Accessibility links

logo-print

პეტრე ოცხელი - 100


წელს, 8 ოქტომბერს, ქართული საზოგადოება დიდი ქართველი მხატვრის,







პეტრე ოცხელის, დაბადების მეასე წლისთავს აღნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 30 წელი იცოცხლა და მხოლოდ 9 სეზონი იმუშავა თეატრში, პეტრე ოცხელმა მთელი ეპოქა შექმნა ქართულ კულტურაში. ოცხელის ხელოვნებამ, რომელიც ერთგვარ სკოლად იქცა მომავალი სცენოგრაფებისთვის, ქართული თეატრის სახე დაამკვიდრა.

ქართველ ხელოვნებათმცოდნეს, სცენოგრაფიის სპეციალისტ პროფესორ ქეთევან კინწურაშვილს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში გავესაუბრეთ - ქალბატონი ქეთევანი პეტრე ოცხელის წიგნს ათვალიერებდა და განუწყვეტლივ იმეორებდა, ხედავთ, როგორ არ ძველდება ეს მხატვარი... დრო გადის და ოცხელის შემოქმედება სულ უფრო და უფრო თანამედროვე ხდებაო. დავფიქრდით - რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

[ქეთევან კინწურაშვილის ხმა] ”არ ძველდება იმიტომ, რომ ხარისხი ძალიან მაღალია. თანაც, ამ დარგში საუკეთესოა ქართულ ხელოვნებაში: პეტრე ოცხელი დამაარსებელია ქართული სცენოგრაფიული სკოლისა, რომელსაც მარჯანიშვილმა ჩაუყარა საფუძველი. იგი კონსტრუქტივიზმის წარმომადგენელია, მიმდინარეობისა, რომელიც რევოლუციის შემდეგ ერთადერთი მნიშვნელოვანი მიმდინარეობაა, რომელიც რუსეთმა მისცა მსოფლიოს.”(სტილი დაცულია)

კონსტრუქტივიზმი რუსეთმა მისცა, თუმცა ოცხელის შთაგონების წყარო თავიდანვე ევროპული კულტურა იყო, ბავშვობიდანვე... იგი ხომ ქუთაისში ცნობილ კათოლიკეთა ოჯახში დაიბადა - იოსებ ოცხელი მისი ბიძა იყო. მშობლები მოსკოვში რომ გადავიდნენ, პეტრე ოცხელი კათოლიკურ ეკლესიასთან არსებულ ფრანგულ გიმნაზიაში შეიყვანეს. იქ, თურმე, საბავშვო სპექტაკლებს აფორმებდა. 1927 წელს თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა, მერე ლუნაჩარსკის პიესა ”ცეცხლის გამჩაღებლები” გააფორმა. კოტე მარჯანიშვილმა ნახა სპექტაკლი და ოცხელი თეატრში მიიწვია. 1929 წელს ოცხელისა და მარჯანიშვილის ”ურიელ აკოსტა” უკვე მზად იყო. ალექსანდრე ბურთიკაშვილის მოგონებებში ასეა აღწერილი ”ურიელზე” მუშაობის ფინალური ეტაპი:

[ალექსანდრე ბურთიკაშვილის მოგონებიდან] ”პეტრემ მოიტანა მაკეტი. კოტე დიდხანს ათვალიერებდა... აიღო თავისი განუყრელი ჯოხი და მთელი ძალღონით დაარტყა მაგიდას... ყველას გვეგონა, ეს-ეს არის ჯოხით დაგვერევა, ალბათ, არ მოსწონსო. ამ დროს კოტემ შეჰყვირა: ”გენიალურია, შესანიშნავია, ყოჩაღ, პეტრე...სად არის ის ბიჭი! - და დაინახა, რომ პეტრე სცენის სიღრმეში თავჩაქინდრული და გაწითლებული დგას.”

ამ დროისათვის კონსტრუქტივიზმი საბჭოთა სახვით ხელოვნებაში სრულიად ჩაკვდა. ახალმა იდეოლოგიამ ეს მიმდინარეობა ფორმალიზმად გამოაცხადა. მაგრამ პეტრე ოცხელი ხომ თეატრში მუშაობდა - თეატრის მხატვარი ხომ მხოლოდ ”გამფორმებლად” აღიქმებოდა, ფონის შემქმნელად... ამიტომ მას მეტი თავისუფლება ჰქონდა. სხვა საქმეა, რომ ოცხელმა ეს ”ფონი” სპექტაკლის ორგანულ ნაწილად აქცია - ”ურიელ აკოსტას” სახედ. მაგალითად, კიბე, რომელიც ”ურიელის” თითქმის ყველა სურათში თამაშდება, მაგალითად, სავარძლის ფორმა, რომელიც ვერიკო ანჯაფარიძის პერსონაჟის სილუეტს იმეორებს... და ეს ყველაფერი მოიფიქრა 22 წლის ახალგაზრდამ, თანაც, როდის? მაშინ, როცა ქვეყანა სოციალისტური რეალიზმის მეთოდის დაკანონებისთვის ემზადებოდა.

[ქეთევან კინწურაშვილის ხმა] ”როდესაც სოციალისტური რეალიზმი დაკანონდა, როგორც ოფიციალური სტილი, იმ პერიოდიდან თანდათანობით ჩაკვდა ეს მიმდინარეობა... მაგრამ თეატრის პირობითი ბუნების გამო, შენარჩუნდა...ოცხელმა შეძლო რეალისტური ელემენტების შეტანა ისე, რომ თეატრის პირობითი ბუნებისთვის არ ეღალატა.”(სტილიდაცულია)

ქეთევან კინწურაშვილის თქმით, ოცხელის სტილი მეოცე საუკუნის რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს. ”ურიელის” შემდეგ გაფომებულ სპექტაკლებში - ქუთაისში, შემდეგ მოსკოვში გაფორმებულ სპექტაკლებში (განსაკუთრებით საინტერესოდ ითვლება მოსკოვის მცირე თეატრში ოცხელის მიერ გაფორმებული შილერის ”ვერაგობა და სიყვარული” და ლოპე დე ვეგას ”ცხვრის წყარო”) - პეტრე ოცხელი ერთ ხაზს ეყრდნობა - სუპერმატიზმიდან კუბიზმამდე და მერე კონსტრუქტივიზმამდე...

[ქეთევან კინწურაშვილის ხმა] ”ტატლინი იყო ერთ-ერთი პირველი კონსტრუქტივისტი. 21 წელს, როცა ნაუმ გაბომ საფუძველი ჩაუყარა კონსტრუქტივიზმს და მანიფესტი გამოაქვეყნა, ტატლინი უკვე მუშაობდა. მისი წინაპირობა სუპერმატიზმია და როგორც ტატლინთან, ისე მალევიჩთან კუბიზმის ელემენტი ძალიან მნიშვნელოვანია. კონსტრუქტივიზმში შენარჩუნდა კუბიზმის ელემენტები და მისი გადამუშავება მოხდა.”

იცოდა თუ არა კარგად ოცხელმა, რა ხდებოდა მაშინდელ მსოფლიო ხელოვნებაში? - ვკითხეთ ქეთევან კინწურაშვილს. განა უცნაური არ არის, რომ 30-იანი წლების ჩაკეტილ საბჭოთა კულტურაში პეტრე ოცხელი ახერხებს შემოიტანოს და დაამკვიდროს სახვითი ხელოვნების ის მიმართულებები, რომელთაც ცეცხლით და მახვილით ებრძვის საბჭოთა იდეოლოგია? უცნაური არ არის, რომ სახვით ხელოვნებაში ერთადერთ ნორმად ცრუკლასიციზმი ცხადდება, ე.ი. ნიღბად ქცეული, მძიმე ”ზიზილ-პიპილო” - პეტრე ოცხელი კი საგნის არსს გამოხატავს და განტვირთულობაში ასახავს ჭეშმარიტების სილამაზეს... როგორ მოახერხა მან ეს? - ვეკითხებით პეტრე ოცხელის შემოქმედების მკვლევარს, ქეთევან კინწურაშვილს.

[ქეთევან კინწურაშვილის ხმა] ”არ ვიცი. ეს მარჯანიშვილის დამსახურებაა, რომელმაც ინფორმაცია მიაწოდა და სწორი გეზი მისცა, მაგრამ ის მაინც იყო უნიჭიერესი ადამიანი და კარგად შეისრუტა ეს ყველაფერი. ვლაპარაკობთ კონსტრუქტივიზმზე, კუბიზმზე, მაგრამ პეტრე ოცხელს აქვს თავისი სახე.”(სტილი დაცულია)

პეტრე ოცხელი ევროპელი მხატვარიაო, ვამბობთ...თუმცა ხელოვნებათმცოდნეები მის შემოქმედებაში განუწყვეტლივ მიუთითებენ ქართული მხატვრული ფორმის გავლენაზე... დავით კაკაბაძისა არ იყოს, ოცხელმა მოახერხა მეოცე საუკუნის ქართული მხატვრობის ინტეგრაცია დასავლეთთან მაშინ, როცა ინტეგრაციის არანაირი საშუალება არ არსებობდა... თუ, უბრალოდ, ასეთია ეროვნული მხატვრული ფორმა - დასავლურზე ორიენტირებული? ქეთევან კინწურაშვილის თქმით, ეს ძალიან დელიკატური საკითხია და საკმაოდ რთული ასახსნელიც:

[ქეთევან კინწურაშვილის ხმა] ”ქართველი, როცა კარგი მხატვარია... ყოველთვის ვლინდება, რომ გარკვეულ ეროვნებას ეკუთვნის, მაგრამ რაში ვლინდება, ეს ძნელი ჩამოსაყალიბებელია...შეიძლება ფერში? ამბობენ, რომ თავშეკავებული ფერი ტრადიციაა... რა თქმა უნდა, ქართული ხელოვნების ნაწილია და, ამავე დროს, მსოფლიო ხელოვნების ნაწილია.”(სტილი დაცულია)

1939 წელს პეტრე ოცხელი უკვე ცოცხალი აღარ იყო, როცა მისი ესკიზები ლონდონში, თეატრის მხატვრების გამოფენაზე, დიდი ოქროს მედლით აღინიშნა. მიუხედავად ამისა, დასავლეთს ჯერ წინა აქვს გაოცება დიდი ქართველი მხატვრის შემოქმედებით. უახლოეს ხანში პეტრე ოცხელის ნამუშევრები ევროპის დიდ საგამოფენო დარბაზებში იქნება წარმოდგენილი.




XS
SM
MD
LG