართველოს ახალ პრობლემას რუსეთის მხრიდან ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების შეჩერება?


რუსეთის გადაწყვეტილება, შეაჩეროს თავისი მონაწილეობა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებაში, სერიოზული მითქმა-მოთქმის საგნად რჩება.

დასავლეთი და, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატები დღემდე მოუწოდებს რუსეთს გადახედოს ხსენებულ გადაწყვეტილებას და შეასრულოს 1999 წელს სტამბულში ეუთოს სამიტზე გაფორმებული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. მოგითხრობთ პუტინის ივლისის გადაწყვეტილებით შექმნილ ახალ რეალობაზე და იმაზეც, რამდენად უქმნის საქართველოს ახალ პრობლემას ეს ახალი რეალობა.

”ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ” ხელშეკრულებას, რომელსაც 1999 წლის ნოემბერში სტამბულში, ეუთოს სამიტზე, 30 სახელმწიფომ მოაწერა ხელი, მათ შორის - რუსეთმა, საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ ხელშეკრულებამ შექმნა საერთაშორისო საფუძველი საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო კონტინგენტის შემცირებისა და, საბოლოოდ, მისი გაყვანის პროცესის დასაწყებად. ხელშეკრულებას თან დაერთო რუსეთისა და საქართველოს ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, რუსეთმა აიღო ვალდებულება შეემცირებინა საქართველოში თავისი ჩვეულებრივი შეიარაღება ადაპტირებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ კვოტებში. სტამბულში ნაკისრი ვალდებულებები ამ კონკრეტული მიმართულებით, უმეტესწილად, შესრულდა: შესრულდა ვაზიანის სამხედრო ბაზის შემთხვევაში, ბათუმში; ახალქალაქში რუსეთის მცირე პერსონალი და ტექნიკაა შემორჩენილი... ძირითადი პრეტენზია გუდაუთის სამხედრო ბაზას უკავშირდება. რუსეთი ირწმუნება, რომ გუდაუთის სამხედრო ბაზის დაშლის თაობაზე ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, მაგრამ რამდენად არის ასე, ამის დადგენა ვერ ხერხდება. გუდაუთის სამხედრო ბაზის ინსპექტირება არ მომხდარა. საქართველოს მხარე რა ხანია ითხოვს აღნიშნულ ბაზასთან საფრენი ბილიკების ლიკვიდაციას, რადგან დარწმუნებულია, რომ ამ ბილიკების არსებობის პირობებში თუნდაც დაშლილი ბაზის აღდგენა 2-3 დღეში შეიძლება. გუდაუთის ბაზასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები რუსეთთან მიმდინარეობს დუნედ და უშედეგოდ. ამის გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებაში არა აქვთ შიში იმისა, რომ რუსეთის მხრიდან ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების შეჩერება გავლენას მოახდენს საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანის პროცესზე... სერიოზული შეშფოთება არ იგრძნობა, გამომდინარე იქიდან, რომ გუდაუთთან დაკავშირებით რუსეთი ისედაც არღვევდა პირობას.

[კოტე გაბაშვილის ხმა] ”ვალდებულების შესრულებაზე დაბრკოლებას რუსეთი მაინც ქმნის. აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან რუსეთმა ჯარი არ გაიყვანა.
ამას გარდა, რუსეთს აქვს დასაშვებზე მეტი შეიარაღება საქართველოს მოსაზღვრე ჩრდილო კავკასიაში. ამიტომ რუსეთი ვითომ გაბუტულის პოზაშია და იკეთებს საქმეს იმისთვის, რომ თავისი დარღვევები დაფაროს.” (სტილი დაცულია)
აი, ასე ხსნის საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი პუტინის გადაწყვეტილებას ... პოლიტოლოგ თემურ იაკობაშვილის აზრით კი, რუსეთის მხრიდან ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების შეჩერება აიხსნება რუსეთის დაუოკებელი სურვილით საერთაშორისო ასპარეზზე ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მოთამაშის როლი დაიბრუნოს. ”აქვს თუ არა ამის რეალური ძალა, ის ამას არსებული სტატუს კვოს, არსებული შეთანხმებების შეცვლით ცდილობსო,”- ამბობს ის:

[თემურ იაკობაშვილის ხმა] ”ეს არის სტატუს კვოს შეცვლა. როდესაც რუსეთს მიაჩნია, რომ მან უნდა დაიბრუნოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოთამაშის იმიჯი. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთს აქვს ამის ძალა და შესაძლებლობა, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთი ცდილობს.”(სტილი დაცულია)

და ამ მცდელობის გამო რუსეთს მოუწოდებენ თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისა და განცხადებებისგან, რომლებიც ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება. ამ რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა სენატორებმა საგანგებო რეზოლუციის ტექსტში სამწუხარო უწოდეს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების შეჩერების შესახებ პუტინის გადაწყვეტილებას და მოუწოდეს რუსეთს შეასრულოს 1999 წელს სტამბულში საქართველოსა და მოლდავეთის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები.
XS
SM
MD
LG