Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


ფიქრია ჩიხრაძე რადიო "თავისუფლების" თხოვნით, განვლილი კვირა

დღიურებში აღბეჭდა ფიქრია ჩიხრაძემ, პარლამენტის დეპუტატმა, ფრაქცია "მემარჯვენე ოპოზიციის" წევრმა.

5 აგვისტო, კვირა
ოდესღაც - და დიდხანს! - დღიურებს ვწერდი. ახლა ვნახე ბოლო ჩანაწერი, 1995 წლის 10 თებერვლით არის დათარიღებული. სადღაც, ამ პერიოდში, ღამე თავს დამესხნენ და ხელიდან ჩანთა გამომგლიჯეს. იმ ჩანთაში ყველაზე ღირებული ჩემი ჩანაწერები იყო. ზუსტად ერთი წლის თავზე უცნობმა ბიჭმა დამირეკა და ჩემი დღიურები დამიბრუნა. ვერ ვიტყვი, რომ გამიხარდა. არ მომეწონა, რომ ჩემს სულში ვიღაც იჩხრიკებოდა. ამბავი, როგორ აღმოჩნდა მის ხელში ჩემი დღიურები, საკმაოდ ყალბად ჟღერდა. თანაც ისე მომძებნა, არსად იმ ფურცლებზე ჩემი სახელი და გვარი მითითებული არ იყო. ყველას ჩემს გარშემო და მეც, განცდა გვქონდა, რომ ამ ჩანაწერებმა შესაბამის სტრუქტურებში გამოიარეს. ამის შემდეგ მე წერა შევწყვიტე.
დღეს ისევ ვწერ. ამჯერად თავიდანვე ვიცი, რომ უნდა გამოქვეყნდეს და ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს. იოლი არ არის. შევეცდები, ძველებურ სტილს დავუბრუნდე და ვიყო გულწრფელი.
გუშინ საღამოს ძეგვში წავედით დედა მარიამთან. არ ჩამოგვთენებია, მაგრამ დიდხანს ვილაპარაკეთ. საუბრის თემა იყო: რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, რა სჭირს ქართულ საზოგადოებას. სხვა დროსაც ძირითადად ამ თემაზე ვლაპარაკობთ-ხოლმე. დედა მარიამი იმ ადამიანურ სისავსეს იხსენებდა, რასაც ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე ჩვენ-ჩვენს გარემოში ვგრძნობდით. სად გაქრა ეს ყველაფერი, როგორ უძალოდ ჩაინავლა... ალბათ უნდა ვთქვა - დედა მარიამი ლელა ჯაფარიძეა, ჩემი უნივერსიტეტის მეგობარი და სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი მოთავეთაგანი; ამჟამად გიორგი მთაწმინდელის მონასტრის წინამძღვარი და ძეგვის ბავშვთა სახლის მეურვე.
დილით ჩვენ სამარცხვინოდ ჩაგვეძინა. დედა მარიამი ქეთევანთან ერთად არმაზის პატარა ტაძარში წავიდა კვირის წირვაზე.
მერე დიდხანს ნანა დეიდას (ასე ეძახიან ბავშვები - და უკვე ჩვენც! - ნანა გოგოჭურს) სატრაპეზოში ვისხედით, ჩაის ვსვამდით და ძეგვის თავშესაფრის მომავალზე ვლაპარაკობდით. ბავშვები უკვე გაიზარდნენ: ზოგი სტუდენტია, ზოგი მუშაობს, ზოგიც - დაოჯახდა. ახლა მათ სხვა პრობლემები აქვთ და სხვანაირი ზრუნვა სჭირდებათ - ბევრად უფრო რთულად აღსასრულებელი, ვიდრე ჩავლილ 12 წელიწადში. სკოლის ასაკის ბავშვები ძირითადად ბედიანში ცხოვრობენ და ახლა აქ უფროსი ადამიანები სჭარბობენ - ჩვენი ბავშვების მშობლები, რომელთაც სხვადასხვანაირი პრობლემის გამო დამოუკიდებლად ცხოვრების უნარი არა აქვთ.
"მარინა მასი" (ესეც ბავშვებისგან შემორჩენილი სახელია) აქაურ ამბებს იხსენებდა. ბევრი სიძნელე, ტკივილი, მაგრამ გამორჩეულად ბევრი სიხარულიც ახლდა ძეგვის ბავშვთა სახლის არსებობას. ეს არსებობა მონასტრის წიაღში, ალბათ, შერეული ტიპის თავშესაფრის სახით უნდა გაგრძელდეს. ყველაზე მეტად მაინც ამ აზრს ვეთანხმებით ყველანი. ყოფითი სიძნელეები ღვთის შეწევნით დაიძლევა.

6 აგვისტო, ორშაბათი
დილით ადრე ხმაურმა წამომაგდო. მაშინვე აივანს მივაშურე - ჩემი ხე იდგა ძველებურად. პურის მოედანზე ბებერი იფანი დგას... გული უკვე ფუტუროდა აქვს ქცეული. ყოველ გაზაფხულზე ვევედრები, რომ ფოთლები გამოისხას, მერე დაიყვავილოს. ზანტად ირჯება. ყველგან ყველაფერი რომ აყვავდება, თითქოს მერე, გვიან იპოვის ხოლმე სასიცოცხლო ძალას, არადა, რომ გაიფოთლება, ისე ლამაზია, ვეღარც კი შეატყობ, რომ მოშრიალე ტოტებს მიღმა მოძალებულ მხცოვანებას მალავს. ერთი თვის წინ ქვედა (იერუსალიმის) მოედანზე ძლიერმა ქარმა ხე წამოაქცია და ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა. მას მერე მეზობლები ჩვენი ხის მოჭრაზე ალაპარაკდნენ... მერიაშიც განუცხადებიათ. როგორ მესმის, რომ საფრთხე მართლაც არსებობს ხის ქვეშ მუდმივად მსხდომი მეზობლებისათვის, კარგად მესმის, რომ ხის ფესვები იმ დაზიანებულ სახლსაც რეალურ საფრთხეს უქმნის, მაგრამ როგორ ვერ წარმომიდგენია დილის გათენება ამ ხის შრიალის გარეშე. ეს ხე ძველი თბილისის ნაწილია, ძველი თბილისიც თვალსა და ხელს შუა ქრება. ხვალ დადიანის და ასათიანის კუთხეში აივნიანი თბილისური სახლის დანგრევაც ხომ შეიძლება, ვინმემ სიძველის საფრთხის მოტივით მოინდომოს...
დილიდანვე ცხელოდა თბილისში. პარლამენტში მივედი - რაღაც წერილები მქონდა მოსამზადებელი. შენობა ცარიელია. ისვენებენ "ხალხის რჩეულები". მხოლოდ დამლაგებლები და აპარატის თანამშრომლები არიან. მე ამ შენობაში ყველაზე მეტად ეს ხალხი მიყვარს. ფოსტაც ვნახე - ისევ გასაჭირებით სავსე წერილები. მერე ორთაჭალაში, ჩვენს ოფისში წამოვედი. ცხელა და ხალხი აქაც შეთხელებულია. ეზოშივე ლინდა და ნაომი შემეგებნენ. ლინდა დათო გამყრელიძის თეთრი ლაბრადორია, ნაომი - ლინდას შავი შვილი. დათო წასული იყო რამდენიმე დღით და ორივეს ჩვენი ოფისის მამასახლისი ვახო პატრონობდა... ვახო აფხაზეთიდან ლტოლვილია და მიტოვებული კარ-მიდამოს სიყვარულს ამ ეზოს პატრონობაში იკლავს - უდაბური ტერიტორია ბაღნარად აქცია. მხიარული ლეკვი მახტება და მეთამაშება. ნაო! - უჯავრდება ვახო და წუხს, რომ ნაომი ძალიან გაუზრდელია.
ოფისში ნელ-ნელა მოვიკრიბეთ, ვინც თბილისში ვართ. კარგა ხანს ჩვენი საპროგრამო დოკუმენტის მონახაზზე ვილაპარაკეთ. რაღაცეები ჩავასწორეთ. ზეგ ფრაქციის წევრები და საპროგრამო ჯგუფი შევხვდებით ერთმანეთს და პოზიციას საბოლოოდ შევაჯერებთ. მუშაობის საშუალება ახლა მეტად არის. ჟურნალისტებიც კანტი-კუნტად გვაწუხებენ, შეხვედრებიც ნაკლებად გვაქვს. თუმცა, აგვისტოს 20-მდე რამდენიმე შეხვედრა - მათ შორის გასვლითიც - დავგეგმეთ.

