Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა


დაძაბულობით გამორჩეული გასული კვირის მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდებოდა. როგორ ასახავდა ამ მოვლენებს ქართული პრესა?

,,დააპატიმრეს მიხეილ ქარელი”, – წერდა ორშაბათს “24 საათი”. გაზეთი “რეზონანსი” შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის ხმაურიანი დაკავების ამბებს ასევე ვრცელ სტატიაში აღწერს, რომლის სათაურიცაა ,,ქარელის შემდეგ ოქრუაშვილს დაიჭერენ”. პუბლიკაციაში ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტის” თავმჯდომარე დავით ზურაბიშვილი ასეთ კომენტარს აკეთებს ქარელის დაპატიმრებასთან დაკავშირებით: ,, ეს არის პრობლემა ამ ქვეყანაში – შერჩევითი მართლმსაჯულება. ქარელის დაკავება მოხდა სუფთა პოლიტიკური ნიშნით. მე დარწმუნებული ვარ და მგონია, რომ ეს გზა აქვთ ახლა არჩეული. ოქრუაშვილის პოლიტიკური აქტივობის შესაჩერებლად ყველაზე იოლი გზა არის მისი დაკავება. ამ ხაზით წავლენ.” – ეს განცხადება დავით ზურაბიშვილმა ორშაბათს გაკეთა გაზეთ ,,მთელ კვირაში”. ჯერ კიდევ კვირის დასაწყისში ეს ჰიპოთეტური შეფასება იყო...

გაზეთ ,,ალიას” ყოველკვირეული დამატება ,,მთელი კვირა“ ორშაბათს წერდა: ,,ირაკლი ოქრუაშვილს პარტიული ბურჯი გამოაცალეს, სააკაშვილის ხელისუფლებამ უსახელო პარტიას ბოძიც გამოაცალა და სახლ-კარის მოსალოდნელ ჩამოქცევაზეც გაუგზავნა მესიჯი: დღეს მიხეილ ქარელი დაგიპატიმრეთ, ხვალ მთლად უფროსსაც ავწევთ ჰაერშიო”, – წერდა “რეზონანსის” ყოველკვირეული გამოცემა.

,,კვირის ქრონიკა” კი ასე აღწერდა ვითარებას: ,,უსათაურო პარტია ბრინჯივით დაიბნა, სანაპიროს ოფისთან მხოლოდ ჟურნალისტები მორიგეობენ, არც ერთი ოპოზიციონერი საგულშემატკივროდ იქ არ მისულა”, - წერდა ,,კვირის ქრონიკა” ორშაბათს.

“კვირის პალიტრის” შეფასება კი ამგვარი იყო:
,,კომპრომატების ომი დაიწყო...…”

სამშაბათის პრესაში თემა გრძელდებოდა. გაზეთ “რეზონანსს” კონსერვატორმა კახა კუკავამ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით უთხრა: ,,ხელისუფლება მას შემდეგ რამეს სთავაზობს: თუ ოპოზიციაში წავა, დაიჭერს, თუ არა, მშვიდი ცხოვრების გარანტია ექნება. რაც შეეხება კომპრომატებს, მისი გამოყენებაც შეუძლია. გამორიცხული არ არის ერთ-ერთი სერიოზული კომპრომატი ჟვანიას მკვლელობაზე ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, მგონი, არ დაიჭერენ.“ აცხადებდა კუკავა სამშაბათს გაზეთ “რეზონანსში”. ფიქრია ჩიხრაძე კი გამოთქვამდა აზრს, რომ: ,, – თუ ოქრუაშვილმა კომპრომატების გამოყენება დაიწყო, ამ კომპრომატების ერთ-ერთი გმირი ვანო მერაბიშვილი იქნება.” ეს სამშაბათს იყო.

იმავე დღეს “ალიას” ლევან ბერძენიშვილმა უთხრა: ,,ოქრუაშვილს თუ უნდა ოპოზიციაში წასვლა, პრაგმატული მოსაზრებით უნდა შევუწყოთ ხელი, რომ, ბოლოს და ბოლოს, გავიგოთ სიმართლე. თქვას, რა დანაშაული აქვს ხელისუფლებას, რას იღებს თავის თავზე, რაში ხედავს საკუთარ შეცდომას.”

ეს ის დღეა, როცა საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისათვის ემზადება და გაზეთ “24 საათის” მოწინავე წერილი ,,გამოწვევები ჰეგემონის წინაშე” ნიუ-იორკის შეხვედრებს ეძღვნება.

ეს ასევე ის დღე იყო, როცა დღის 12 საათზე გენერალური პროკურორის მოადგილემ მოულოდნელი განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის და პრესსპიკერის დიმიტრი ქიტოშვილის დაკავების შესახებ, როცა უკვე დღის 3 საათზე, ირაკლი ოქრუაშვილი ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერის ამპლუაში წარდგა საზოგადოების წინაშე, ხოლო იმავე ღამეს ტელეკომპანია იმედის ,,ღია ეთერში” სკანდალური განცხადებები გააკეთა.

მაგრამ ყველაფერ ამაზე საუბარი და მსჯელობა პრესას მხოლოდ მომდევნო დღეს, ოთხშაბათს, შეეძლო.

,,აღსანიშნავია, რომ სწორედ დიმიტრი ქიტოშვილის დაკავების შემდეგ დაარღვია დუმილი ირაკლი ოქრუაშვილმა”, - წერდა გაზეთი “24 საათი”.
,,ირაკლი ოქრუაშვილმა გუშინდელ ორ გამოსვლაში პარტიის ოფისსა და ინგა გრიგოლიას ,,ღია ეთერში” გამჭვირვალობის ყველაზე თამამ მოლოდინსაც გადააჭარბა და ბევრი ისეთი რამ თქვა, რაც ადრე ჭორების დონეზეც არ ვრცელდებოდა”, – წერდა გაზეთი “რეზონანსი”.
,,ოქრუაშვილის ოფისის შესყიდვის საქმეს სწავლობენ”, –წერდა გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”.

ოთხშაბათსა და ხუთშაბათს ქართული პრესის ფურცლები ანალიზსა და პროგნოზებს დაეთმო. ,,მოსალოდნელი მოულოდნელობა” - ასე აფასებდა ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენას “24 საათი” და მისი ყოფილი თანაგუნდელების შეფასებებს აანალიზებდა: ,,ჯეიმს ბონდი”, “ბებერი კაგებეშნიკის მემუარები”, ,,მეზღაპრე” - ასე შეაფასეს გუშინ ირაკლი ოქრუაშვილი ყოფილი გუნდის წევრებმა”, – წერდა გაზეთი. “ახალ თაობაში” კი ვკითხულობდით: ,,ოქრუაშვილის პარტიაში შესვლაზე რიგი დადგა.”

,,მოკლავენ თუ დაიჭერენ?” - ასე აყენებდა საკითხს გაზეთი “ალია”.

ხუთშაბათს “რეზონანსი” აქვეყნებს ირაკლი ოქრუაშვილთან ვრცელ ინტერვიუს, რომელშიც ყოფილი თავდაცვის მინისტრი უკვე გაზეთის ფურცლებიდან საუბრობდა შეკვეთილ მკვლელობებზე, კორუფციაზე ქვეყნის მმართველობის მაღალ ეშელონებში და ასე შემდეგ... თუმცა, როგორც თავად ინტერვიუს ავტორები ელისო ჩაფიძე და თამთა ქარჩავა აღნიშნავენ პუბლიკაციაში, ,,ინტერვიუში თავდაცვის ექს-მინისტრმა ბევრ შეკითხვას გასცა პასუხი, თუმცა მისგან საზოგადოებას კიდევ ბევრი რამ აინტერესებს.”

პარასკევს კი საზოგადოებამ უკვე იცოდა, რომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ირაკლი ოქრუაშვილი მხოლოდ საპატიმროდან თუ შეძლებდა. პარასკევს ქართული პრესა საქართველოს პრეზიდენტის გაეროში გამოსვლის შესახებ წერდა, თუმცა საპირველგვერდო პუბლიკაციები კვლავ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებულ ამბებს ეძღვნებოდა. ,,უმძიმეს ბრალდებებს მმართველი ძალა მბრალდებლის დაჭერით პასუხობს”, - წერდა პარასკევს გაზეთი “რეზონანსი”. “24 საათი” აქვეყნებს მოწინავე წერილს, სათაურით: ,,პატიმრობით დასრულებული ორდღიანი ოპოზიციონერობა”. ,,ახალი თაობა” კი მკითხველს აუწყებდა: ,,ოპოზიცია ხალხს პარლამენტთან ეპატიჟება.”

შაბათის პრესა უკვე ამ აქციის შესახებ წერდა. ,,ვარდების რევოლუციიდან ოთხი წლის შემდეგ ქართულ პოლიტიკაში კვლავ ჩნდება ტრანსპარანტი ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადადგომის შესახებ”, – წერს გაზეთი “24 საათი” პუბლიკაციაში, სათურით ,,შეხვედრა წარსულთან”.

გაზეთი “რეზონანსი” კი შაბათის პუბლიკაციაში წერდა: ,,პარლამენტთან გუშინ გამართულ აქციას პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური ძალა დაესწრო, ,,ახალი მემარჯვენეების” გარდა.”
,,ახალ თაობას” რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის, აქციაზე წარმოთქმული სიტყვები მოჰყავს: ,,ჩვენ ვირჩევთ გამარჯვების გზას, ამ მოედანზე ისე არასოდეს შევკრებილვართ, რომ ჩვენი შეკრება, მისი საბოლოო შედეგი არ ყოფილიყო ქართველი ხალხის გამარჯვება”, – თქვა დავით ბერძენიშვილმა.

შაბათს მრავლად იყო ექსპერტთა შეფასებებიც. გაზეთ “24 საათში” ალექსანდრე რონდელი აქციის შესახებ ამბობს : ,,ამის უკან უნდა დავინახოთ, რომ ხალხი დემოკრატიას უჭერს მხარს. მას უნდა, რომ ანგარიშგასაწევ ძალად ჩათვალონ, ზრდილობიანად ელაპარაკონ, მოუყვნენ რას აკეთებენ, მართვის თანამონაწილე გახადონ. ეს ჯანსაღი მოვლენაა, რომელიც განსხვავდება სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისაგან”, - აღნიშნავს ალექსანდრე რონდელი.

შაბათის “რეზონანსის” ერთ-ერთი პუბლიკაციის სათაური კი ამგვარია: ,,სად არის პრეზიდენტი?” მართლაც, მანამდე საქართველოს პრეზიდენტს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. პირველი კომენტარი მან სწორედ შაბათს გააკეთა, როცა გაზეთები უკვე დასტამბული იყო. მისი ამ გამოსვლისა და მომდევნო ნაბიჯების შესახებ ქართული პრესა უკვე მომავალ კვირაში იმსჯელებს.
XS
SM
MD
LG