Accessibility links

logo-print

დროებით ადმინისტრაციაში უარყოფენ ”მშვიდობის მარშისთვის” მზადებას


სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მზადებაა - მზადება ეგრეთ წოდებული ”სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” დღის აღსანიშნავად.

ღონისძიებები 16 -დან 20 სექტემბრის ჩათვლით იგეგმება ..16 სექტემბერს როკის გვირაბთან უნდა გაიმართოს აქცია სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანების მოწოდებით და მასში ცხინვალში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან ჩასულმა ახალგაზრდებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა. ედუარდ კოკოითის მიერ ჩაფიქრებულ ამ ღონისძიებას მოჰყვება სხვა, კერძოდ, ოსი ხალხის მეექვსე ყრილობა, რომელმაც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დღევანდელ დღესა და მომავალზე უნდა იმსჯელოს. ცხინვალში შიშობენ, ასეთ მნიშვნელოვან დღეებში მოძრაობა ”გზა მშვიდობისა კოკოითის” არ გააქტიურდეს და ავრცელებენ ცნობას, რომ თბილისი ცხინვალის მიმართულებით ოსთა ”მშვიდობის მარშს” გეგმავს. რამდენად საფუძვლიანია ეს შიში, რის გამოც ცხინვალს ოფიციალური მოსკოვი ექომაგება?

საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს კონფლიქტის ზონის მოსახლეობის მშვიდობიან მსვლელობაში ჩასართავად, იგეგმება რამდენიმე ათასი კაცის გარეთ გამოყვანა - ამგვარ ინფორმაციას ცხინვალიც ავრცელებს და მოსკოვიც, ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც. ცხინვალშიც და მოსკოვშიც გამოთქვამენ შეშფოთებას იმის გამო., რომ ”მშვიდობის მარშით” საქართველოს ხელისუფლება სერიოზული პროვოკაციების მოწყობას გეგმავს - თანაც, სწორედ იმ დღეებში, როცა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში რესპუბლიკის დღეები უნდა აღინიშნოს. ვლადიმერ სანაკოევი კი, სპიკერი მოძრაობისა ”სამხრეთ ოსეთის ხალხი მშვიდობისათვის”, ირწმუნება, რომ მან და მისმა მეგობრებმა არაფერი იციან
”მშვიდობის მარშის” მზადების შესახებ:

[ვლადიმერ სანაკოევის ხმა] ”ამ საკითხის განხილვა ჩვენთან არ ყოფილა, ჩვენ არაფერი დაგვიგეგმავს. ეს არის ცხინვალში მოგონილი სუფთა ჭორი, ამ ჭორის ავტორია ედუარდ კოკოითი და ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ამ ჭორს აჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ”

როგორც ვლადიმერ სანაკოევი ამბობს, ჭორს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აჰყვა და საგანგებო განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია: ” აშკარაა, რომ აქციის ორგანიზატორებს შორსმიმავალი გეგმა ამოძრავებთ. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს მათი სცენარი: მსვლელობის მონაწილეების სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან და სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებთან დაპირისპირების პროვოცირება, რის შემდეგაც დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი თბილისს რეგიონში წესრიგის დამყარების თხოვნით მიმართავს. ” რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს დანაშაულებრივი თამაში ცეცხლთან და აცხადებს, რომ, კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავების შემთხვევაში, რუსეთი მიიღებს ადეკვატურ ზომებს - მათ შორის, რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
შეკითხვას, რა საფუძველზე აღელდნენ ასე არა მარტო ცხინვალში, არამედ მოსკოვშიც, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ბორის ჩოჩიევი, უპასუხებს:

[ბორის ჩოჩიევის ხმა] ”საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ცნობას, რომ საქართველოს ხელისუფლება ამზადებს რაღაც სულელურ მარშს.”

ასეთ ცნობას აქტიურად ავრცელებდნენ თავად თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საინფორმაციო საშუალებები და კოკოითი, საკუთარ ცნობაზე დაყრდნობით, მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას ხელი აეღო პროვოკაციული გეგმის განხორციელებაზე. პანიკა ” რესპუბლიკის” დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების წინ ატყდა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ ასე სცადა თავი დაეზღვია რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა საპასუხო ღონისძიებებისგან... გარდა ამისა, ცხინვალში კარგა ხანია ლაპარაკობენ, რომ ჩაფიქრებულია არეულობის მოწყობა სამ ეტაპად და რომ ”მშვიდობის მარში” მესამე ეტაპის ღონისძიებაა. ლაპარაკს საქმეც მოჰყვა: მიიჩნიეს რა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მესამე ეტაპის რეალიზაციის დრო დაუდგა, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე პირველი სექტემბრიდან საგანგებო რეჟიმი გამოაცხადეს და შეზღუდეს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიიდან დანარჩენ საქართველოში გადასვლა. არის მოლოდინი, რომ ეს შეზღუდვები 21 სექტემბრიდან მოიხსნება, ანუ მას შემდეგ, რაც ცხინვალში რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები დასრულდება. ”მშვიდობის მარში” კი, როგორც ვლადიმერ სანაკოევი აცხადებს, დღის წესრიგში არ არის. სპიკერი მოძრაობისა ”სამხრეთ ოსეთის ხალხი მშვიდობისათვის” ამბობს, რომ სიამოვნებით მიმართავდა ოსების მეექვსე ყრილობას და იტყოდა სიმართლეს კოკოითიზე, მაგრამ, როგორც ბორის ჩოჩიევმა გვითხრა, ყრილობას მხოლოდ მიწვეული დელეგატები დაესწრებიან.

XS
SM
MD
LG