7 აგვისტო, სამშაბათი
დილა ჟურნალისტების სატელეფონო ზარებით დაიწყო - შავშვების შემოგარენი დაიბომბა რუსული ავიაციის მიერ; კომპანია "სონის" აძევებენ რუსთაველის გამზირზე კანონიერად დაკავებული ფართიდან. ერთ შემთხვევაში ძალიან უნდა გაბრაზდე რუსულ პოლიტიკაზე, მეორე შემთხვევაში - საკუთარ ხელისუფლებაზე. რუსულ პოლიტიკაზე მარადი გაბრაზების შეცვლისათვის მიზეზი არასოდეს მომცემია. ჩამითვალონ თუნდაც ოპოზიციურ ახირებად, მაგრამ არსებობს დროის ხანგრძლივ მონაკვეთში უცვლელი მოცემულობა რუსეთის უგუნური პოლიტიკის სახით. რას აკეთებს ამ დროს საქართველოს ხელისუფლება? რატომ არ სვამენ ძალით საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილ ბომბდამშენებს? უკიდურეს შემთხვევაში რატომ არ იყენებენ გასაუვნებელყოფად შესაბამის ტექნიკურ მოწყობილობას? თუ თავდაცვის სამინისტროს მილიარდიანი ბიუჯეტი იმიტომ აქვს, რომ შემთხვევის ადგილას პიარით გართულმა პრეზიდენტმა ღმერთს სწიროს მადლობა ბომბის არაფეთქებისა და მოსახლეობის მშვიდობით გადარჩენისათვის?!
რაც შეეხება შენობიდან "სონის" გამოძევების ფაქტს, ეს არის რევოლუციისშემდგომი ხელისუფლების ბოლშევიკური გაქანების კიდევ ერთი გამოვლინება. ეს არის ქვეყანა, სადაც თანაბრად ერჩიან წვრილ მოვაჭრესა თუ მსხვილ საერთაშორისო კორპორაციას. ბოლშევიკურმა დაუნდობლობამ წალეკა ქვეყანა. ძალიან ძნელია ასეთ დროს ხალხი დაარწმუნო, რომ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ერთადერთი ქმედითი იარაღი (და თუნდაც შურისძიების საშუალება) მოახლოებული არჩევნებია. რევოლუციის გზით ხელისუფლებაში უსულგულო ავანტიურისტები მოდიან. ეს ხელისუფლება თავისი პერსონალური შემადგენლობით ამის ცხადი დადასტურებაა... თუმცა, თუკი რევოლუციებზე ერთხელ და სამუდამოდ უარს არ ვიტყვით, უნდა გვახსოვდეს, რომ, რაგინდ დაუჯერებლადაც უნდა ჟღერდეს, ამათზე უარესებიც შეიძლება არსებობდნენ.

8 აგვისტო, ოთხშაბათი
გუშინდელი დაბომბვის ფაქტზე აჟიოტაჟი გრძელდება. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები თან გვიყვებიან, რა საშინელებას გადავრჩით, რომ ტროტილის წარმოუდგენლად დიდი შემცველობის მართვადი ბომბი არ აფეთქდა, და თან გვიმტკიცებენ, რომ ძალიან ჭკვიანურად მოიქცნენ, რომ შესაბამის (აბსოლუტურად კანონიერ) ზომებს არ მიმართეს (?!).
ჩემთვის ამ ყველაფერში ლოგიკა არ იძებნება. ხალხში კი ისეთი განწყობაა, მზად არიან ყველაფერი არაადამიანურ ხელისუფლებას დააბრალონ - დაწყებული საქონლის ნაირ-ნაირი დაავადებებით და დამთავრებული საკუთარ ტერიტორიაზე ბომბების ჩამოყრით.
შუადღეს ოფისში შევიკრიბეთ ფრაქციის წევრები და საპროგრამო ჯგუფი. ახლად მომზადებული დოკუმენტის ძალიან საინტერესო და ხანგრძლივი განხილვა შედგა.
საღამოს დათოსთან წავედი სახლში - ბაბლუანის ახალი ფილმი უნდა გვენახა და რაჭაში მოგზაურობის სურათები დაგვეთვალიერებინა. აღმოჩნდა, რომ ფილმი ვერ ვიშოვეთ და თავიდან ბოლომდე ფოტოებით გაცოცხლებულ რაჭის მოგონებებში ჩავიძირეთ. ერთი თვის წინ ვიყავით რაჭაში მე, დათო საგანელიძე და სამი თაობის გამყრელიძეები. გამყრელიძეებმა თავისი საგვარეულო ნაფუძარი მოინახულეს. ზედა სომიწო დამეწყრილია და იქ ახლა მხოლოდ კობერიძეების ოჯახი ცხოვრობს - ფირო, მისი მეუღლე ლეილა, შვილი გიორგი და ელიჩკა ბებო. სოფელში დაგვხვდა ქალაქიდან წინდღით ჩამოსული იაშვილების ორი ხანდაზმული, საოცარი ქალბატონი - ნამდვილი არისტოკრატები! ემოციურად ისე დატვირთული შეხვედრა იყო, ყველანი ერთმანეთს ცრემლებს ვუმალავდით. აკადემიკოსი ერეკლე გამყრელიძე თავის ბავშვობასთან იყო სტუმრად... გაგვიწვიმდა და ეზოს ნაცვლად სუფრა შუშაბანდში გაგვიშალეს. დიდი ერეკლე ატირდა და თვალზე ცრემლი ჰქონდა გამყრელიძეების სამივე თაობას - დათოს, მარინას, პატარა ერეკლეს და ნინოს, ჩვენ ყველას, იაშვილების საოცარ ქალბატონებს, ელიჩკა ბებოს... მხოლოდ ფირო იყო ყოჩაღად და გიორგი - მე-19 საუკუნის სოფლური კეთილშობილებით სავსე ახალგაზრდა კაცი. ქართული სოფელი ფიროსნაირი ადამიანების სიყოჩაღეზე დგას.

9 აგვისტო, ხუთშაბათი
7-ის ნახევარზე ავდექი და კალაუბნის აღმართებს შევუყევი. ამ დროს ძველი თბილისი განსაკუთრებულია. ქუჩაში ადრეული მგზავრის გარდა არავინ ჭაჭანებს. მხოლოდ მოხატული კატები ეფიცხებიან ახლადამოსულ მზეს და ცნობისმოყვარე გვრიტები დაფრთხიალებენ ვიწრო ქუჩაბანდებში. გომისა და ასკანის ქუჩებზე ჩემი საყვარელი სახლები მოვინახულე... აქ სულ ზემოთ ნარიყალას ძირში ეთერო თათარაიძე ცხოვრობს. ხო არ ვესტუმრო?... ერთი გაფიქრება ჩვეულად გავიფიქრე, მაგრამ ისევ ძალიან ადრეა. ბოტანიკურის ახალ გზაზე გადასვლა სხვა დროისთვის გადავდე. 8-ის ნახევარია, ქუჩებში უკვე მეეზოვეები გამოჩნდნენ და მეც სახლში დავბრუნდი.
დილიდან წიგნის მაღაზიებში ვიარე - ზაზა სხირტლაძის ახალ წიგნს ვეძებდი დავით-გარეჯზე. მერე ლევან ჭოღოშვილის ნახატი წავიღე ჩარჩოში ჩასასმელად. მერე პარლამენტში გავიარე - რაღაც დოკუმენტები მქონდა მოსაძებნი და მერე ოფისში - შეხვედრები. იმ მოხუცმაც დამირეკა, სამების ტაძარში ემიგრაციიდან დაბრუნებულ ახალგაზრდა ქალთან ერთად რომ შემხვდა. ერთი კვირის წინ საქართველოში დაბრუნებული საოცრად სათნო ქალბატონი გულმოკლული შემომტიროდა - ეს რა დამხვდა საქართველოშიო?! - და თან ჩემგან პასუხს ითხოვდა. შვიდი წლის შემდეგ ექიმ ალადაშვილის ოჯახი უცხოეთიდან (მონობიდან - როგორც თავად ამბობდა) დაბრუნდა და, სამწუხაროდ, სამშობლო ლამის აღარ დახვდათ...
გვიან გაწვიმდა და გააგრილა სიცხით გათანგული თბილისი. წიგნების კარადას ვალაგებდი და ერთდროულად უამრავ წიგნს ვფურცლავდი და ვკითხულობდი. ლამის ჩამომათენდა.

10 აგვისტო, პარასკევი
დილიდან ხმაური იყო გამომცემლობა “სამშობლოს” წინ. 5-ის ნახევარზე გასაყიდად გამზადებული შენობა საპატრულო პოლიციამ დაიკავა და ტელეკომპანია “კავკასია” და რამდენიმე გაზეთი (ასამდე სხვა კერძო კომპანიასთან ერთად) ქუჩაში გამოყარეს. მეც - გაზეთ “ივერია-ექსპრესთან” ერთად - მრავალი წელი მაკავშირებს ამ შენობასთან. იდეაში აქ პრესის სახლი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ავტორიტარიზმი, თუნდაც უზომოდ კარიკატურული, ამგვარ იდეებს დაუნდობლად სპობს. დათო გამყრელიძემ ტელეკომპანიას სამაუწყებლოდ “ახალი მემარჯვენეების” ოფისის დარბაზი შესთავაზა. იმედი გვაქვს, რომ “კავკასია” უმოკლეს დროში მაუწყებლობას გააგრძელებს.
ირაკლი არეშიძემ ამერიკაში გამოცემული საკუთარი წიგნი გამოგვიგზავნა საქართველოს უახლეს ისტორიასა და ქართულ რევოლუციაზე. ნაშრომი სქელტანიანია და ერთი გადახედვითაც უზომოდ საინტერესო. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ის ავანტიურა, რასაც საქართველოში ყვავილოვანი რევოლუცია დაარქვეს, სერიოზული ანალიზის საფუძველზე კრიტიკულადაა შეფასებული. მე ძალიან მაწუხებს ის რეალობა, რომ ქართულ საზოგადოებაში თითქმის არავინ აღმოჩნდა მზად (ვისაც სიტყვა ეთქმოდა და ვისგანაც ამის მოლოდინი არსებობდა), რომ ნოემბრის ავანტიურისათვის თავისი სახელი დროულად დაერქმია. მერე რა, რომ ძალიან საშიში იყო... მერე რა, რომ, შეიძლება, მაშინ ძალიან ცოტა ვინმე გაიგებდა ამას... მერე რა, რომ რევოლუციის ცრუ აპოლოგეტები ათას იარლიყს მოგაკერებდნენ... ამ ლოგიკით ხომ არც ანტიფაშისტი და არც ანტიბოლშევიკი მოღვაწეები არ იარსებებდნენ. მწარედ მახსოვს – სანთლით დავეძებდით მართალ სიტყვას, მაგრამ ამაოდ. მე ძალიან დიდი პრეტენზია მაქვს ყველასთან – ვისაც შევარდნაძე უფრო სძულდა, ვიდრე სამშობლო უყვარდა.
საღამოს მაიასთან ვიყავით შეკრებილები და ამ თემებზე ვმსჯელობდით. ამბობდნენ, რომ საზოგადოება უკვე გამოფხიზლებულია, მაგრამ საზოგადოების ფუნქცია ხომ ისაა, რომ სულ ფხიზლად იყოს...

11 აგვისტო, შაბათი
დღეს დილით ჩემები რაჭაში წავიდნენ. აი, ბავშვობაში რომ მჭირდა, ისეთი გატირება დამემართა. სოფელშიც აპირებენ ასვლას, ჩემი ბავშვობის გაუხუნარ და სიზმრებში ჩარჩენილ გარემოში. მე კი ვერ მივდივარ.
დღეს ქეთას დაბადების დღეა, ჩემი მამიდაშვილის. ისიც რაჭაშია და ბავშვობისდროინდელი ემოცია უფრო მეძალება.
ჩემი მეგობრის, ლალის დაბადების დღეც არის (მრგვალი თარიღი), მთელი მემარჯვენული სამეგობრო საღამოს მასთან, წავკისში შევიკრიბებით.
გუშინ კი ნაცნობმა ჟურნალისტმა დამირეკა და ირინა ენუქიძის ამბავი მკითხა. შევშფოთდი... ირინა ერთი კვირის წინ ვინახულეთ მე და დათომ. რთულად არის, მაგრამ თვალებით ლაპარაკობს. გვთხოვეს, ელაპარაკეთო. დათო მაინც ექიმია და მოახერხა დალაპარაკება. მე ყელში ტირილი მქონდა მოწოლილი და მხოლოდ ხელზე ვეფერებოდი. ირინამ არ იცის, რომ სანდროს მკვლელებს სასჯელი შეუმცირეს. ირინა პოსტრევოლუციურ საქართველოში ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი ადამიანია.
ამ დღიურებს “თავისუფლების” თხოვნით ვწერ. დღევანდელ საქართველოში თავისუფლებისათვის ბრძოლასთან ყველაზე მეტად ეს ორი სახელია დაკავშირებული და მეც ამ ორი სახელის ხსენებით გავასრულებ “თავისუფლებისათვის” დაწერილ დღიურებს – ირინა ენუქიძე და სანდრო გირგვლიანი.
მადლობა “თავისუფლებას”. დღიურების წერას აუცილებლად გავაგრძელებ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG