Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია საარჩევნო კოდექსის შეცვლას მოითხოვს


უახლოესი ერთი წლის განმავლობაში საქართველოში პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევნები გაიმართება.

ოპოზიციური პარტიები, 2006 წლის ადგილობრივი არჩევნების გამოცდილების გათვალისწინებით, საარჩევნო კოდექსში ძირეული ცვლილებების შეტანას მოითხოვენ. კერძოდ, მათი მტკიცებით, მიუკერძოებელი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელია როგორც საარჩევნო სისტემის, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შეცვლა. პასუხად ხელისუფლება საარჩევნო ბარიერის შვიდიდან ხუთ პროცენტამდე დაწევისა და პარლამენტისათვის უფლებამოსილების ოთხიდან ხუთ წლამდე გაზრდის ინიციატივით გამოდის. გარდა ამისა, ირკვევა, რომ ოპონენტები ვერც არჩევნების ჩატარების თარიღზე თანხმდებიან. რატომ მოითხოვს ოპოზიცია საარჩევნო კოდექსის შეცვლას და როგორ უპასუხებს ამ მოთხოვნებს ხელისუფლება?

2006 წლის 5 ოქტომბერს გამართულ ადგილობრივ არჩევნებში მანდატების უმეტესობა მმართველი პარტიის კანდიდატებმა მიიღეს, საარჩევნო უბანში, ხმის მისაცემად მისულმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა კი სამართლიანად ჩატარებული არჩევნების მნიშვნელობაზე ილაპარაკა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი და დავანახვოთ მთელ მსოფლიოს, რომელიც მხარს გვიჭერს, რომ ჩვენ ვართ ორგანიზებული, დისციპლინირებული, ცივილიზებული, საკუთარ ძალებში დარწმუნებული ერი.“

მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველომ ვერ გაუძლო ამ გამოცდას. მათი მტკიცებით, ადგილობრივი არჩევნები ხარვეზებით ჩატარდა, ხოლო მაჟორიტარული სისტემისა და ერთპარტიული საარჩევნო ადმინისტრაციის წყალობით, დაიკარგა ასიათასობით ამომრჩევლის ხმა. ოპოზიციამ საარჩევნო კოდექსის წინააღმდეგ ჯერ კიდევ სამი თვის წინ, 2007 წლის ივლისში, გაილაშქრა. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის ზურაბ მარაქველიძის თქმით, მოქმედი მაჟორიტარული სისტემა, რომლის უმთავრესი პრინციპია - გამარჯვებული იღებს ყველა მანდატს, კრიტიკას ვერ უძლებს.

[ზურაბ მარაქველიძის ხმა] „ჩვენ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ მაჟორიტარული მოდელის არსებობა არის მცდელობა იმისა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, სადაც პარლამენტი უნდა შედგებოდეს 150 წევრისაგან, მოხდეს წინასწარ 50 წევრის დაბევება.“

უნდა ითქვას, რომ ოპოზიციის ამ კრტიკას ხელისუფლებამ სრული გულგრილობით უპასუხა. საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე ლაპარაკი ახლახან, პრეზიდენტ სააკაშვილის უკანასკნელი საჯარო გამოსვლის შემდეგ, განახლდა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”მე გთავაზობთ საარჩევნო ბარიერის დაწევას 5 პროცენტამდე, ისევე როგორც პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის უფლებამოსილების გარკვეულწილად შეზღუდვას, ისევე როგორც პარლამენტის ვადის 5 წლამდე გაგრძელებას იმისთვის, რომ საქართველოში არ იყოს სხვადასხვა დროს არჩევნები და იყოს ერთდროულად საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ყოველ 5 წელიწადში ერთხელ.”

მიხეილ სააკაშვილს ვრცელ გამოსვლაში არაფერი უთქვამს ოპოზიციის სამითვისწინანდელ მოთხოვნებზე. ამიტომაც დეპუტატი კახა კუკავა ხელისუფლებას შეახსენებს:

[კახა კუკავას ხმა] „ვითხოვთ, რომ საქართველოს პარლამენტი არჩეულია ოთხი წლის ვადით და მეოთხე წელს მან უნდა დაასრულოს მუშაობა და ჩაატაროს ახალი არჩევნები. მეორე, რასაც ვითხოვთ, ისაა, რომ არჩევნები ჩაატაროს არა თავისუფლების ინსტიტუტის მიერ დანიშნულმა ლევან თარხნიშვილმა, არამედ იყოს მეტ-ნაკლებად ნდობით აღჭურვილი, პარიტეტულ საწყისებზე შექმნილი საარჩევნო ადმინისტრაცია. მესამე საკითხი, რასაც ვაყენებთ: მანდატები განაწილდეს მიღებული ხმების მიხედვით. ხელისუფლება გვთავაზობს ასეთ რამეს: ერთმა პარტიამ შეიძლება მიიღოს 30 პროცენტი, დანარჩენებმა - 70 პროცენტი, მაგრამ ყველა მანდატს მაინც ერთი პარტია მიიღებს. ეს არჩევნები არაა.“(სტილი დაცულია)

კახა კუკავას თქმით, არჩევნები უნდა ჩატარდეს იმ ვადაში, რომელსაც ადგენდა საქართველოს კონსტიტუცია ცვლილებების შეტანამდე. ამ მოთხოვნის შესაბამისად, ოპოზიცია არჩევნების 2008 წლის გაზაფხულზე გამართვის მომხრეა, მაშინ როცა ხელისუფლება სულ სხვა თარიღს ასახელებს. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, პავლე კუბლაშვილი, განმარტავს:

[პავლე კუბლაშვილის ხმა] „არჩევნებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ შარშან ჩამოვყალიბდით, როცა კონსტიტუციით განისაზღვრა, რომ არჩევნები ჩატარდება 2008 წელს 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე. ეს არის ის თარიღი, რომელიც არ შეიცვლება და ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას ვურჩევდით, რომ დაეწყოთ მზადება ამ თარიღის გათვალისწინებით.“

პავლე კუბლაშვილის თქმით, ხელისუფლება არც ოპოზიციის სხვა მოთხოვნების გათვალისწინებას აპირებს, ანუ დღის წესრიგში არ დგას არც საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესისა და არც საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხი. რას აპირებს პასუხად ოპოზიცია? რადიო ”თავისუფლებამ“ ამ შეკითხვით გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ბიძინა გუჯაბიძეს, მიმართა.

[ბიძინა გუჯაბიძის ხმა] „ჩვენ სხვა არაფერი დაგვრჩენია, თუ არა 2 ნოემბერს იმ დიდი ძალით, რომელსაც ხალხი წარმოადგენს, გავარკვიოთ ხელისუფლებასთან ურთიერთობა. სხვა გამოსავალს ხელისუფლება არც ხალხს უტოვებს და არც პოლიტიკურ პარტიებს.“

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG