Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


ნანა დევდარიანი ამ კვირაში დღიურებს წერდა ნანა დევდარიანი

- ყოფილი ომბუცმენი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ასევე ყოფილი თავმჯდომარე, ამჟამად კი დიასახლისი და თავისუფალი ჟურნალისტი.

2 სექტემბერი, კვირა
ექვსის ნახევარზე მეღვიძება. შემდეგ ძილ-ბურანში მახსენდება, რომ სამსახურში არა ვარ წასასვლელი და შემიძლია ძილი შევიბრუნო. თითქმის ყოველ დილით ასეა 2005 წლის შემდეგ. იმ დრომდე კიდევ რაღაც სამუშაო იყო. ხან "ტელეიმედი", ხან უნივერსიტეტი, ხან - მამუკა არეშიძის პროექტი. საბოლოოდ ყველგან ყველაფერი დამთავრდა. იმედში ჩემი საავტორო პროგრამა ორშაბათს რომ უნდა გასულიყო ეთერში, პარასკევს "გადაიფიქრეს". დავრჩი ცოტა ხანს რედაქტორად, მაგრამ მერე იქაც შემცირება "მოხდა". ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ამ "შემცირებაზე" ერთი კვირით ადრე დათო აქუბარდიამ გამაფრთხილა. ვერც მაშინ დავიჯერე და არც ახლა მჯერა, რომ პრეზიდენტს კერძო ტელეკომპანიაში რიგითი რედაქტორის საკითხი აინტერესებდეს. მაშინ მეგობრულად მირჩიეს, ბადრი პატარკაციშვილთან გამერკვია ეს საკითხი. არც მიცდია. ჯერ ერთი, არა მგონია, მასთან შეუთანხმებლად გადაეწყვიტათ რაიმე, მეორეც, "არა არს რა დაფარული, რაიც არ გაცხადდეს" - ესე იგი, მაშინ გაცხადდება, როცა საჭიროა.
უნივერსიტეტში კონტრაქტით ვიყავი და ცნობილი რეორგანიზაციის შემდეგ აღარ მივუწვევივართ. მე რა მეთქმის, როცა უამრავი ადამიანი გაუშვეს, ვისაც უნივერსიტეტის იქით არც სხვა საქმე ჰქონია ოდესმე და არც შემოსავალი.
დარჩა ჩემი დისერტაცია უკვე მესამეჯერ დაუცველი. პირველად 1989 წელს - 9 აპრილის შემდეგ ამისთვის ვის ეცალა?! გადაიდო უკეთესი დროისათვის. მერე სულ აირია ყველაფერი. შემდეგ, როცა სახელმწიფო სამსახურში ვიყავი, უხერხულად ჩავთვალე ამის გაკეთება, თუმცა სხვა უამრავმა "ჩინიანმა" ვერავითარი უხერხულობა ვერ დაინახა ამგვარ "გამეცნიერებაში". მესამედ, 2004-ში, ნიკო ლეონიძემ ისევ გამოიღო სეიფიდან ჩემი გაყვითლებული საქაღალდე და გადასამუშავებლად მომცა. ბევრი საინტერესო რამ აღმოვაჩინე ხელახლა, მუშაობაც დავიწყე, მაგრამ ახლა უნივერსიტეტი აირია. ეტყობა, ასეა საჭირო. მე მგონი, ფატალისტი გავხდი. ერთი, რაც მამშვიდებს, ის არის, რომ ჩემს დისერტაციაზე არც სამყაროს, არც საქართველოს და არც ჩემი ოჯახის ბედი არ არის დამოკიდებული.
მამუკას პროექტი "ეს საქართველოა" ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ ვერ განხორციელდა. დასანანია. კინოსცენარებზე რომ არაფერი ვთქვა, სხვა უამრავი ღონისძიება იგეგმებოდა, რომელიც უთუოდ შეუწყობდა ხელს საქართველოს პოპულარიზაციას მსოფლიოში.
