Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტმა ლისაბონში მხარდაჭერა მოიპოვა


საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც პორტუგალიის

დედაქალაქ ლისაბონში იმყოფება, 18 ოქტომბერს მხარდაჭერა მოიპოვა ევროკავშირის კონსერვატული ევროპის სახალხო პარტიისგან. საუბარია საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებზე. აქვე გეტყვით, რომ ევროპის სახალხო პარტიის სამიტი პორტუგალიის დედაქალაქში ევროკავშირის ლიდერთა სამიტის ფარგლებში იმართება. საქართველოს პრეზიდენტი მზარდი საერთაშორისო მხარდაჭერით კმაყოფილია.

მიხეილ სააკაშვილმა ლისაბონში კმაყოფილებით აღნიშნა, რომ მსგავსი მხარდაჭერა საქართველოს გეგმებთან მიმართებით - გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატოში - მას იშვიათად დაუნახავს. საქარველოს პრეზიდენტი კმაყოფილი იყო იმით, რომ ევროპის კონსერვატორმა ლიდერებმა, რომლებიც, მისი შეფასებით, ყურადღებიანი ხალხია, ის "თანასწორად" მიიღეს.

ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვილფრედ მარტენსი, რომელიც ამჟამად ევროპის სახალხო პარტიას უდგას სათავეში, გამოხატავს კონსერვატორების იმედს, რომ საქართველო ერთ მშვენიერ დღეს შეძლებს გაწევრიანდეს ევროკავშირში:

(მარტენსის ხმა) "ჩვენ გვსურს, რომ უკრაინა და საქართველო ერთ დღეს ევროკავშირშიც გაწევრიანდნენ. თქვენი მოწოდებაა და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. ჩვენ თქვენ გაღიარეთ როგორც წევრი პარტია, პირველ ეტაპზე – მეთვალყურის სტატუსით. ჩვენ მხარი დავუჭირეთ პრეზიდენტ სააკაშვილის პარტიას, ნაციონალურ მოძრაობას."

როგორც რადიო ”თავისუფლების" კორესპონდენტი აჰტო ლობიაკასი ლისაბონიდან იტყობინება, მხარდაჭერა, რომელიც 18 ოქტომბერს სააკაშვილმა მიიღო, ძირითადად, სიმბოლურ ხასიათს ატარებს. მაგალითად, ვილფრედ მარტენსი დიდი ხანია აღარ წარმოადგენს ბელგიის პოლიტიკაში მოქმედ პირს. ევროპის მოწინავე კონსერვატორმა ლიდერებმა კი, მაგალითად - გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ან საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, ლობიაკასის თქმით, საქართველოს, შესაძლოა, მხარი დაუჭირონ პოლიტიკური იდეოლოგიის ჭრილში, თუმცა, როგორც გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები, მერკელი და სარკოზი თავიანთ მხარდაჭერას პოლიტიკურ გადაწყვეტილებებად ვერ გარდაქმნიან.

მიუხედავად ასეთი პერსპექტივისა, ლობიაკასი ამბობს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყველა შესაძლებლობის გამოყენებას ცდილობს და ეს მან საუბარშიც დაადასტურა. ევროკავშირთან მიმართებით საქართველო ამ ეტაპზე წევრობაზე საუბარს ერიდება, რადგანაც "გაღიზიანების" გამოწვევა არ სურს:

(სააკაშვილის ხმა) "ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ არა მხოლოდ წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა, არამედ მობილიზება გავუკეთოთ ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისთვის აუცილებელ მხარდაჭერას, თავდაპირველად – ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მისაღებად. და ასევე ევროკავშირთან თანამშრომლობის საქმეში... ამ შემთხვევაში, როგორც თქვენ იცით, ჩვენ არ ვსაუბრობთ გაწევრიანებაზე... "

ბელგიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელმა ვილფრედ მარტენსმა ხუთშაბათს ისიც აღნიშნა, რომ მას ოდნავადაც არ ეპარება ეჭვი საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც ნატოს დიპლომატებმა რადიო ”თავისუფლებას" განუცხადეს, ამ საკითხთან მიმართებით ალიანსში ჯერ ისევ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. თუკი შეერთებული შტატები და ალიანსის შედარებით ახალი წევრები საქართველოს მხურვალედ უჭერენ მხარს, დასავლეთ ევროპის ქვეყნები ჯერჯერობით სიტყვაძუნწობენ. მეტიც, გერმანია, საფრანგეთი და ბელგია მიიჩნევენ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებამ, შესაძლოა, დაძაბოს ვითარება რეგიონში და გაამწვავოს ევროპის ურთიერთობა რუსეთთან.

რუსეთთან ურთიერთობაში პრეზიდენტი სააკაშვილი ახალი, ცივილიზებული წესების შემოღების მომხრეა. ლისაბონში მან ამის შესახებაც ისაუბრა:

(სააკაშვილის ხმა) "ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია შემოვიღოთ ახალი წესები, რომლებიც ჩვენს ურთიერთობას ბევრად უფრო პროგნოზირებადს გახდის. მსოფლიოში ყველა ქვეყანა არ არის დემოკრატიული, მაგრამ არის ბევრი ქვეყანა, რომლებსაც აქვთ კონტროლის მექანიზმები. რა თქმა უნდა, ყოველთვის უფრო სასიამოვნოა, როცა ღია საზოგადოებასთან გაქვს ურთიერთობა."

მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და რუსეთის ანტიგანწყობასთან დაკავშირებით პოზიცია გამოხატონ და "ნუ იყოყმანებენ".
XS
SM
MD
LG