Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხმაურმა მოსკოვში ადამიანისთვის სახიფათო დონეს მიაღწია


რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი მუდამ ხმაურიანი იყო

- დიდი ქალაქია და რა გასაკვირია.
იქ ტექნიკა მუშაობს დღედაღამ - ან აშენებს, ან მგზავრები გადაჰყავს, ხანდახან ანგრევს, ან ელექტრომუსიკას ავრცელებს და ასე შემდეგ. მოსკოვში ხმაურმა ისეთ კრიტიკულ დონეს მიაღწია, რომ ხელისუფლების საზრუნავიც ხდება. რუსეთის დედაქალაქის გარემოს დაცვის ჯანმრთელობის სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც იუწყება, რომ მოსკოველთა 70 პროცენტი დაუშვებელი ხმაურის გარემოში ცხოვრობს.
აი, რას ამბობს ქალაქის ხელისუფლების გარემოს დაცვის ჯანმრთელობის სამსახურის თანამშრომელი პოლინა ზახაროვა:

(ზახაროვას ხმა)
“ეს ჩვენი ქალაქის პრობლემაა. მოსკოვის ტერიტორიის 70 პროცენტი წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ “ხმაურიანი დისკომფორტის ზონას”, ანუ მშენებლობის, ავტოტრანსპორტის, სარკინიგზო ტრანსპორტის, ავიატრანსპორტის ხმაური ამ არეალებში აჭარბებს ხმაურის რუსეთის ფედერაციაში დაშვებულ ნორმას. გადაჭარბება ხდება 10-დან 25-მდე დეციბელით.”

ზახაროვამ გვითხრა, რომ დასაშვები ხმაურის დონე დღისით 55 დეციბელამდეა და ღამით 45-მდე. წლის განმავლობაში მისი უწყება 300-მდე საჩივარს იღებს ხმაურის გამო, წლიურად საჩივრების რიცხვი 12 პროცენტით იზრდება. 90 პროცენტი ამ საჩივრებისა ეხება ტრანსპორტისა და მშენებლობის მიერ გამოწვეულ ხმაურს, დანარჩენი - რესტორნებსა და ბარებს, ასევე იმ მეზობლებს, რომლებიც ხმამაღლა უკრავენ მუსიკას.
რუსეთის დედაქალაქის მცხოვრებთ საშუალება აქვთ 24 საათიანი ცხელი სატელეფონო ხაზით ისარგებლონ და, თუკი ხმაური შეაწუხებთ, დახმარება მოითხოვონ. ექსპერტები შეამოწმებენ და დაადგენენ, არის თუ არა ხმაურის დასაშვები ნორმა დარღვეული. თუმცა ზახაროვა გვეუბნება, მათი სამსახური შეზღუდულია, სულ 7 კაციანი ჯგუფი ჰყავთ და ეს მთელი ქალაქისთვის ძალიან ცოტააო. ზახაროვა იმ აზრისაა, რომ საზოგადოება უფრო სერიოზულად უნდა მოეკიდოს ხმაურის პრობლემას:

(ზახაროვას ხმა)
“ჩვენთან ორ უწყებას აქვს დაჯარიმების უფლება. მილიცია აჯარიმებს ფიზიკურ პირებს და მომხმარებელთა დაცვის ზედამხედველობის სამსახური - იურიდიულს: ხმაურიან საწარმოებს, დისკოტეკებს, კაფეებს, რომლებიც ადამიანებთან ახლოს არის, და სამშენებლო ფირმებსაც. ჩვენ ვთვლით, რომ, ამ ზომების ზემოქმედების გაძლიერების მიზნით, უნდა გაიზარდოს ჯარიმის ოდენობაც.”

ჯარიმა კი, მართლაც, მცირეა: კერძო პირებს ხმაურისთვის უწევთ 100 რუბლის, ანუ 4 დოლარის, გადახდა, ფირმებს კი - 10 ათასი რუბლისა. ხშირად დამრღვევი ჯარიმას იხდის და განაგრძობს ხმაურს.
ადამიანისთვის სულ ერთია, საიდან მოდის ხმაური - თუკი აწუხებს, ეს საკმარისია, რომ დისკომფორტი შეექმნას. სახელმწიფო, რომელიც იცავს მოქალაქეს,ხმაურის დასაშვებ ნორმას განსაზღვრავს. ევროპის კავშირის ქვეყნებში ამ სფეროს განაგებს ემისიის ზოგადი კანონი. თავის მხრივ, მისი ის ნაწილი, რომელიც ხმაურს ეხება, შედგება სხვადასხვა მონაკვეთისგან, იმის მიხედვით, თუ სად არის ხმაური და რა არის მისი წყარო. გერმანიის გარემოს დაცვის უწყების მეცნიერ თანამშრომელთან, ხმაურის ექსპერტ ჰანს ჰოლგერ ბარტელთან, ჩვენი სატელეფონო საუბრისას, სხვათა შორის, გაირკვა, რომ სხვადასხვა არეალში - საცხოვრებელი იქნება ეს თუ სამრეწველო - ხმაური სხვადასხვა სიძლიერისაა დასაშვები და რომ დასაშვები ნორმების განსაზღვრა პოლიტიკურ კომპრომისს ეფუძნება:

(ბარტელის ხმა)
“დადგენილი ნორმები შედეგია იმ პოლიტიკური კომპრომისისა, რომელიც მიიღწევა, ერთი მხრივ, გარემოს და ტექნიკურად შესაძლებელ მოთხოვნასა და, მეორე მხრივ, ეკონომიკურ-პოლიტიკურად შესაძლებელ მოთხოვნას შორის, ანუ ეს ნორმები მათ შორის გარკვეული კომპრომისია.”

ჰანს ჰოლგერ ბერტელმა შემდეგ აგვიხსნა, რომ კანონში ცალკეა გარკვეული ხელსაწყოებისა და მანქანების საკითხი, იმ მანქანებისა, რომლებიც გარეთ შეიძლება ამუშაოს ადამიანმა. მათ შორისაა, მაგალითად, ბალახის სათიბი და სხვა მისთანა მანქანები, რომლებიც წყნარ საცხოვრებელ არეალებში უფრთხობენ სიმშვიდეს ადამიანს. მისივე თქმით, ეს კანონები ევროკავშირის ნორმას შეესაბამება და ამ ქვეყნებში დაახლოებით ერთგვარია. ყოველ შემთხვევაში, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა მოვალეა ზომოს ხმაური, ქვეყანაში შექმნას ეგრეთ წოდებული “ხმაურის რუკები” და მიაწოდოს ევროკავშირს. ამის შემდეგ კი იწყება ხმაურის საწინააღმდეგო მოქმედების გეგმის შედგენა.

(ბარტელის ხმა)
“იმ არეალებში, სადაც დადგინდა, რომ ხმაური განსაკუთრებით მაღალია, საჭიროა მოქმედება, რათა ხმაური შემცირდეს.”

ხმაურს, გარდა იმისა, რომ საკუთრივ სმენის შეგრძნებაზე მოქმედებს უარყოფითად, შეუძლია გამოიწვიოს სხვა ორგანოების დაზიანებაც. ის ააქტიურებს სიმპატიკურ ნერვულ სისტემას და ჰორმონალურ სისტემას, იცვლება სისხლის წნევა, გულის ცემის სიხშირე, სისხლის მიმოქცევა. სხეულს უწევს სტრესის მეტი ჰორმონის გამოყოფა, რაც, თავის მხრივ, ნივთიერებათა ცვლაზე ზემოქმედებს. აღსანიშნავია, რომ ასეთი რეაქცია იმ პირებსაც აქვთ, რომლებიც ფიქრობენ, რომ მიეჩვივნენ ხმაურს.

კვლავ მოსკოვში ვართ. ხმაურია ყველგან, მაგრამ მოსკოველები ამ ხმაურს ეგუებიან. ირინა მუშაობს შენობაში, რომლის წინ ახალ ბანკს აშენებენ.

(ირინას ხმა)
“ვეღარ ვამჩნევთ, ჩვევად იქცა. მე ადრე სხვაგან ვცხოვრობდი, ახლა გადავედი უფრო ხმაურიან უბანში. პირველ დღეებში მაწუხებდა, მაგრამ მერე შევეჩვიე. თუმცა ის მაინც მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ორგანიზმში მაინც გროვდება.”

ეს მოსკოველი ქალბატონი, მართალია, ეჩვევა ხმაურს,მაგრამ
დროთა განმავლობაში შეიძლება გაჩნდეს ქრონიკული დაავადებები, იმავე სმენის დაზიანებასთან ერთად, ჭარბცხიმიანობა, შაქრის დიაბეტი, სისხლის შედედების ცვლა, სისხლძარღვების დაავადებები და ათეროსკლეროტული ცვლილებები, აგრეთვე გულის გარკვეული დაავადებები, მაგალითად, ინფარქტი.
ჩვენს რესპონდენტს, გერმანიის გარემოს დაცვის უწყების მეცნიერ თანამშრომელს, ხმაურის ექსპერტ ჰანს ჰოლგერ ბარტელს ვკითხე, ვინ არის პასუხისმგებელი, როცა ხმაური ადამიანს აავადებს. მისი განმარტებით, ასე მარტივად მკურნალობას ვერავის დააკისრებთ:

(ბარტელის ხმა)
“ ჩვენ გამოკვლევა ჩავატარეთ და დავადგინეთ, რომ გულის ინფარქტის რისკი იზრდება ქუჩის ხმაურის ზრდასთან ერთად. მაგრამ მიზეზობრივი კავშირი გულის ინფარქტთან იმდენად ცხადი არ არის, რომ საავადმყოფო დაზღვევას შეეძლოს მკურნალობის ხარჯის დაფარვა ამ ქუჩისთვის პასუხისმგებელ სუბიექტს მოსთხოვოს.”

ასე რომ, გერმანიის - და, საფიქრებელია, ევროპის კავშირის -წესით და კანონით, ინფარქტის მკურნალობა საავადმყოფო დაზღვევის გადასახდელია. მაგრამ თუკი ხმაური ადამიანზე სამუშაო საათებში მოქმედებდა, პასუხისმგებელი უკვე შესაბამისი ორგანიზაციის პროფესიული კავშირია.
სახელმწიფოები, რომლებიც დაახლოებულები არიან ევროკავშირთან ან მისკენ ისწრაფიან, გვითხრა ამ საუბარში ხმაურის მავნე გავლენის გერმანელმა ექსპერტმა, ცდილობენ ევროკავშირის ნორმები გადაიღონ და თავიანთი წესი და კანონი მათ მიუსადაგონ. თავის მხრივ, ევროკავშირი ხელს უწყობს ამას “ტვინინგის” სახელით ცნობილი პროგრამის მეშვეობით. ამ პროგრამაში ჩართულია, სხვათა შორის, საქართველოც, თუმცა მეზობელი თურქეთი,მაგალითად, “ტვინინგში” უშუალოდ ხმაურის, როგორც გარემოს პრობლემის, დაძლევის კუთხით თანამშრომლობს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG