Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


დავით ბაქრაძე ამ კვირაში, რადიო თავისუფლების თხოვნით,

დღიურებს წერდა სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძე.

23 სექტემბერი, კვირა
როგორ დავიწყო? თითქოს მარტივი კითხვაა... სინამდვილეში კი ძალიან რთულია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სრულიად ახალ საქმეს ჰკიდებ ხელს. დღიურის წერა კი ჩემთვის ნამდვილად ახალი საქმეა...
როგორ დავიწყო? არ ვიცი... ჯერჯერობით ერთადერთი, რაც ნამდვილად ვიცი, ის არის, რომ არ მინდა, სტანდარტული და გაცვეთილი დაწყება გამომივიდეს... ამიტომ, გამოვტოვებ და არ ვახსენებ ჩემი და რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტების ხანგრძლივ და რთულ მოლაპარაკებებს, რომლის შედეგადაც დამითანხმეს, ამ საქმეს შევდგომოდი... დავიწყებ პირდაპირ იმით, რაც დღეს ხდება – ალბათ, ეს არის ყველაზე მარტივი და ბუნებრივი გზა...
კვირა დღეა. ერთ-ერთი იმ იშვიათი და გამორჩეული დღეებიდან, რომელიც შემიძლია, საკუთარ ოჯახში გავატარო; როდესაც აუცილებელი არ არის, წვერი გავიპარსო და ჰალსტუხი გავიკეთო; როდესაც შემიძლია, ბავშვებს ვეთამაშო და უამრავ რამეს დავპირდე; როდესაც ჩემს მეუღლეს საშუალება აქვს, "ხელში ჩამიგდოს" და მთელი კვირის დაგროვილი ამბები - ჭორი და მართალი - მომიყვეს; როდესაც ჩემს მშობლებს საშუალება აქვთ დარწმუნდნენ, რომ მათი ერთადერთი შვილი ჯერ კიდევ ამ ოჯახის წევრი, მამა და მეუღლეა; და ბოლოს - როდესაც მეც შემიძლია, ძალიან სერიოზული სახით დავაწყო კვირის გეგმები ოჯახთან ერთად: სად წავალთ, რას გავაკეთებთ?.. მერე რა, რომ ამ გეგმების აბსოლუტური უმეტესობა არასოდეს სრულდება? უფრო სწორად – ვერ სრულდება ჩემი სამუშაოს გამო... მაინც ძალიან სასიამოვნოა კვირის დაგეგმვა. ეს ერთგვარი რიტუალია, რომელიც მეხმარება, თავი ოჯახის სრულფასოვან ნაწილად ვიგრძნო.
აი, დავიწყე კიდეც! როგორღაც თავისით აეწყო. ყოველთვის ასეა: თავიდან ყველაფერი რთულია, მაგრამ საკმარისია დაიწყო, რომ ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილზე დგება. "როგორ დავიწყო?" – რამდენჯერ დამისვამს ეს კითხვა ჩემი თავისთვის? ბევრჯერ! ყოველთვის, როდესაც რაღაც ახალი ეტაპი იწყებოდა ჩემს ცხოვრებაში. ბოლოს ეს კითხვა ორი თვის წინ მიტრიალებდა თავში, მაშინ, როდესაც კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დავინიშნე. დავიწყე როგორღაც. და ახლა უკვე შემიძლია გავიღიმო კიდეც პირველი დღეების სტრესულ ემოციებზე.
აი, ასეთი გამომივიდა დასაწყისი და დღევანდელი კვირადღე.
ჰო, მართლა: ოჯახური იდილია დღესაც ვერ ავაწყე. შუადღისას მეუღლის ბიძამ და მამიდაშვილმა გამომიარეს სახლში და სადილად დამპატიჟეს. კარგად ვიცი, ეს რასაც ნიშნავს და რა დროს დამთავრდება ჩვენი "სადილი". ეჰ, რას იზამ? როგორც ერთი ჩემი მეგობარი ამბობს, ძნელია ქართველობა!

24 სექტემბერი, ორშაბათი
ორშაბათი მძიმე დღეა. ეს ბანალური ფრაზა დიდ ცხოვრებისეულ სიბრძნეს იტევს. როგორც ჩანს, ამ ფრაზის ავტორსაც - ჩემი არ იყოს - კვირა საღამოს გატარება მეუღლის ნათესავებთან "სადილზე" მოუწია. მაგრამ სხვა გზა არ არის – დავივიწყოთ თავის ტკივილი და შევუდგეთ მუშაობას.
