Accessibility links

logo-print

მანდატის დარღვევის მორიგი ფაქტი რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლების მხრიდან


ხობში თბილისი-ზუგდიდის ავტომაგისტრალზე მომხდარი ინიციდენტის შემდეგ დაკავებული

რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები გათავისუფლებულები არიან. ქართველმა სამართალდამცველებმა ისინი ავტომაგისტრალზე მომხდარ საგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით დააკავეს. მანქანიდან, რომლითაც რუსეთის ჯარისკაცები მოძრაობდნენ და რომელიც სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა, სამართალდამცველებმა იარაღი ამოიღეს.
საქართველოს მხარე ირწმუნება, რომ ხობში თბილისი-ზუგდიდის ავტომაგისტრალზე გადაადგილებით სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებმა რეგლამენტი უხეშად დაარღვიეს, რუსეთის მხარე კი ჯარისკაცების დაკავებას სამშვიდობო ძალების დისკრედიტაციაზე გათვლილ ნაბიჯად განიხილავს.

რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები საქართველოს მხარემ გვიან ღამით გაათავისუფლა. თვითმხილველები აცხადებდნენ, რომ ხობში ზუგდიდი-თბილისის მაგისტრალზე სამგზავრო მიკროავტობუსთან შეჯახების შემდეგ რუსი ჯარისკაცები გაქცევას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ მიკროავტობუსის მგზავრებმა არ მისცეს. გავრცელებული ცნობებით, საქმეში სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობასაც. ჯარისკაცები სამართალდამცველებს მათი კუთვნილი ავტომანქანიდან იარაღის ამოღებას უშლიდნენ.

[რუსი ჯარისკაცის ხმა]


ჯარისკაცები შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-სვანეთის სამმართველოში იქნენ გადაყვანილი. იქ ისინი დაკითხეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს.
28 აგვისტოს ხობში მომხდარს მალევე გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის უწყება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ვიაჩესლავ სედოვმა ჯარისკაცების დაკავებას უკანონო და, იმავდროულად, რუსეთის სამშვიდობო ძალების დისკრედიტაციისთვის დაგეგმილი და მიზანმიმართულად განხორციელებული პროვოკაცია უწოდა. მაგრამ სამშვიდობო ძალების
წარმომადგენელთა ავტომანქანა სამგზავრო მიკროავტობუსს საქართველოს იმ ტერიტორიაზე შეეჯახა, სადაც სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობა არ ვრცელდება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მერაბ ანთაძის განცხადებით, ხობში თბილისი-ზუგდიდის ავტომაგისტრალზე სამშვიდობო ძალების წარმომადგენლების გადაადგილება საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებული უნდა ყოფილიყო:

[მერაბ ანთაძის ხმა] ”ყველა ასეთი გადაადგილება, მით უფრო, როცა ხდება გადაადგილება შეიარაღების თანხლებით, უნდა ყოფილიყო შეთანხმებული, ამიტომ ადგილი ჰქონდა რეგლამენტის უხეშ დარღვევას. ” (სტილი დაცულია)

1994 წლის მოსკოვის ცნობილი შეთანხმების მიხედვით, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეგიდით მოქმედი სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებს არა აქვთ უსაფრთხოების ზონის გარეთ გადაადგილების უფლება ამის შესახებ საქართველოს მხარის ინფორმირების გარეშე.
28 აგვისტოს ზუგდიდი-თბილისის ავტომაგისტრალზე სამშვიდობო ძალების უკანონოდ გადაადგილებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა. ამავე განცხადებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატი მოუწოდებს კოლექტიურ ძალებს იმოქმედონ მანდატის ფარგლებში.

სამშვიდობო ძალების მხრიდან 28 აგვისტოს ადგილი ჰქონდა მანდატის მორიგ დარღვევას. უსაფრთხოების ზონის გარეთ სამშვიდობო ძალების წარმომადგენელთა
უკანონო გადაადგილება მსჯელობის საგანი არაერთხელ ყოფილა. არცთუ დიდი ხნის წინ ვნებათაღელვა რუსეთის ჯარისკაცების მიერ უსაფრთხოების ზონის გარეთ ბლოკ-პოსტების ამოქმედებასა და მგზავრების შემოწმებას ახლდა. მაშინ სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებმა პრობლემა სამართალდამცველებსაც კი შეუქმნეს, როცა ისინი სამეგრელოდან სვანეთის მიმართულებით მოძრაობდნენ. ძნელი წარმოსადგენია სამშვიდობო ძალების სარდლობამ აღიაროს, რომ 28 აგვისტოს ჯარისკაცები საქართველოს ერთ-ერთ ავტომაგისტრალზე შესაბამისი ნებართვის გარეშე მოძრაობდნენ. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც საქართველოს მხარის პრეტენზიაზე პასუხი არის ის, რომ პრეტენზია სამშვიდობო ძალების დისკრედიტაციას ემსახურება.
XS
SM
MD
LG