Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეკომპანია „კავკასია“ მაუწყებლობას საკუთარი სახსრებით განაახლებს


10 აგვისტოს გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობიდან იძულებით გასახლებული ტელეკომპანია „კავკასია“ მაუწყებლობას უახლოესი დღეების განმავლობაში საკუთარი სახსრებით განაახლებს.

კომპანიის ხელმძღვანელობამ არ მიიღო პრეზიდენტის შეთავაზება, რომლის მიხედვითაც, ტელევიზიისთვის საჭირო სამუშაო ფართობის ქირას ნახევარი წლის განმავლობაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი დაფარავდა. რა შინაარსის წერილი მისწერა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანიის დამფუძნებელს და რატომ თქვა „კავკასიის“ ხელმძღვანელობამ დახმარებაზე უარი?

გამომცემლობა „სამშობლო“, რომლის შენობაც ერთი კვირის წინ ტელეკომპანია „კავკასიასა“ და 90-მდე სხვა ორგანიზაციას მერიის ზედამხედველობის სამსახურმა იძულებით დაატოვებინა, თბილისის ცენტრში, კოსტავას 14-ში, მდებარეობს. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტის უფროსის ილია გოცირიძის თქმით, გასახლებული ორგანიზაციები შენობის ფართობს კანონის უხეში დარღვევით იკავებდნენ:

[ილია გოცირიძის ხმა] „90-მდე ორგანიზაციაა, რომელთა ხელშეკრულებებს ვადა გაუვიდა... ზოგს საერთოდ არა აქვს ხელშეკრულება გაფორმებული. ეს ორგანიზაციები არათუ სახელმწიფოს არაფერს უხდიან, კომუნალურ გადასახადებსაც კი არ იხდიან.“

ილია გოცირიძის თქმით, გამომცემლობა ”სამშობლოს” შენობა სახელმწიფოს საკუთრებაა და მთავრობა მას საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავს. თუმცა ხელისუფლების ქცევას სულ სხვა ახსნას უძებნის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი გოგა ხაინდრავა:

[გოგა ხაინდრავას ხმა] „შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ, შეტევა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ.”

სწორედ ამ მოსაზრების გასაბათილებლად გაახმაურა 14 აგვისტოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გიორგი არველაძემ პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ქუჩაში დარჩენილ ტელეკომპანია „კავაკასიას“ ფინანსურ დახმარებას პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი გაუწევს:

[გიორგი არველაძის ხმა] „იმისთვის, რომ არ მივცეთ საშუალება სპეკულანტებს ივაჭრონ ამ თემით; იმისათვის, რომ არავის ეგონოს, რომ ხელისუფლება მართლა ცდილობს რომელიმე ტელეკომპანიის მიმართ რაღაც ღონისძიებების გატარებას... ეს ყველაფერი არის სრული აბსურდი და ამაში, ალბათ, ყველაა დარწმუნებული... ყოველივე ამის გათვალისწინებით, მივიღეთ ასეთი არაორდინარული გადაწყვეტილება.“(სტილი დაცულია)

თუმცა ამ არაორდინარული გადაწყვეტილების მიღებამდე ოთხი დღით ადრე პრეზიდენტმა ყურად არ იღო სამუშაო ფართობის გარეშე დარჩენილი ჟურნალისტების შემდეგი სიტყვები:

[მამაკაცის ხმა] „ჩვენ იმიტომ ავირჩიეთ ეს პრეზიდენტი, რომ ვამჯობინეთ წინა ხელისუფლებას, მაგრამ წინა მთავრობა ასე არ გვიშვრებოდა... დიახ, დიახ გვიშვრებიან!“(სტილი დაცულია)

გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობიდან გამოსახლებულ ჟურნალისტებს პრეზიდენტმა მოგვიანებით, შენობის დაცლის შემდეგ, მიმართა. თუმცა მიხეილ სააკაშვილის თვალსაწიერში რატომღაც მხოლოდ ტელეკომპანია „კავკასია“ მოექცა. წერილში, რომელსაც ხელს საქართველოს პრეზიდენტი აწერს და რომლის ადრესატიც ტელეკომპანიის დამფუძნებელი დავით აქუბარდიაა, ვკითხულობთ:

[მიხეილ სააკაშვილი] : „სამწუხაროა, რომ, სრულიად კანონიერი და ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკურად გამართლებული პროცესების შედეგად, თქვენი ტელევიზია დარჩა სამუშაო ფართობის გარეშე, რამაც გამოიწვია თქვენი მაუწყებლობის შეფერხება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ თქვენ მაქსიმალურად სწრაფად შეძლოთ მუშაობის ჩვეული რიტმის აღდგენა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოვყოთ თანხა თქვენი ახალი ოფისის ექვსი თვის ქირით უზრუნველსაყოფად.“

მაგრამ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ პრეზიდენტის ამ შეთავაზებაზე უარი თქვა. „კავკასიის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ უზნეობა იქნებოდა დახმარების მიღება მაშინ, როდესაც საკუთარი სამუშაო ადგილებიდან ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაყრილი ათეულობით სხვა ჟურნალისტი არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. და კიდევ: ნინო ჯანგირაშვილის თქმით,
სიტყვის თავისუფლებას, მედიის დამოუკიდებლობას, ადამიანის უფლებებს, კერძო საკუთრებასა და ცივილიზებული სახელმწიფოს სხვა ფუნდამენტურ ფასეულობებს კანონი და სახელმწიფო ინსტიტუციები უნდა იცავდნენ და არა ცალკეული პირვნებები:

[ნინო ჯანგირაშვილის ხმა] „კარგი იქნება პრეზიდენტმა ზოგადად იმაზე იზრუნოს, რომ ადამიანები ისეთ მდგომარეობაში არ ვარდებოდნენ, როგორშიც ჩვენ აღმოვჩნდით და არა იმაზე, რომ შემდგომში რაღაც ექსტრემალური დახმარებები აღმოუჩინოს.“(სტილი დაცულია)

ნინო ჯანგირაშვილის თქმით, ტელეკომპანია ”კავკასიამ” მაუწყებლობისთვის საჭირო ფართობი უკვე მოძებნა და, შესაბამისად, უახლოეს პერიოდში კომპანია ეთერში დამოუკიდებლად, ხელისუფლების დახმარების გარეშე, გავა.


  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG