Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”საქართველოს მეგობრების სტრატეგიული შეხვედრა ლიტვაში” - ”24 საათი” მკითხველს 13-14


”საქართველოს მეგობრების სტრატეგიული შეხვედრა ლიტვაში” - ”24 საათი” მკითხველს 13-14 სექტემბერს ვილნიუსში ჩატარებულ

საქართველოს ახალ მეგობართა ჯგუფის შეხვედრაზე მოუთხრობს. ავტორი - ვლადიმირ სოკორი - წერს: ”ახალ მეგობართა ჯგუფი, შეიძლება ითქვას, ”საქართველოს ძველ მეგობართა ჯგუფის” ფუნქციას იბარებს. ათი წლის წინათ შექმნილმა ჯგუფმა, სადაც შეერთებული შტატები, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი შედიოდნენ, ჯგუფში რუსეთის ჩართვის შემდეგ მალევე დაკარგა ეფექტიანობა. შედეგად კი, ჯგუფმა ამოცანა ჩააგდო და აფხაზეთთან მიმართებაში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში მედიატორის როლის შესრულება ვერ შეძლო. ამ ჯგუფის წევრებიდან ძირითად პოლიტიკას ერთგულად მხოლოდ შეერთებული შტატები მიჰყვება, მაშინ როცა დანარჩენმა სამმა ევროპულმა ქვეყანამ საქართველო პრიორიტეტების ნუსხის ბოლოში მოაქცია”, - წერს სოკორი და დასძენს: ”ვილნიუსის შეხვედრა ახალი პოლიტიკური სიგნალია, რომელიც ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში ახალი მნიშვნელობის ცენტრის წარმოქმნაზე მიანიშნებს”.

დღევანდელ პრესაში შუქდება ინციდენტი, რომელიც დეპუტატ გია ცაგარეიშვილის ცემას უკავშირდება. დეპუტატი გია თორთლაძე, რომელიც, ცაგარეიშვილის მსგავსად, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ოქრუაშვილის, ახალ ბანაკში მოიაზრება, ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს: ”როგორც ჩანს, მათი რადიკალიზმი ამაში გამოიხატება: თვითონ არიან კრიმინალები და თავს ესხმიან ადამიანებს ქუჩაში. ცხადია, რომ ქუჩურ გარჩევებში თვითონ არიან ჩართული. დღეს 8-ჯერ დაურეკეს, გამოიყვანეს ადამიანი ბიძის ორმოციდან და სცემეს. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი ოპოზიციური პარტიის ჩამოყალიბების ეშინიათ. ხელისუფლება აგონიაშია და უკვე ინდივიდუალურ ტერორზე გადავიდნენ.”

”ტრამვაის გავყვეთ თუ ოქრუაშვილს?” - ასეთ კითხვას სვამს ”საქართველოს რესპუბლიკა” და წერს: ”ბელადზე ნოსტალგიაშეყრილ ჩვენს მრავალრიცხოვან თანამოქალაქეებს ამ ხელისუფლებამ არჩევანიც არ დაუტოვა. ტრამვაის ერთი ხაზი მაინც რომ დაეტოვებინა თბილისში, ვინ იცის, ვის და რას გაჰყვებოდა ჩვენი საზოგადოების ”მამა და მარჩენალის საძიებო” მენტალობის მქონე, არცუ უმნიშვნელო და მით უფრო შეუმჩნეველი, ნაწილი”, - წერს ”საქართველოს რესპუბლიკის” ავტორი და აღნიშნავს: ”ყველა ცნობად იღებს ფაქტს, რომ თურმე ოქრუაშვილს აქვს ”საკმარისი ფინანსები” ”ძლიერი პარტიის” შესაქმნელად”. ”არავინ სვამს კითხვას: საიდან აქვს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, რომელიც სახელმწიფო სამსახურში გადასვლაზე 2000 წელს ”ძლივს დაითანხმა” სააკაშვილმა, ამდენი ფული?”

”ახალი თაობა” შიდაპოლიტიკურ არენაზე მოსალოდნელ სიახლეებზე - მათ შორის, ”ახალი მემარჯვენეებისა” და ”მრეწველების” წინასაარჩევნო გაერთიანებაზე - წერს: ”შეყრა-გაყრის თემა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არახალია. პარტიები არჩევნების წინ პოლიტიკურად ქორწინდებიან და არჩევნების შემდეგ იყრებიან. ეს ორი პოლიტიკური ძალა გასულ არჩევნებში ერთიანი ბლოკით გამოვიდა. მას შემდეგ, რაც ”მემარჯვენეები” და ”მრეწველები” გაიყარნენ, საარჩევნო ბლოკი არ დაშალეს და კვლავ დარეგისტრირებული დატოვეს. ეტყობა, გული უგრძნობდათ, რომ მომავალში ისევ ერთად დააპირებდნენ თანაცხოვრებას.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG