Accessibility links

logo-print

ნატოს გენერალური მდივნის იაპ დე ჰოოპ სხეფერის ვიზიტი საქართველოში


ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი

საქართველოს 3 ოქტომბერს ეწვია. 3 ოქტომბერსვე მას ჰქონდა არაოფიციალური შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან. უკვე 4 ოქტომბერს იაპ დე ჰოოპ სხეფერმა წაიკითხა საჯარო ლექცია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, გამართა შეხვედრა საქართველოს პარლამენტში, მოგვიანებით კი მიხეილ სააკაშვილთან ერთად კახეთში გაემგზავრა. საქართველოს პრეზიდენტი და ნატოს გენერალური მდივანი ჟურნალისტების წინაშე სიღნაღში წარდგნენ. იაპ დე ჰოოპ სხეფერს სიღნაღში გამართულ პრესკონფერენციაზე მოუხდა განემარტა, თუ რას ფიქრობს საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთ ბოლო განცხადებაზე. ამ განცხადების თანახმად, საფრანგეთი მხარს არ დაუჭერს ნატოს გაფართოებას, თუკი ამას რუსეთი მუქარად აღიქვამს...


საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ერვე მორენმა ეს სააგენტო ”რეიტერს ” ოთხშაბათს განუცხადა. მან თქვა, რომ საფრანგეთი არ დაუჭერს მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, თუკი ამას რუსეთი მუქარად აღიქვამს, თუკი ასეთ შემთხვევაში რუსეთი თავს ალყაში მომწყვდეულად იგრძნობს. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. მოგვიანებით რენე მორენის მიერ გამოთქმულ აზრთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება მოუხდა ნატოს გენერალურ მდივანს იაპ დე ჰოოპ სხეფერს...

სიღნაღში გამართულ პრესკონფერენციაზე შეკითხვას, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებიდან გამომდინარე, იქონიებს თუ არა ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე ზეგავლენას რუსეთის პოზიცია, იაპ დე ჰოოპ სხეფერმა უპასუხა:
”ყველაფერი დამოკიდებულია საქართველოს მიღწევებზე. არც ერთ ქვეყანას - იქნება ის დიდი თუ პატარა - არ შეუძლია ვეტო დაადოს ნატოს გაფართოების პროცესს და მე შემიძლია ვივარაუდო, რომ არც ერთი ქვეყანა არ გამოიყენებს ვეტოს საქართველოს მიმართ. საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, ნატო პატივს სცემს მის ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველომ თვითონ უნდა გადაწყვიტოს რა უნდა. არ არსებობს არავითარი სხვა გზა, გარდა პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარებისა. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა, შემიძლია გითხრათ, რომ 26 მოკავშირე მიიღებს გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება იმ წარმატებებზე, რომელსაც უნდა მიაღწიოს საქართველომ. ასე გამოეხმაურა იაპ დე ჰოოპ სხეფერი საქართველოში, სიღნაღში, ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებას. გამოხმაურება, როგორც უკვე ვთქვით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდანაც იყო:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”დასავლეთის სახელმწიფოებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენ კონფრონტაციას კი არა, სამართლიან გადაწყვეტილებას ვითხოვთ. თუ უსამართლო გადაწყვეტილებას მიიღებენ (რასაც მე გამოვრიცხავ) იმისთვის, რომ რუსეთს გაუწიონ ანგარიში, ეს იქნება ძალიან ცუდი გზავნილი რუსეთისთვის, ეს იქნება გზავნილი, რომ რაც უფრო ცუდად მოიქცევა რუსეთი, მით უფრო გაუვა..” (სტილი დაცულია)

ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 4 ოქტომბერს იაპ დე ჰოოპ სხეფერთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. თავად სხეფერმა კი, როგორც უკვე ვნახეთ, თქვა, რომ გადაწყვეტილება, რომელსაც ნატოს წევრები მიიღებენ, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს წარმატებებზე იქნება დამოკიდებული. წარმატებებში იგულისხმება: დემოკრატიული რეფორმები, დამოუკიდებელი სასამართლო, სამართლიანი არჩევნები და ასე შემდეგ... სასამართლო სისტემის რეფორმირება და სამართლიანი არჩევნები სიღნაღში გამართულ პრესკონფერენციაზე სხეფერმა ხაზგასმით აღნიშნა. და ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიული პრობლემების გადაჭრა არ შეიძლება სამხედრო გზით. ”ეს ყველას უნდა ესმოდეს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრობლემებზე მუშაობს გაერო, მუშაობს ეუთო, ნატო არ მიისწრაფვის იმისკენ, რომ მიიღოს მონაწილეობა ამ პრობლემების გადაწყვეტაში. ნატოს არ სურს ამ სერიოზულ პრობლემებთან დაკავშირებით გამოვიდეს წინა ხაზზე”,- თქვა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა.
”ნატოს კარი საქართველოსთვის ღიაა და იქნება კიდეც ღია, მაგრამ ეს კარი არ არის ავტომატური” - ნატოს გენერალური მდივნის ასეთი განცხადებაა მოყვანილი ნატოს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში. და რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისათვის, რომ ეს კარი ღია იყოს მისთვის? სიღნაღში, ნატოს გენერალური მდივნისა და საქართველოს პრეზიდენტის ერთობლივ პრესკონფერენციაზე, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ მისცა დაპირება საკუთარ ხალხსა და საერთაშორისო თანამეგობრობას:


[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”საქართველოში დემოკრატიული რეფორმები გაგრძელდება კიდევ უფრო ჩქარი ტემპით, საქართველოში ევროპული სტანდარტების დამკვიდრება გაგრძელდება კიდევ უფრო ჩქარი ტემპით და საქართველოში შეიარაღებული ძალების რეფორმირება გაგრძელდება ბევრად უფრო ჩქარი ტემპით. ”

”გზა ნატოსკენ არის გრძელი და დაკლაკნილი ” - ეს იაპ დე ჰოოპ სხეფერის ცნობილი განცხადებაა.. ის არასდროს ასახელებს ვადებს და თარიღებს და როცა ეკითხებიან, როგორ უყურებს ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას, ყოველთვის ამბობს, რომ ეს საქართველოს მოქმედებაზეა დამოკიდებული.





XS
SM
MD
LG