ერთი სიტყვით, სამსახურში არ მაგვიანდება. ჩემი სამუშაო აქვეა, ჩემს ეზო-კარში და გაკეთებულიც და გაუკეთებელიც აქვე იჩენს თავს. გულით მეცოდებიან უმუშევარი მამაკაცები, თორემ ქალი ყოველთვის დატვირთულია ოჯახში და საქმეს ვერც გამოლევს, გულითაც რომ უნდოდეს. მით უფრო - სოფელში. ჩემი ნება რომ იყოს, ყველა პოლიტიკოსსა თუ სახელმწიფო მოხელეს რამდენიმე წლით სოფელში გავუშვებდი საცხოვრებლად, რომ კარგად გაიგონ, რა ყოფით ცხოვრობენ ადამიანები ამ ქვეყანაში.
ერთხელ დედაჩემმა მიამბო, როგორ გაგზავნეს ბავშვობაში ნათესავებთან სოფელში დასასვენებლად და როგორ გაოცდა, როცა დაინახა, რომ დიასახლისმა პირის დაბანისთანავე, საუზმემდე, ეზოს დასუფთავება დაიწყო. ეს მართლაც ასეა. დღე ამით იწყება, ამით და ფრინველ-საქონლის მოვლით. მე საქონელი არ მყავს და იმიტომაც შემიძლია, ცოტა გვიან ავდგე. მაგრამ ეზოს რიტუალი შეუცვლელია. სანამ ჩაიდანი ადუღდება, ყველა ხისა და ყვავილის შემოვლას ვასწრებ. პირველად საკუთარი თავი ხეებთან ლაპარაკზე რომ დავიჭირე, ვიფიქრე, ეტყობა ნელ-ნელა ვგიჟდები-მეთქი, მაგრამ მერე ლუბასთან ლაპარაკში გაირკვა, რომ მარტო მე არ მჭირს ასეთი რამ. ისე, რა გასაკვირია, მამაჩემი ოთახის ყვავილებსაც კი ყოველდღე ელაპარაკებოდა და ეფერებოდა. მცენარისათვის ეს აუცილებელია. მცენარისთვისაც და ადამიანისთვისაც. უფრო მეტიც: შარშან შევამჩნიე პირველად, რომ მეზობლის ხეების ტოტები ჩვენს ღობეზე გადმოდის. ჩვენგან კი არც ერთი ტოტი არ არის გადასული. კარგა ხანს ვერ ვხვდებოდი მიზეზს და ახლაღა მივხვდი, რომ ისინი ადამიანისაკენ იწევენ. ჩვენ მუდმივად აქ ვცხოვრობთ, მეზობლები კი მხოლოდ ზაფხულში ამოდიან.
ერთადერთი, რაც ჩემი თბილისური დილიდან უცვლელად გადმოვიდა, ორი ფინჯანი ყავა და სუდოკუა. ასეთი თავსატეხის შექმნა, ალბათ, მარტო იაპონელებს შეეძლოთ. ჩინებული სავარჯიშოა გონებისათვის. ამის შემდეგ კი უკვე გარე სამუშაოებს ვიწყებ. ხმელი რაც არის, უნდა შეიჭრას, სარეველა მოცილდეს, ჩამოცვენილი ხილი აიკრიფოს. მალე ხილის არაყიც გამოიხდება. ბოსტანმა წელს ვერ მასახელა. შარშან უზარმაზარი ჭარხლები, მშვენიერი პომიდვრები და ნაირ-ნაირი მწვანილი გვქონდა. ჭეშმარიტად არის ნათქვამი, რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნებისო. თესლიც იგივე იყო, მიწაც და შრომაც, მაგრამ არ მოვიდა ბოსტნეული: ისე, აქა-იქაა. სამაგიეროდ, ხეხილს ესხა იმდენი, რომ ვაშლის და ლეღვის უზარმაზარი ტოტები ჩამოტეხა. ახლა შეყენებული გვაქვს ზოგან კიბე, ზოგან ჯოხი. ერთი სიტყვით, წელს კომპოტების და მურაბების წელია.
ოთხი წელი შესრულდა, რაც თბილისიდან გადმოვედით. ახლა უკვე აღარ მესმის, იქ როგორ ვცხოვრობდი. ერთადერთი უკმარისობა ინტერნეტის უქონლობაა. სამი წელია, გვპირდებიან, მაგრამ საშველი არ დაადგა.
მაია და ირაკლი ამოვიდნენ მეგობრებთან ერთად. თეა ფეხმძიმედაა. ეს ხომ საოცრებაა, როცა ქალი უდიდესი საიდუმლოთია გაცისკროვნებული შიგნიდან. ამაზე დიდი მისტიკა არ არსებობს. ისე, აქ ცხოვრებამ დამანახა, რომ ქალაქელები მისტიკას წიგნებსა და მოძღვრებებში ეძებენ, სიფელში კი მისტიკა ყოფაში და ყოველდღიურობაშია. თუმცა, ამას თეას ფეხმძიმობასთან პირდაპირი კავშირი არა აქვს. ეს არის მისტიკის ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩა ქალაქს.
ბევრი ვილაპარაკეთ აფხაზეთზე. ამბობენ, რომ ყოფილი "ბოევიკების" მკვლელობები გახშირდა, ძირითადად, ჩეჩნებისა და კაზაკების. იქაურობა სავსეა დამსვენებლებით. მარტო საწოლი დღეში 30 ლარი ღირს. არის უფრო ძვირი აპარტამენტებიც. ვუსმენ და ვფიქრობ, რომ ამ თაობას (23-27 წლისას) ჯერ კიდევ ახსოვს მათი ბავშვობისდროინდელი აფხაზეთი, მათზე უმცროსებს კი - უკვე აღარ. მიხარია, რომ დაუეჭვებლად ამბობენ, აფხაზეთში აუცილებლად დავბრუნდებითო. ღმერთმა ქნას!
ბიჭებმა მწვადი შეწვეს. არასოდეს არ მესმოდა, რა სიამოვნებაა შემწვარი ხორცის ჭამა. ახლაც ფხალეულზე გადავედი.
ბავშვები გვიან წავიდნენ. ღამის საინფორმაციოდან გავიგე, რომ პენტაგონს სამდღიანი ბლიც-კრიგის გეგმა შეუმუშავებია ირანის წინააღმდეგ. ამ გეგმით 1200 სტრატეგიული ობიექტი უნდა დაიბომბოს. ღმერთო ჩემო, ჩვენ ისევ შუაში ვართ გამოჩხერილი! ჯერ ერაყიდან ვერ გამოსულან და ახლა - ირანი! მე მგონი, ასეთი სულელი პრეზიდენტი შეერთებულ შტატებს ჯერ არ ჰყოლია! დავწერე და ახლაღა გამახსენდა, რომ ამ დღიურს რადიო "თავისუფლებისთვის" ვწერ. ამიტომ ბუშის თემას აღარ განვავრცობ. ისიც ეყოფა, რომ "ღმერთს ყოველდღე ესაუბრება"!

3 სექტემბერი, ორშაბათი
დილით, ეზოში რომ ვმუშაობდი, ხმაური მომესმა და გავედი. მეზობლები ლაპარაკობდნენ. მერის ქურდებისთვის წაუსწრია და გამოჰკიდებია. დაუყრიათ ნაქურდალი და გაქცეულან. იქვე ეწყო ალუმინის ქვაბები. ვერ მოასწრეს დამსვენებლებმა წასვლა და ქურდობაც დაიწყო. ნეტა, როდის მოეღება ამას ბოლო?
ნაშუადღევს ელისო ამოვიდა, ჩემი მული. სახელმძღვანელო გამოუციათ და მოიტანა. ბევრი ვისაუბრეთ განათლების პრობლემებზე. ესეც უკვე რაღაც რიტუალად ყალიბდება; თუ ადრე ამინდზე ლაპარაკობდნენ, ახლა ყველა განათლებაზე საუბრობს.
ელისომ სიცილით მომიყვა, როგორ შევუდარებივარ მის მეგობარს დიოკლეტიანესთან. ბევრი ვიცინეთ, თუმცა რა არის ამაში სასაცილო? ვინც არ იცის, იმას ჰგონია, რომ კომბოსტო იოლი მოსაყვანია. ნურას უკაცრავად, როგორც პრეზიდენტი სააკაშვილი იტყოდა!
ცოტა ხანში დათო შემოგვიერთდა, კიდევ ერთი გადმოსახლებული თბილისელი. რაც დიეტაზე დასვეს, სულ მშიერია. გამოვულაგე ყველაფერი, რაც მქონდა და, რა თქმა უნდა, დიეტა დაარღვია. ისე, ცოტათი დაარღვია, ძალიან კი არა, მაგრამ იმდენი ინანა, რომ ჯობდა, სერიოზულად დაერღვია.
ბუში ერაყში ჩასულა კონსპირაციულად და სამხედროების წინაშე გამოსულა. სიბნელეში, ორი ჯავშანმანქანის ფონზე და შავი პერანგით (რომ არ აეფეთქებინათ!) გვიყვებოდა, როგორ გაუმჯობესდა ვითარება ერაყში.
რატომღაც გამახსენდა დენ ბრაუნის "ციფრული ციხე-სიმაგრე". რაღაც იყო იქ ისეთი, რაც ცნობიერებაში ხიჭვივით ჩამრჩა. ავიღე და გადაკითხვა დავიწყე. უკვე ძალიან გვიან ღამით, ბოლოში გასულმა, ვნახე ის, რაც მაწუხებდა, მაგრამ არ მახსოვდა. მთელი ამ ჰოლივუდური სიუჟეტის კვანძის გახსნისას ყველა პერსონაჟი გამართლებულია, ისიც კი, ვინც კაცი მოაკვლევინა, ვინც შეკვეთილის გარდა, უდანაშაულო მოწმეებიც ზედ მიაყოლა, ისიც, ვინც იცოდა და ხელი არ შეუშალა. ყოველივე ამის გამართლება ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებაშია მოძებნილი. ერთადერთი უარყოფითი გმირი აღმოჩნდა იაპონელი, რომელიც (ყურადღებით, ეს ციტატაა!) "განასახიერებდა ძველ იაპონიას, მისი დევიზი იყო 'უღირსობას სიკვდილი სჯობს'. მას სძულდა ამერიკელები. სძულდა ამერიკული სამზარეულო, ამერიკული ზნე-ჩვეულებანი, მაგრამ ყველაზე მეტად მისთვის საძულველი იყო ის, რომ ამერიკელებს რკინის ხელით ეჭირათ კომპიუტერული პროგრამების მსოფლიო ბაზარი!" როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია!
ჩემის აზრით, ეს არის გლობალიზაცია ლიტერატურაში. საერთოდაც, მთელი მსოფლიო უნდა კითხულობდეს დენ ბრაუნს, პაულო კოელიოს და ჯოან როულინგს. და ვიქნებით მთელი მსოფლიო ჰარი პოტერები!

4 სექტემბერი, სამშაბათი
არასოდეს არ მიყვარდა საპარიკმახეროში სიარული. ალბათ, ამიტომაა, იქამდე მიმყავს საქმე, რომ გადადება აღარ შეიძლება. დღეს სწორედ ეს დღეა. დათომ გამომიარა და წავედით. დათო ძალიან ჩქარობს. დრო ფულიაო! - ამბობს და იცინის. დათოსი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის დრო ფული არც ყოფილა და არც არის. სიმარტივისადმი ამერიკელთა უზომო მიდრეკილება წარმოშობს ამგვარ "მარგალიტებს". აი, ასე, ერთი ხელის მოსმით გადაწყვიტა თომას ჯეფერსონმა ყველაზე ღრმა ფილოსოფიური პრობლემა - რა არის დრო? ეს წარმავალი კატეგორია ან, სულაც, არარსებული. თუ მარადიული? სხვათა შორის, ძალიან ბევრს ჯეფერსონი პრეზიდენტი ჰგონია, რაკი 2-დოლარიანზეა გამოსახული. არადა, იგი პრეზიდენტი არ იყო. ისე, ამაშიც არის ერთგვარი ბედის ირონია: ამერიკული ცხოვრების წესის ერთ-ერთი საფუძვლის შემოქმედს ასეთი მცირე ღირებულების ბანკნოტი რომ ერგო. ასე რომ, დრო ფულია, უფრო ზუსტად კი - 2 დოლარი...
არ მეგონა, თმაზე საღებავწასმულს ხმით თუ მიცნობდა უცხო ადამიანი. ოპერის მომღერალი აღმოჩნდა. გაიცინა: აბსოლუტური სმენა მაქვსო. ჩემი კარგი ნაცნობის - ჟურნალისტის - მეზობელი აღმოჩნდა. მისი ამბებიც მომიყვა და ტელეფონიც მომცა. ბავშვი უკვე სკოლაში მიდის. სწორად არის შემჩნეული: სხვისი ბავშვები მალე იზრდებიან!
დიდი ხნის დანაპირები ავასრულე და ალიკოსა და დარეჯანთან ავედი. პატარა ბაღი ბინის წინ ნამდვილი სამოთხეა. დავისვენე. საკუთარ ბაღში ასე ვერ დაჯდები. ეს, ალბათ, აღზრდის ბრალია. დედაჩემი უსაქმოდ თუ დამინახავდა, მკითხავდა, საქმე ვერ მოძებნე, ყველაფერი მოლეული გაქვსო? და ახლა, როცა მეუბნება, რომ ხანდახან საქმე უნდა გადავდო და დავისვენო, სულ ამ ფრაზას ვახსენებ ხოლმე. ასევე ბავშვობიდან ჩამინერგა, რომ წიგნის შუაგზაზე მიტოვება არ შეიძლება, ბოლომდე უნდა წაიკითხო. სასაცილოა, მაგრამ დღემდე ასე ვარ - კიდევაც რომ არ დამაინტერესოს, სანამ ბოლომდე არ წავიკითხავ, ვერ გადავდებ. ყველაზე დიდი შეღავათი, რის უფლებასაც თავს ვაძლევ, ის არის, რომ ზოგჯერ რამდენიმე წიგნს ვკითხულობ ერთდროულად. არადა, რამდენი სისულელეც წამიკითხავს! მეორე მხრივ, თუ არ წაიკითხე, საიდან გეცოდინება, რომ სისულელეა? სხვისი ნათქვამით? არ წამიკითხავს, მაგრამ ვეთანხმებიო, არა?
წიგნებზე გამახსენდა: მაიკო დამპირდა, რომ ეფრაიმ სეველას მომიტანს - "გააჩერეთ თვითმფრინავი". სამი წელია, უშედეგოდ ვეძებ. ინტერნეტში წავიკითხე, მაგრამ წიგნად ვერსად ვიშოვე. არადა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც წიგნს პერიოდულად სიამოვნებით დაუბრუნდები. დოჩანაშვილის არ იყოს, ვისაც არ წაუკითხავს, მან არ იცის, რა სიამოვნება ელის. მე კი ვიცი და ველი, როდის მომიტანს მაიკო.
საერთოდ, ჩემმა უმუშევრობამ ის სიკეთე მოიტანა, რომ ბევრი რამ, რის წაკითხვასაც ვერ ვასწრებდი, ახლა წავიკითხე ან გადავიკითხე. ბოლო სამ წელს რომ გადავხედო, ყველაზე უკეთესი იყო ჰანტინგტონის "ცივილიზაციათა შეჯახება", ყველაზე უარესი - ფუკუიამას "ისტორიის დასასრული". ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სუბიექტურია. ახლა ეს წიგნის მოვაჭრეებიც გაუყრიათ "სამშობლოდან" და რა უნდა ვქნა, არ ვიცი. თუმცა, რედაქციები გარეკეს და მოვაჭრეებს რას უზამდნენ!