სამუშაო კი მართლაც ძალიან ბევრია. საღამოს ტარდება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის მომავალი სტატუსის განმსაზღვრელი სახელმწიფო კომისიის მორიგი სხდომა. მარტივი წინადადებაა, მაგრამ რამხელა მანძილია ამ წინადადებიდან საღამოს ტელეეკრანებზე გამოჩენილ კმაყოფილ სახეებამდე! სწორედ ეს მანძილი უნდა გავიაროთ დღეს მე და ჩემმა აპარატმა.
წინა კვირა ძალიან დაძაბული იყო ორივე მიმართულებით – აფხაზეთშიც და ცხინვალის რეგიონშიც. დღევანდელი დღეც ამ დაძაბულობის გაგრძელებაა.
აფხაზეთში 20 სექტემბერს ჩვენმა პოლიციამ გააუვნებელყო აფხაზური შეიარაღებული რაზმი, რომელიც კოდორის ხეობის ზედა ნაწილში, ახალი მშენებარე გზის ახლოს იმყოფებოდა. მთელი დღევანდელი დღე ამ ამბის გაგრძელება იყო: განცხადებები, შეხვედრები, კომენტარები, წერილები, ჩხუბი მეგობრებთან და არამეგობრებთან, სატელეფონო ზარები...
სამხრეთ ოსეთში კი დიდი გამარჯვება მქონდა: 21 სექტემბერს თამარაშენში ჩავატარეთ საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც საქართველოში აკრედიტებული ყველა ელჩი ესწრებოდა რუსეთის ელჩის გარდა. ელჩების ჩასვლა ძალიან სერიოზული სიგნალია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ნელ-ნელა მწიფდება სანაკოევის ადმინისტრაციასთან კონტაქტების დასამყარებლად. ივნისში დიმიტრი სანაკოევის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ ასეთი სერიოზული წარმატება საერთაშორისო კუთხით არ გვქონია! ბევრი ნერვი და ემოცია კი დავახარჯე ელჩების დარწმუნებას, მაგრამ შედეგი ნამდვილად ღირდა წვალებად. რუსმა მშვიდობისდამცველებმაც დიდი "პატივი გვცეს" – მოინდომეს დიპლომატების კოლონის ძალით შეჩერება. მათგან უკეთეს საჩუქარს ვერც ვინატრებდი!..
დღეს კი უკვე კოკოითიმ გამახარა: დილიდან უგზავნის წერილებს თამარაშენში ნამყოფ ელჩებს, რომ მათთან ყველანაირ კონტაქტს წყვეტს. მეც მაშინვე, პარალელურ რეჟიმში ვუგზავნი წერილს ყველა ელჩს, რომ სანაცვლოდ, ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ კონტაქტებს რეგიონთან - სანაკოევის ადმინისტრაციის საშუალებით. ესეც კიდევ ერთი ქულა ჩვენს დიპლომატიურ ანგარიშში! დიპლომატიაში გაუთვითცნობიერებელი ადამიანისთვის ეს დეტალი შეიძლება არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ ასეთი პატარა აგურებისგან საბოლოო ჯამში დიდი შენობა შენდება.
...სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის სხდომამ კარგად ჩაიარა.

25 სექტემბერი, სამშაბათი
დღეს ბათუმში ვიყავი პარლამენტის წევრებთან და სტუმრებთან ერთად. საქართველოში იმყოფება ძალიან წარმომადგენლობითი დელეგაცია - სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების პარლამენტების რვა სპიკერი. ნინო ბურჯანაძემ მთხოვა, წავყოლოდი ბათუმში ერთი დღით და დეტალურად მესაუბრა მათთან კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე. საინტერესოა, რას ფიქრობდნენ პატივცემული სტუმრები, როდესაც მისმენდნენ. ისლანდიელი რომ ვიყო, ძალიან გამიჭირდებოდა ქართული პრობლემების გააზრება და განცდა. თუმცა, ალბათ, ყველას თავისი პრობლემა ეჩვენება ყველაზე რთულად. ვისთვის ჩანჩქერია მთავარი და ვისთვის გეიზერი...
კარგია ძველ კოლეგებში ყოფნა და ძველი ატმოსფეროს გახსენება. პარლამენტში გატარებულმა თითქმის სამმა წელმა ბევრი რამ მომცა, უდიდესი გამოცდილება შემძინა. მანამდე, სახელმწიფო სამსახურში გატარებული შვიდი წლის განმავლობაში, ერთი ჩვეულებრივი სახელმწიფო მოხელე ვიყავი. პარლამენტმა კი მომცა ის, რასაც ვერც ერთ სხვა სახელმწიფო სტრუქტურაში ვერ მიიღებ: პოლიტიკური ხედვა და პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება. ამ გამოცდილების გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა ჩემი ახლანდელი სამსახურის გაძღოლა. უბრალოდ, ჩავიძირებოდი რუტინის, დეტალებისა და ბრალდებების ზღვაში. პოლიტიკური ხედვა და გამოცდილება ის მაშველი რგოლია, რომელიც ამ ზღვაში ჩაძირვისაგან მიცავს და ზედაპირზე მაჩერებს.
ბათუმი მართლაც საოცარი ქალაქი გახდა – ყოველთვიურად იცვლება! წელს ზაფხულში სამჯერ ვიყავი ჩასული კონფერენციებზე და სამივეჯერ სხვადასხვაგვარი დამხვდა. გასაოცარია, რომ ამჯერადაც ვხედავ ცვლილებებს. ნელ-ნელა მართლაც ემსგავსება პატარა, ლამაზ, ზღვისპირა ქალაქს სამხრეთევროპული პროვინციიდან. ერთადერთი ცვლილება, რომელიც ამჯერად არ მომწონს, წვიმაა. წვიმს გადაუღებლად და კოკისპირულად. როგორც ჩანს, ამჯერად ბათუმმა "უარი განაცხადა" ახალ ევროპულ იმიჯზე და გადაწყვიტა, სტუმრებს "ყველაზე ნესტიანი ადგილის" ძველი საბჭოთა იმიჯით შეგებებოდა...
უკანა გზაზე ჩვენს თვითმფრინავს საოცრად აჯანჯღარებს. ბოლო ათი წელია, სულ ჰაერში ვარ და მაინც ვერ მივეჩვიე ფრენას. ჩემს გვერდით ესტონეთის პარლამენტის სპიკერი, ანე ერგმაა. ოდნავაც არ ღელავს, ბედნიერი სახით წრუპავს "წინანდალს" და ჩვენს ძველ შეხვედრებს იხსენებს. მე და ანე ძველი ნაცნობები ვართ – ჩემი პარლამენტარობის პერიოდში ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს, ტალინშიც, თბილისშიც და სხვა ევროპულ დედაქალაქებშიც. ძალიან კარგი ადამიანია, ბევრჯერ არის ნამყოფი საქართველოში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს და ძალიანაც უყვარს ჩვენი ქვეყანა. ერთხელ, ესტონეთში ყოფნისას, საგანგებოდ დამპატიჟა ქალაქ ტარტუში, რომ ქართულ რესტორანში წავეყვანე.
ხშირად მიფიქრია თითქოსდა აუხსნელ პარადოქსზე: როგორ ვუგებთ რუსეთს პოლიტიკურ კამპანიას და საინფორმაციო ომს? საიდუმლო არ არის, რომ რუსეთის ხელისუფლება ძალიან დიდ თანხას ხარჯავს სხვადასხვა სახელმწიფოების ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკოსების, ექსპერტების გადასაბირებლად. მაგრამ ჩვენ მაინც ვუგებთ. რატომ? ალბათ პასუხი სწორედ ქალბატონი ერგმა და მისნაირი ადამიანები არიან. ისინი, ვინც საკუთარი რწმენისა და ჩვენი სიმართლის გულისთვის ბევრად უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე ფულს დახარბებული ხალხი. ალბათ, სწორედ ეს არის რწმენისა და სიმართლის ძალა.

26 სექტემბერი, ოთხშაბათი
დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა. დილით მთავრობის სხდომა იყო. მეტი მნიშვნელოვანი თითქოს არაფერი მომხდარა, მაგრამ დაღლით კი დავიღალე. უმარავი ენერგია მიაქვს ყოველდღიურ რუტინას: შეხვედრებს, კორესპონდენციის დახარისხებას, კომენტარებს, ჟურნალისტებს, დოკუმენტების მომზადებას და ხელმოწერას, ადმინისტრაციულ საკითხებს... ყველაზე საშიში სწორედ ასეთ რუტინაში ჩაკარგვაა.
გენიალური ფილმია "არაჩვეულებრივი გამოფენა"! ყველა ადამიანშია ნიჭიერი და პერსპექტიული ხელოვანი აგული ერისთავი, მაგრამ ასევე ყველა ადამიანშია ყოველდღიურ რუტინას დამორჩილებული სასაფლაოს მოქანდაკე აგული ერისთავიც. და თუ ამ რუტინამ ბოლომდე დაგიმორჩილა, ის ერთი, მთავარი ქვა, ფოროსის მარმარილო, რომელიც შენი ნიჭის გამოხატვის სიმბოლო უნდა გახდეს, ცხოვრების ბოლომდე ხელუხლებლად დარჩება.
საღამოს შემიჩნდნენ მაკა და მეგობრები, იქნებ მოახერხო სამსახურიდან დროზე გამოსვლა და სადმე ერთად დავსხდეთ, ლუდი დავლიოთო. მეგობრებთან ერთად ლუდის საღამოს მოწყობა ჩემი სუსტი წერტილია. საოცარი სამეგობრო მყავს: ძალიან ბევრი წელია, ერთად მოვდივართ და მაინც არასოდეს გვწყინდება ერთმანეთთან საუბარი და ძველი ამბების გახსენება. განსაკუთრებით ხშირად ვიხსენებთ სტუდენტობის პერიოდს - საუკეთესო წლებს ჩვენთვის, მაგრამ საშინელ დროს - ჩვენი თაობისთვის: კონფლიქტები, სამოქალაქო ომი, გაჭირვება, კრიმინალური განუკითხაობა... მეამაყება, რომ იმ პერიოდშიც კი, ჩემს არც ერთ მეგობარს არ უკადრებია რაიმე ცუდი და ურთულესი მორალური გამოცდის ეს ეტაპი სუფთა ხელებით გავიარეთ. ეს ის დრო იყო, როდესაც ყველანი ფეხით დავდიოდით, ერთმანეთის ტანსაცმელს ვთხოულობდით და ერთი ბოთლი ფალსიფიცირებული, ე.წ. "ბუდკის" კონიაკის საყიდელ ფულს მთელი კვირა ვაგროვებდით. დღეს, როდესაც ყველამ რაღაცას მივაღწიეთ ცხოვრებაში, განსაკუთრებით ხშირად ვიხსენებთ იმ მძიმე წლებს. საკმარისია, ერთად დავსხდეთ, მაშინვე ვიწყებთ ათასჯერ მოყოლილი ამბების ხელახლა გახსენებას. და თუ ვინმე უცხო გვესწრება ამ დროს, ვაი მისი ბრალი - მთელი საღამო თხუთმეტწლიანი ისტორიების მოსმენა მოუწევს! მეუღლეები დაგვცინიან - აჰა, დაიწყეს ახლა საკუთარი გაჭირვების გახსენებაო -მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის. ეს კეთილი დაცინვაა. ბოლოს და ბოლოს, ისინიც ხომ ამ დროიდან მოდიან ჩვენს გვერდით.
გასაკვირია, მაგრამ ძალიან მოვინდომე და მართლაც შევძელი სამსახურიდან ცოტა ადრე გამოსვლა. პირობითად ადრე, რა თქმა უნდა, თორემ საღამოს 9 საათი, ალბათ, არ შეიძლება მუშაობის ადრე დამთავრებად ჩაითვალოს...
მივედი თუ არა მეგობრებთან, ცუდი ამბავი მომახსენეს: ცხინვალიდან ისევ ისვრიან. მძიმე შეიარაღების გამოყენებით ბომბავენ ჩვენს მშვიდობისდამცველებს და ქართულ სოფლებს: ერგნეთს, ნიქოზს და ფრისს. როგორც ჩანს, ამჯერად სერიოზული პრობლემაა და არა ე.წ. "ოსური სახალხო ლაშქრის" რომელიღაც მთვრალი მეთაურის გადაწყვეტილება. რამაც განსაკუთრებით შემაშფოთა, რუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ძალიან ორგანიზებული და აქტიური ინტერესია ამ ფაქტის მიმართ: 15 წუთის განმავლობაში ათამდე ჟურნალისტმა დამირეკა! ეს ცუდის ნიშანია – როგორც ჩანს, რუსებმა გადაწყვიტეს, თემა ააგორონ და სურათი ისე დახატონ, თითქოს ცხინვალში ფართომასშტაბიანი ბრძოლები იწყება. ასეთი განვითარება ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ გვაწყობს, მით უმეტეს ახლა, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი გაეროში გამოდის. ამიტომ, დროებით ვივიწყებ ზრდილობასა და კარგი აღზრდის გაკვეთილებს (კარგია, რომ სახლში არ ვარ და დედაჩემს არ ესმის!) და ძალიან მკაცრად ვუსწორდები რუს ჟურნალისტებს.
ვრეკავ თავდაცვაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, სამშვიდობო ძალების შტაბში. ჩემს მოადგილეს ვავალებ, მოძებნოს საქართველოში მყოფი რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩი პოპოვი და უმკაცრესად მოსთხოვოს პროცესებში ჩარევა. ვრეკავ ყველგან, სადაც დარეკვას აზრი აქვს. ვურეკავ ჩემს თანამშრომლებს და ვაფრთხილებ, რომ თუ უახლოეს 15 წუთში სროლა არ შეწყდა, სამსახურში უნდა გამოცხადდნენ. მიუხედავად გვიანი დროისა, ყველა ჩვეულებრივად იღებს ამ ამბავს – მიჩვეული არიან საგანგებო რეჟიმში მუშაობას.
რამდენიმე წუთში მირეკავს ჩვენი სამშვიდობო ძალების სარდალი მამუკა ყურაშვილი და მაცნობებს, რომ მოახერხეს ცეცხლის შეწყვეტა. კიდევ კარგი! მთავარი ეს არის. დანარჩენი უკვე პოლიტიკური და დიპლომატიური ბრძოლის ტექნიკაა. ხვალ დილიდან დაიწყება განცხადებები, წერილები, კომენტარები. ამ ყველაფერს იოლად მოვუვლი, მთავარია, ჩვენი სოფლები არ იბომბებოდეს...
ახლა შეიძლება ლუდსაც დავუბრუნდე და ადამიანური სახით დაველაპარაკო მეგობრებს. ყველამ ამოისუნთქა. მგონი, მათ ჩემზე მეტად გაეხარდათ ცეცხლის შეწყვეტა.
...დღეს ჩვენმა ბიჭებმა რაგბიში ნამიბიის ნაკრები გაანადგურეს! მე მგონი, ეს ყველაზე უკეთესი ამბავია.

27 სექტემბერი, ხუთშაბათი
დღეს მთელი დღე კომპიუტერთან გავატარე. ახალი და უცნაური ამ ამბავში არაფერია, რადგან უკანასკნელი 10 წელია, ჩემი ცხოვრების თითქმის ყოველი დღე კომპიუტერის ეკრანის წინ მიმდინარეობს. მაგრამ დღეს მთელი დრო მოვანდომე მხოლოდ ერთ, თუმცა კი ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტზე მუშაობას. დოკუმენტზე, რომელიც დეტალურად აღწერს ჩვენს ძალისხმევას და სტრატეგიას კონფლიქტების მოგვარების სფეროში. მომავალ კვირაში ბრიუსელში მივემგზავრები. სერიოზული მივლინებაა – შეხვედრა მაქვს ნატოში, 26+1 ფორმატით, სპეციალურად კონფლიქტების მოგვარების თემაზე. საიდუმლო არ არის, რომ ჩვენი არაკეთილისმსურველები ცდილობენ, სწორედ კონფლიქტების არსებობა გამოიყენონ ნატოში საქართველოს გაწევრიანების პროცესის შესაფერხებლად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს წევრი სახელმწიფოების დარწმუნება, რომ ჩვენ არ უნდა "დავისაჯოთ" კონფლიქტების გამო.
ჰოდა მეც, სხვა რა გზა მაქვს, ვზივარ და ვწერ, ვწერ, ვწერ... ჩემი ცხოვრების ბოლო 10 წელი, რაც სახელმწიფო სამსახურში ვარ, სულ ვწერ. ჯერ ვწერდი სხვებისთვის – ჩემი სამსახურებრივი უფროსებისთვის. მერე პარლამენტისთვის და პარლამენტის სახელით დავიწყე განცხადებების და დადგენილებების წერა. ამ ბოლო დროს კი, ძირითადად, ჩემი თავისთვის ვწერ. რას წარმოვიდგენდი ბავშვობაში, როცა სკოლაში თემების წერა მეზარებოდა ხოლმე, რომ მთელ ცხოვრებას წერაში გავატარებდი?! ხანდახან დავფიქრებულვარ, რა არის სახელმწიფო მოხელისთვის ყველაზე საჭირო თვისება. ალბათ, ლოგიკურად და სწორად წერის უნარი. ამის გარეშე არაფერი გამოვა, კომპიუტერიც და უცხო ენაც მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტებია.
მოვრჩი წერას და აღმოვაჩინე, რომ 10 ნაბეჭდი გვერდი გამოვიდა ინგლისურ ენაზე. რომელიმე მწერალს ან ჟურნალისტს შეიძლება გაეღიმოს – ამას წვალობდი, დიდი ვერაფერი დაგიწერიაო. მაგრამ ეს ხომ ის დოკუმენტია, სადაც ყველა სიტყვას და ფრაზას დიდი მნიშვნელობა აქვს და კარგად უნდა იყოს გააზრებული. ამიტომ, კმაყოფილი და ამაყი ვარ – აქამდე არასდროს მომზადებულა ასეთი ყოვლისმომცველი დოკუმენტი კონფლიქტების თემაზე. გავაგზავნე დოკუმენტი ბრიუსელში და ამოვისუნთქე – ეს ყველა ადამიანისთვის ნაცნობი გრძნობაა მნიშვნელოვანი საქმის კარგად დასრულების შემდეგ.
წერის პარალელურად ვაგვარებ ადმინისტრაციულ საქმეებს, ვპასუხობ სატელეფონო ზარებს და ვარიგებ კომენტარებს ჟურნალისტებისთვის. ვაგზავნით საპროტესტო განცხადებებს და წერილებს ქართული სოფლების წუხანდელ დაბომბვასთან დაკავშირებით. ისევ იგივე ნაცნობი ყოველდღიურობა, თან დაძაბული და თან მომაბეზრებელი.
მაგრამ დღეს მაინც განსხვავებული დღეა, ემოციურად ძალიან მძიმე დღე - სოხუმის დაცემის დღე; საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე დიდი ტკივილის გახსენების დღე. ჩემთვის ეს დღე ერთდროულად ტკივილიც არის და პასუხისმგებლობაც - პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, პასუხისმგებლობა იმ ომში დაღუპულების და მათი ოჯახის წევრების წინაშე, პასუხისმგებლობა დევნილების წინაშე, პასუხისმგებლობა ჩვენი შვილების და მომავალი თაობების წინაშე. ეს არ არის ყალბი პათეტიკა, ეს ნამდვილად ასეა. თუ ჩვენ არ დავიბრუნეთ აფხაზეთი, ჩვენი შვილები ამას ვეღარ (და შეიძლება, აღარც!) გააკეთებენ. ეს ჩემი თაობის ტვირთია, რომელიც ბოლომდე უნდა მივიტანოთ, როგორ ძვირადაც უნდა დაგვიჯდეს.
საღამოს ცოტა ადრე მოვდივარ სახლში. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო მომენტად მიმაჩნია წუთები, როდესაც, სახლში მისული, კარზე ზარს ვრეკავ და კარს იქიდან მესმის შვილების ჟრიამული: "მამა მოვიდა!" იღება კარი და ისეთი განცდა მაქვს, რომ სხვა სამყაროში შემოვედი. ჩემი ოჯახი ჩემი ციხესიმაგრეა. გარეთ დარჩა პრობლემები, სტრესები, დაღლა, დაძაბულობა. ბავშვები ამ ყველაფრის დავიწყების საუკეთესო საშუალებაა. უფროსი შვილი – კატო (ეკატერინე) უკვე დიდი გოგოა, 8 წლის, თავისი ინტერესები, სამყარო და ჩამოყალიბებული ხასიათი აქვს. უმცროსი, 3 წლის ნიტა (ნინო) საუკეთესო "სათამაშო" ასაკშია, თუმცა იმდენად დამოუკიდებელი ხასიათი აქვს, რომ სულაც არ აპირებს, თავი ვინმეს სათამაშოდ იგრძნოს...
..."მაგრამ დიდხანს ეს სოფელი გაახარებს ვისმეს განა?" – მობილურის ერთი ზარი და ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება: შინაგან საქმეთა სამინისტროდან შოთა უტიაშვილი მირეკავს. კოდორის 20 სექტემბრის ინციდენტის ადგილას გაეროს საგამოძიებო ჯგუფი უნდა გავიდეს და საჭიროა ყველაფრის ორგანიზება. თვითონ უტიაშვილი იმდენ საქმეს აკეთებს პირადად, რომ ერთი საშუალო ზომის სამინისტროს შეშურდებოდა, მაგრამ დახმარება მაინც სჭირდება. ჰოდა, ისევ იწყება რეკვა, ხვეწნა, ჩხუბი, დარწმუნება... დღეც ამით სრულდება.

28 სექტემბერი, პარასკევი
ცხელი პოლიტიკური კვირაა! მიუხედავად ამისა, შეგნებულად არაფერს ვწერ პოლიტიკაზე – ეს თავიდანვე მყარად გადავწყვიტე; მაშინ, როდესაც სხვების დღიურებს ვკითხულობდი. რამდენიმე წინა რესპონდენტი ვერ გაექცა ცდუნებას, დღიური პოლიტიკური იდეების დემონსტრირების საშუალებად გამოეყენებინათ. სრული სიყალბეა. ჩემი აზრით, დღიური უნდა იყოს საკუთარ თავთან დარჩენილი ადამიანის ანალიზი, თუ რა მოხდა და რა კვალი დატოვა განვლილმა დღემ. საკუთარ თავთან დარჩენილი ადამიანი კი არ შეიძლება, ლოზუნგებით აზროვნებდეს. ეს ან სიყალბეა, ან უკიდურესი გონებაშეზღუდულობა. უბედურია პოლიტიკოსი, რომელსაც იმდენად აკლია გამოხატვის საშუალება, რომ ამ მიზნით დღიურს იყენებს. მე ამას არ გავაკეთებ – მიუხედავად იმისა, რომ დასამალი არაფერი მაქვს და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებიც, პრაქტიკულად, ჩემი კაბინეტის ფანჯრებქვეშ მიმდინარეობს.
მოკლედ, არანაირი პოლიტიკა! ვუბრუნდები ჩემს სამუშაო განრიგს. ეს განრიგი კი ისევე სავსეა, როგორც ყველა წინა დღეს იყო. დილა იწყება თანამშრომლებთან თათბირით მიმდინარე საკითხებზე. შემდეგ მოდის შეხვედრა საბიუჯეტო თემაზე – ცოტა ხანში მთავრობამ პარლამენტში უნდა წარადგინოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი და აუცილებელია უწყების დასაბუთებული მოთხოვნის მომზადება. არ მიყვარს ფინანსურ საქმეებში ჩარევა, მაგრამ სხვა რა გზა მაქვს.
ამის შემდეგ კიდევ მორიგი შეკრება – ჩავატაროთ თუ არა სამხრეთ ოსეთის საკითხზე შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა? რა უნდა იყოს ჩვენი ტაქტიკა და ძირითადი მოთხოვნები? ემოციურად ყველას ძალიან გვიჭირს, დავთანხმდეთ მოლაპარაკებებს იმ ადამიანებთან, ვინც ორი დღის წინ ქართული სოფლების დაბომბვის ბრძანებას იძლეოდა და ქართველ დედებს საჯაროდ ემუქრებოდა ძაძების ჩაცმით. მაგრამ მთავარი ქვეყნის ინტერესია, ჩვენი ემოციები კი ამ კაბინეტს გარეთ არ უნდა გავიდეს. ამიტომ, სხდომა ჩატარდება. რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩ პოპოვს შეუძლია, ბედნიერი ჩავიდეს მოსკოვში და უფროსებს უპატაკოს, რომ მოახერხა ქართული მხარის დათანხმება სხდომის გამართვაზე. ისე, საქმის პარალელურად, ცოტათი ვერთობი კიდეც: კომისიის სამხრეთოსური მხარის თანათავმჯდომარე ბორის ჩოჩიევი კეკლუცობს, "უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებს" ითხოვს თბილისში ჩამოსასვლელად. ვპირდები, რომ ოქტომბერში, ნიუ იორკში ჩემი მომავალი ვიზიტის დროს, გაეროში დავაყენებ უშიშროების საბჭოს მხრიდან პირადად მისი უსაფრთხოების შესახებ რეზოლუციის მიღების საკითხს.
დღეს თათბირების დღე გამოვიდა – ზედიზედ მეოთხე შეკრება მაქვს. ისევ ნატოში ვიზიტთან დაკავშირებით, ვაზუსტებთ პოზიციებს, ვათანხმებთ სხდომაზე დამატებით დასარიგებელ მასალებს. მოკლედ, სერიოზულად ვემზადებით.
ასე თათბირებში გაილია დღევანდელი დღე. გარდა ამისა, იყო კიდევ ერთი თათბირი გაეროში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით, გასაუბრება სტაჟიორებთან, შეხვედრები შვედეთის, ესტონეთის ელჩებთან და USAID-ის წარმომადგენლებთან, ხანგრძლივი სატელეფონო დისკუსიები გაეროსა და ნატოში ჩვენს ელჩებთან, კომენტარები ჟურნალისტებთან. კინოფილმ "ცისფერი მთების" დირექტორივით, ვაჟა ზაზაევიჩივით ვგრძნობ თავს - "მომკლა მთელი დღე ამდენმა თათბირებმა და მიღებებმა"... იმდენად დავიღალე, რომ ჩინეთის ელჩთან დაგეგმილ მიღებაზეც კი ვეღარ წავედი, მიუხედავად ძალიან სერიოზული პოლიტიკური და გასტრონომიული მოტივაციისა. მოკლედ, ყოვლად უფერული და ბიუროკრატიული დღე იყო...

29 სექტემბერი, შაბათი
ესეც შაბათი - ჩემი დღიურის ბოლო დღე. 16 საათზე უნდა წარვდგე "საშინელ სამსჯავროზე" რადიო "თავისუფლების" სტუდიაში... "მსახურთა რისხუაი ქროდეს, მართალნი ნეტარებდნენ, ცოდვილთა ჰგუემდეს ცეცხლი". იმედია, ცეცხლით გვემამდე საქმე არ მივა. როგორ მაინტერესებს, უცხო თვალით შევხედო ჩემს ნამოღვაწარს... ნეტავ როგორია? მთავარია, ყალბი და ხელოვნური არ ჩანდეს. წესით, არ უნდა იყოს – ყოველ შემთხვევაში, მე ნამდვილად შევეცადე, შეულამაზებლად გადმომეცა ამ კვირის ძირითადი ემოციები და მოვლენები. ემოციები უფრო მეტად და მოვლენები - უფრო ნაკლებად. ალბათ, ასე უფრო საინტერესოა.
მაგრამ ვიდრე სამსჯავროზე წარვდგებოდე, უნდა მოვასწრო "ამქვეყნიური საქმეების" დასრულება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ეს ნიშნავს დღის განმავლობაში გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის ელჩებთან და გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრებს.
დილიდან ცხინვალის რეგიონში ჩვენი სამშვიდობო ძალების სარდალი იყო მოსული, დეტალური ანგარიში ჩამაბარა მიმდინარე მოვლენებზე. დავგეგმეთ რამდენიმე სამომავლო კომბინაცია. თუ ყველაფერი ისე გამოგვივიდა, როგორც ვფიქრობთ, წესით, მომავალი ერთი თვის მანძილზე საინტერესო პროცესების მომსწრეები გავხდებით.
შემდეგ ისევ აპარატის საორგანიზაციო საქმეები, მეილები და დოკუმენტები. თან, პარალელურად, დღიურის დასრულებას ვცდილობ.
დატვირთული განრიგი გამომივიდა შაბათი დღის კვალობაზე! კვირაც ნორმალური იყო. პრინციპში, ყველანაირი დღეები მქონდა – საინტერესოც და უინტერესოც.
მთავრდება დღიური... და კიდევ ერთი კითხვა მიჩნდება: როგორ დავასრულო?
რთული კითხვაა, თუმცა ნაკლებად აქტუალური, ვიდრე ერთი კვირის წინ დასმული შეკითხვა "როგორ დავიწყო?" ცხოვრებაში ხომ, როგორც წესი, ყველაფერი თავისით სრულდება, ჩვენი არჩევანისა და კითხვების გარეშე. ჰოდა, ეს დღიურიც ასე, თავისით დასრულდება.
დასასრული.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG