Accessibility links

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების მიმოხილვა


გასულ კვირაში მომხდარმა ერთმა სკანდალურმა ფაქტმა

თითქმის მთლიანად დაჩრდილა სხვა მოვლენები. ვგულისხმობ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, სოფელ წითელუბანთან, სავარაუდოდ, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ მართვადი რაკეტის ჩამოგდებას. საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება, რომ, უტყუარი მტკიცებულებებით, 6 აგვისტოს საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის ავიაციამ დაარღვია. საპირისპიროს ამტკიცებს რუსეთი და წითელუბნის დაბომბვაში საქართველოს ადანაშაულებს.


6 აგვისტოს საღამოს სოფელ წითელუბნის მოსახლეობა სამხედრო თვითმფრინავების ხმაურმა და აფეთქების ხმამ შეაწუხა.

[აფეთქების ხმა]

ეს უკვე წითელუბანთან ტრიალ მინდორზე ჩამოგდებული თითქმის 1 ტონიანი მართვადი აუფეთქებელი რაკეტის ჭურვის განადგურების ხმაა. საქართველოს მთავრობის მტკიცებით, ჭურვის გაუვნებელყოფა მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც მას საგამოძიებო ექსპერტიზა ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის შოთა უტიაშვილის განმარტება:

[შოთა უტიაშვილის ხმა] ”ერთადერთი, რაც დასადგენი რჩება რეალურად, არის ამ ჭურვის ზუსტი ტიპოლოგია და, სამწუხაროდ, ყველა კვალი მიდის რუსეთისკენ.”

ბომბის ჩამოგდების ადგილი მეორე დღეს ეუთოს მონიტორინგის ჯგუფმა მოინახულა. ამ ჯგუფმა მოამზადა დასკვნა როგორც აფეთქების, ასევე სამხედრო თვითმფრინავების ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შემოფრენის შესახებ. დასკვნას დაეთანხმნენ და ხელი მოაწერეს საქართველოს, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო ძალების, ასევე ეუთოს წარმომადგენლებმა. მიუხედავად ეუთოს მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაზე ხელმოწერისა, რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდალმა მარატ კულახმეტოვმა მაინც ეჭვი შეიტანა მართვადი რაკეტის ჩამოგდების ისტორიაში:

[მარატ კულახმეტოვის ხმა] ”ძალიან ბევრი კითხვაა თვითმფრინავის მოქმედებასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ, როდესაც შემოდიოდა აქ, ბომბის ჩამოგდების ადგილზე, სამხრეთ-დასავლეთიდან და გაბრუნდა ჩრდილო-აღმოსავლეთით... როგორ ვთქვა, ასეთი მოქმედება ხასიათდება ძალიან მაღალი ეფექტურობის კოეფიციენტით.”

განსხვავებით მარატ კულახმეტოვისგან, რომელიც მხოლოდ იმან დააეჭვა, რომ მართვადი რაკეტა სამიზნეს ასცილდა, რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურმა და სამხედრო ხელმძღვანელობამ კატეგორიულად უარყო საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევისა და წითელუბნის მიმდებარე მინდვრების დაბომბვის ფაქტი. რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარი შტაბის უფროსის იგორ ხვოროვის არგუმენტები ასეთია:

[იგორ ხვოროვის ხმა] ”ჩვენ საკმარისი რაოდენობის პოლიგონი გვაქვს ჩვენს ტერიტორიაზე. ამიტომ მე მინდა ვთქვა, რომ ფრენები არ ყოფილა, დანარჩენი ეტყობა პოლიტიკური მონაგონია და ამასთან დაკავშირებული გარკვეული ქმედება.”

საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი უარყო საქართველოში რუსეთის ელჩმა ვიაჩესლავ კოვალენკომაც. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა იური ბალუევსკიმ კი პროვოკაცია უწოდა საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს:

[იური ბალუევსკის ხმა] ”ეს არის პროვოკაცია რუსეთის მშვიდობისმყოფელების მიმართ, ეს არის პროვოკაცია მთლიანად რუსეთის მიმართ.”

საქართველოს მხარე კი ირწმუნება, რომ საჰაერო საზღვრის დარღვევა და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოგდება საქართველოს თავდაცვის სისტემის წინააღმდეგ მიმართული აქცია იყო. ოფიციალური თბილისის ინფორმაციით, სწორედ წითელუბნის მახლობლადაა განლაგებული საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო სარადარო სისტემა, რომელიც დაბომბვას მხოლოდ ცრუ მანევრის მეშვეობით გადაურჩა.

ქართველი სამხედროები ამბობენ, რომ იმ დროს, როდესაც ბომბდამშენები რადარებს მიუახლოვდნენ, ქართულმა მხარემ სისტემა რამდენიმე წამით გამორთო, ამიტომ ბომბდამშენები სამიზნის გარეშე დარჩნენ. სწორედ ამით ხსნიან რაკეტის ჩამოვარდნას წითელუბნის მიმდებარე ველებში და არა საჰაერო თავდაცვის ობიექტზე.


რაც შეეხება რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო საზღვრის დარღვევას, ამას ოფიციალური თბილისი რადარების მონაცემებითა და საქართველო-რუსეთის სამოქალაქო ავიაციის დისპეტჩერების საუბრის აუდიომასალით ამტკიცებს. ფრაგმენტი ამ აუდიოჩანაწერიდან:

[დისპეტჩერების საუბრის ხმა] (რუსულად)

ამ უხარისხო ჩანაწერიდან ჩანს, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის რადარმა რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე საფრენი ობიექტის შემოსვლა შეამჩნია და თბილისელმა დისპეტჩერმა ეს თავის რუს კოლეგას შეატყობინა. რუსი დისპეტჩერი არ აღიარებდა რადარზე რაიმე ობიექტის არსებობას, თუმცა ქართველ კოლეგას დაჰპირდა, რომ თბილისის აღმოჩენას თავის ხელმძღვანელობას აცნობებდა.

ეს და სხვა მასალები ოფიციალურმა თბილისმა საერთაშორისო ორგანიზაციებს გადასცა, თუმცა საქართველოს საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალური სხდომის გამართვა მაინც არ გადაწყდა. რუსეთის მედია ირწმუნება, რომ გაერომ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევისა და დაბომბვის ფაქტის განხილვაზე უარი თქვა. საწინააღმდეგოს ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა რურუა:

[ნიკა რურუას ხმა] ”გაერომ უარი არ თქვა. რუსეთის წარმომადგენელმა თქვა, რომ საკმარისი მტკიცებულებები და ფაქტები არ არსებობს და ის უარს არ ამბობს. უბრალოდ, უნდა კიდევ მეტი მტკიცებულებების და ფაქტების შეგროვება. ამდენად, საქმე გვაქვს შეთანხმებულ თამაშთან.”(სტილი დაცულია)

ნიკა რურუას აზრით, შეთანხმებული თამაში იმაში გამოიხატება, რომ კვირის ბოლოს ცხინვალში უვიზოდ და თბილისთან შეუთანხმებლად რუსეთის პროკურატურის წარმომადგენელი ჩავიდა. მან ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის გარეთ გამოძიება ჩაატარა და ოთხი მოწმე იპოვა. მათი განცხადებით, 6 აგვისტოს სამხედრო თვითმფრინავები ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში აღმოსავლეთიდან შემოფრინდნენ. აღმოსავლეთით კი მხოლოდ საქართველოა და არა რუსეთის ტერიტორია.

ამ დასკვნას არც საქართველოს და არც ეუთოს წარმომადგენლებმა ხელი არ მოაწერეს. მათი აზრით, საგამოძიებო მოქმედებების კონფლიქტის ზონის გარეთ ჩატარება ეუთოს მონიტორინგის ჯგუფის მანდატში არ შედის.

მოსკოვის ამგვარი ქმედებების მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი და კვლავაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას აპირებს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”მე არ ვაპირებ კონფრონტაციას რუსეთის ფედერაციასთან. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ პრეზიდენტ პუტინთან შედგეს კონსტრუქციული შეხვედრა და ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ყველა საკითხი გადაწყდეს კონსტრუქციული პარტნიორობის პირობებში.”(სტილი დაცულია)

გასული კვირის სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების უმეტესობა სწორედ საქართველო-რუსეთის ურთიერთობასა და ქართულ-ოსური კონფლიქტის პრობლემატიკასთან იყო დაკავშირებული.

წითელუბნის ინციდენტმა ჩაშალა ქართულ-ოსური კონფლიქტის შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა, რომელიც ბოლო 3 წლის მანძილზე პირველად თბილისში უნდა გამართულიყო. ჩატარებული კონსულტაციების შემდეგ ცხინვალის წარმომადგენელი, რაკი უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიები მიიღო, მაინც დათანხმდა თბილისში ჩამოსვლაზე, ოღონდ სექტემბრის შუა რიცხვებში. თავის მხრივ კი, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი, ცეცხლის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულების დასადებად, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ინიციატივით გამოვიდა,

დანარჩენ საქართველოში ძალას იკრებს მოძრაობა ”კოკოითი, ფანდარასტ”. ამ მოძრაობის წარმომადგენლობა გასულ კვირას ქუთაისშიც კი დაფუძნდა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ლელა თედიევა, ამბობს:

[ლელა თედიევას ხმა] ”ჩვენ გვინდა მშვიდობა, ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ ცხინვალში ერთად ქართველებმა და ოსებმა, მაგრამ კოკოითის გარეშე. კოკოითი, ფანდარასტ!”

ამ პოლიტიკური მოვლენების გარდა, გასულ კვირაში კვლავ აქტუალური იყო ქონებრივ დავებთან დაკავშირებული საკითხები. კვირის დასაწყისში ჯერ ”სონიცენტრი”, ”ლაზერი ორი” და კაფე ”რუსთაველი” გამოასახლეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, იჯარით აღებული ფართიდან, კვირის ბოლოს კი გამომცემლობა ”სამშობლოდან” ტელეკომპანია ”კავკასიის”, ტელეკომპანია ”მირის” საქართველოს წარმომადგენლობის, უამრავი გაზეთის რედაქციისა და გამომცემლობის გამოსახლება დაიწყო. პოლიტიკურმა ოპოზიციამ ეს ფაქტი თავისუფალი მედიის დევნად და კერძო ბიზნესის შევიწროებად შეაფასა, მთავრობამ კი გამოსახლების პროცესებს სახელმწიფო ქონების სახელმწიფოსათვის დაბრუნება უწოდა.
XS
SM
MD
LG