სახლში რომ დავბრუნდი, კოკამ ნათელაშვილის სარჩელის ამბავი დამახვედრა. სხვისი არ ვიცი და სტრასბურგის სასამართლოსთან ჩემი შეხების შემდეგ საკმაოდ წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება გამიჩნდა. ღირს კი, მაგალითად, ადამიანის თავისუფლების წლები იმ თანხად, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო ხელისუფლებას აკისრებს? ან რა თანხაა ადამიანის უკანონო პატიმრობის ადეკვატური? თუ აქაც ის ფორმულა მუშაობს: "დრო ფულია?" ან ნათელაშვილის შემთხვევაში, კიდევაც რომ დაკმაყოფილდეს სარჩელი, 2004 წელს ხომ ვეღარავინ დააბრუნებს უკან? თუმცა, სარჩელის შესახებ სრული ინფორმაცია არა გვაქვს, რადგან ჩვენი ჟურნალისტები ძველ პრაქტიკას აგრძელებენ და დოკუმენტების წაკითხვას სხვისი მონაყოლი ურჩევნიათ. დაველოდოთ, დრო გამოაჩენს, შალვა ფულს მოიგებს, თუ სხვა რამესაც.

5 სექტემბერი, ოთხშაბათი
ახლა დღიურს გადავხედე და მივხვდი, რომ არაფერს ვწერ იმაზე, რაც ყოველდღიურია და რის გარეშეც დღე არ გავა. ეს მარტო დალაგებას თუ სადილის მზადებას კი არ ეხება, არამედ ლოცვასაც. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ლოცვა ყველაზე სათუთი რამ არის და ადამიანს არ ეტყვი იმას, რასაც უფალს შესთხოვ. ერთს კი ვიტყვი, რომ დილა იწყება და ღამე თავდება მადლობით უფლისადმი, რადგან ყოველი წუთი მისი ნაჩუქარია. ჯეფერსონი კი ამბობს, დრო ფულიაო! კახელისა არ იყოს, "რაღამც შენ იტყვი, აი!"
საჭმელს რაც შეეხება, ყოველთვის მაინტერესებდა, რით იკვებებოდნენ ქართველები XVII საუკუნემდე, როდესაც ლობიო, პომიდორი, სიმინდი, კარტოფილი და სხვა პროდუქტი შემოვიდა. ცხადია, ხაჭაპურს და ხინკალს არ ვგულისხმობ, ყოველდღიური სამზარეულო მაინტერესებდა. ახლა, როცა დრო გამომიჩნდა, ბევრ საინტერესო რეცეპტს მივაგენი. ღომი რომ ღომისაგან კეთდებოდა და არა სიმინდის ფქვილისაგან, ეს ჯერ კიდევ ბებიაჩემისაგან ვიცოდი. რატომღაც თვლიან, რომ სუპები რუსული ან ევროპული სამზარეულოს დამახასიათებელია. არადა, ქართველები უამრავ შეჭამანდს ამზადებდნენ: პურით დაწყებული, მაყვლით, შინდითა და ალუბლით დამთავრებული. ფხალეულს ხომ, ნუ იტყვი, მარტო ჭარხალი და ისპანახი კი არ იცოდნენ. ხოდა, მეც ავდექი და, რაც შემეძლო, ისევ დავაბრუნე ხმარებაში. ყველას მოსწონს და, რაც მთავარია, ჯანსაღი საკვებია. თუ მართებულია თეორია იმის შესახებ, რომ საკვები სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობებს ეთნოფსიქოლოგიას, მაშინ ჩემს ამ გატაცებას, გასტრონომიულის გარდა, სხვა უფრო მაღალი მოტივაციაც შეეძინება.
მერის მეუღლეს, ოთარს ვესაუბრე კარგა ხანს. გაიხსენა სტალინი, ბერია, გერმანიაში გატარებული წლები. მერიმ შემომჩივლა, ძველი ამბები კარგად ახსოვს, ამდილანდელი ან გუშინდელი კი - არაო. მე ვუთხარი, რომ ეს ალცჰაიმერის დაავადებას ახასიათებს. დიაგნოზიც ასეთი აქვსო, მიპასუხა მერიმ. პრეზიდენტ რეიგანსაც ეგ დაავადება ჰქონდა-მეთქი, ვუთხარი და გავიფიქრე: სად ამერიკა და სად საქართველო, სად რეიგანი და სად ოთარი, მაგრამ ცხოვრებაში არის მომენტები, როცა პირველი ლედი ნენსი და მშრომელი მერი თანასწორი ხდებიან.

