Accessibility links

logo-print

ევროპის საბჭო თავს იკავებს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნისაგან


ევროპის საბჭოში არ მიიჩნიეს მიზანშეწონილად საქართველოს ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას,

გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნის საკითხის განხილვა. ამ მოთხოვნით, როგორც ცნობილია, ევროპის საბჭოში რუსეთის დელეგაცია გამოდიოდა. რუსი დეპუტატების ინიციატივამ მხარდაჭერა არც მიმდინარე კვირის დასაწყისში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიურის სხდომაზე პოვა და არც კვირის ბოლოს, პარასკევს, შემდგარ ბიურის სხდომაზე. ამის შესახებ რადიო ”თავისუფლებას” სტრასბურგიდან საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრმა ნინო კალანდაძემ აცნობა:

[ნინო კალანდაძის ხმა] ”ევროსაბჭომ მიიჩნია, რომ ეს არის საქართველოს შიდაპოლიტიკური საკითხი და არ წარმოადგენს ევროსაბჭოს განსახილველ საკითხს. მეორე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და რაც ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან ფიქსირდებოდა, არის ის, რომ მათ საკმაო ნდობა აქვთ საქართველოს სამართალდამცველი ორგანოებისა იმისათვის, რომ რაიმე ალტერნატიული კომისიის შექმნისგან თავი შეიკავონ. ” (სტილი დაცულია)

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ნინო კალანდაძე ამბობს, რომ ევროპის საბჭოში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებმა პირებმა რუსეთის დელეგაცია გააწბილეს. რუსეთის დელეგაცია კი სვამდა საკითხს საქართველოს ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას, გარდაცვალების დეტალების შესასწავლად ევროსაბჭოს ეგიდით სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, კომისიის, რომელსაც საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი მათიაშ იორში უხელმძღვანელებდა . ” ჩვენ გვაღელვებს საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის, ნათქვამი, რომ ზურაბ ჟვანია არ გარდაცვლილა იმ ბინაში, სადაც მის ცხედარს მიაკვლიეს”, - აცხადებდნენ ევროპის საბჭოში რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლები ევროპის საბჭოს ეგიდით სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნაზე საუბრისას. მაგრამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ პარასკევ დილით რუსეთის დელეგაციის მოთხოვნაზე არც კი იმსჯელა. ქართველი დეპუტატის თქმით, მოთხოვნამ ბიუროს სხდომაზე ერთი წინადადებით გაიჟღერა და მაშინვე გამოიკვეთა, რომ ბიუროს არც ერთი წევრი არ აპირებს მის მხარდაჭერას.

რუსეთის დელეგაცია განაწყენებული დარჩა. მისმა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ იანვრისთვის კიდევ ერთხელ წამოსწევენ თავიანთ მოთხოვნას - მოთხოვნას, რომელიც გააჩინა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის განცხადებამ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერი არ გარდაცვლილა იქ, სადაც მისი ცხედარი იქნა აღმოჩენილი. სხვათა შორის, სწორედ ამ ვერსიის დადასტურების მცდელობას წარმოადგენს დოკუმენტური ფილმი, რომელიც საქართველოში სტუდია ”რეპორტიორმა” მოამზადა და რომლის ჩვენებაც გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა პარასკევ საღამოს ვაკის პარკში დაგეგმეს. იმის თაობაზე, თუ რას ამბობს ეს ფილმი, ძირითადად რაზე მიანიშნებს, ფილმის პრეზენტაციამდე მის ავტორს, ვახტანგ კომახიძეს, ვესაუბრეთ.

[ვახტანგ კომახიძის ხმა] ”ჩვენი კვლევის მიზანი არ ყოფილა გვეპოვა ვინ იყო შემსრულებელი ან მკვლელობის დამკვეთი. ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ოფიციალური გამოძიება არის ფალსიფიცირებული. ეს ფილმი არის დადასტურება იმისა, რომ საბურთალოს ქუჩაზე არანაირი უბედური შემთხვევა არ მომხდარა. ”

ამბობს სტუდია ”რეპორტიორის” ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე. შეგახსენებთ: სტუდია ”რეპორტიორმა” მოამზადა უკვე მეორე ფილმი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით. მეორე ფილმში განივრცო პირველი ფილმის ვერსია იმის შესახებ, რომ პრემიერის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია არ უნდა იყოს სინამდვილე. თუმცა ”ჩვენს ახალ სატელევიზიო გამოძიებაში არის გარკვეული მინიშნებები იმის შესახებ, თუ რა ჯგუფი შეიძლება ყოფილიყო გარეული საქმეში, რომელსაც უბედური შემთხვევის კვალიფიკაცია მიეცა”, - გვითხრა ვახტანგ კომახიძემ.

ყოფილი პრემიერის გარდაცვალება არის ერთ-ერთი ბუნდოვანი თემა, რომელიც გაერთიანებულ ოპოზიციას ხელისუფლების წინააღმდეგ გამოაქვს... რას ნიშნავს ყოფილი თავდაცვის მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ პრემიერი არ გარდაცვლილა იქ, სადაც მისი ცხედარი ნახეს? შეკითხვა შეკითხვად რჩება და მასთან დაკავშირებით ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას საზოგადოების ნაწილი ჟურნალისტური გამოძიების შედეგით, სტუდია ”რეპორტიორის” მიერ მომზადებული ფილმის ნახვით აპირებს. ფილმის სათაურია ”ტყვიის გარეშე.”
XS
SM
MD
LG