6 სექტემბერი, ხუთშაბათი
პრეზიდენტი განმუხურში გამოვიდა და ოპოზიციას საერთაშორისო ორგანიზაციებიც ზედ დააყოლა: ჩვენ მათი უსუსური რჩევები კი არა, რეალური მხარდაჭერა გვჭირდებაო. რა გასაკვირია, როცა შეერთებულმა შტატებმა შუაგულ ევროპაშიც - ყოფილ იუგოსლავიაში და ერაყშიც - ისე გამოიყენა შეიარაღებული ძალები, გაეროსა და ეუთოსთვის არაფერი უკითხავს!
გარდაიცვალა ლუჩანო პავაროტი. ჩვენს ნორჩ მოხელეებს რომ შეხედავ, შეიძლება არ დაიჯერო, რომ პავაროტიმ მხოლოდ 30 წლის ასაკში დაიწყო პროფესიულ სცენაზე სიმღერა და 71 წლისა ჯერ კიდევ არ იყო პენსიაზე გაშვებული.
გიომ თბილისიდან ჩვენი ძველი სამზარეულო და დივანი გამოგვიგზავნა. ეს დივანი, რომელზეც მე და კოკას 15 წელი გვეძინა და რომელიც 80-იან წლებში დიდის ამბით გვიშოვა დედაჩემმა, აქაც არ აგვცდა, მაგრამ კოკამ აივანზე დადგა და ახლა იქ დაჯდომას ან წამოწოლას არაფერი სჯობს.
ზაფხული ისე გავიდა, დედაჩემი ვერ ამოვიდა. პირველად ისე მოილია ლეღვი, რომ ერთხელ გავუგზავნე კალათით. არადა, ხიდან მოწყვეტილი სულ სხვაა! ამ დღეებში უნდა ამოვიდეს. დავსვამ და თითსაც არ გავანძრევინებ - დაისვენოს.

7 სექტემბერი, პარასკევი
დღეს პარლამენტი მთავრობას ამტკიცებს. ყველაფერი ისევეა, როგორც ყოველთვის. ოპოზიცია აპროტესტებს, უმრავლესობა ნიშნს უგებს. კომიტეტის თავმჯდომარეებმა გამოსვლაც კი არ მიიჩნიეს საჭიროდ. ცალი ყურით ვუსმენ და ვხვდები, რომ ჩემი "თავისუფლების დღიური" ამისგან თავისუფლებასაც გულისხმობს: ადრე ხომ არც ერთ სიტყვას არ გამოვტოვებდი და ბევრსაც ვინერვიულებდი. სანამ სახალხო დამცველი ვიყავი, არც ერთხელ არ გამომირთავს ტელეფონი. სულ იმის შეგრძნება მქონდა, რომ თუ ტელეფონს გავთიშავდი, მაინცდამაინც მაშინ მოხდებოდა რაღაც გამოუსწორებელი... ახლა რაიმე საშინელება რომ ხდება, უცებ გამიელვებს ხოლმე: რა ბედნიერებაა, რომ ეს მე აღარ მეკითხება! მაგრამ ცხოვრება ხომ სამსახური არ არის. არც ის არის დიდი შეღავათი, რომ შენ აღარ გეკითხება. ეს ყველაფერი შენს გარშემოა და უშუალოდ გეხება.

8 სექტემბერი, შაბათი
სანამ "თავისუფლებაში" წამოვიდოდი, ბოსტანს კიდევ ერთხელ გადავხედე. გული მოგიკვდება, განსაკუთრებით - შარშანდლის შემდეგ. მეზობელმა მირჩია, პატივი მიეციო. უცებ ვერ მივხვდი და მერე გამინათდა - ქართულ ენაში "პატივს" და "ნაკელს" სინონიმებად ხმარობენ. კარგი იქნებოდა, ჩვენს პოლიტიკოსებს ეს მუდამ ახსოვდეთ. ამას წინათ თემური მეხუმრებოდა, არ გამოვა შენგან მებოსტნე, დაბრუნდი პოლიტიკაშიო. დავბრუნდებოდი "დიდ ავიაციაში", მაგრამ ზურგსუკან მესმის ბავშვის ყვირილი: "ვალიკო, არ მინდა დურბინდი, არ მინდა!"

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG