Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა


”კეთილი ნების ჟესტი დაძაბულობის განმუხტვისთვის”, ”ბაქრაძემ შამბას შვიდი დივერსანტი

უფეშქაშა”, ”ხაჯიმბამ გუშინდელი ქართულ-აფხაზური იდილიის ჩამწარება სცადა” - ასეთი სათაურებით ეხმარება დღევანდელი პრესა 25 ოქტომბრის სოხუმის შეხვედრას. ”რეზონანსი”: ”თბილისსა და სოხუმს შორის, როგორც ჩანს, ურთიერთობების უმაგალითო დათბობა იწყება. გუშინ დავით ბაქრაძე და სერგეი შამბა სოხუმის ქუჩებში სეირნობდნენ, ზღვის სანაპიროზე კაფეში ყავას მიირთმევდნენ და იმის დემონსტრირებას ახდენდნენ, რომ დაპირისპირებულ მხარეებს კომპრომისზე წასვლა და ერთმანეთისთვის მისაღები გადაწყვეტილების მიგნება შეუძლიათ. თუმცა სეპარატისტული ხელისუფლების მეორე ფრთას, დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას სახით, სამშვიდობო პროცესზე განსხვავებული შეხედულებები აქვს. გუშინ ხაჯიმბამ თავისი საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც იმაზეა საუბარი, რომ აფხაზეთთან დაკავშირებით გაეროს ბოლო რეზოლუცია აშკარად პროქართული შინაარსისაა და სამშვიდობო ფორმატის შეცვლის მცდელობას შეიცავს”.

”ახალი თაობის” მიმომხილველი კი ეჭვქვეშ აყენებს 20 სექტემბერს დაკავებულთა აფხაზებისთვის გადაცემის განზრახვის მართებულობას. ”წესით და რიგით, შვიდი დივერსანტის გათავისუფლება საქართველოს ინტერესებში არ უნდა შესულიყო. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის 7 დაკავებულის გათავისუფლება მართლა გაუგებარი აღმოჩნდა. და ამ გაუგებრობამ კიდევ ერთი გაუგებრობა გამოიწვია: თუ ამ დივერსანტების გათავისუფლება უნდა მომხდარიყო, საერთოდ რა საჭირო იყო მათი დაპატიმრება? რა გარანტია გვაქვს, რომ ხვალ ისინი ისევ არ დააპირებენ საქართველოს წინააღმდეგ დივერსიის მოწყობას?!” - კითხულობს ”ახალი თაობა”.

”ხელისუფლება მთელი ქვეყნისაა და მათ შორის იმათიც, ვისაც ეს ხელისუფლება არ მოსწონს” - ამ სათაურით ”24 საათი” აქვეყნებს ვრცელ ინტერვიუს თბილისის მერ გიგი უგულავასთან, რომელიც აცხადებს: ”ხელისუფლება მთელი ქვეყნისაა და მათ შორის იმათიც, ვისაც ეს ხელისუფლება არ მოსწონს. ჩვენი ვალდებულებაა უზრუნველვყოთ ყოველი ადამიანის უსაფრთხო გადაადგილება და შეხედულებების თავისუფლად გამოხატვა. შესაბამისად, მომიტინგეთა უსაფრთხოებაც იქნება დაცული და იმ ხალხის ინტერესიც, ვისაც თავის საქმეზე ეჩქარება და არ ემიტინგება”, - ამბობს თბილისის მერი და კომენტარს ოპოზიციის მიმართ თავის დამოკიდებულებაზეც აკეთებს: ”მშვენიერი პროცესი მიდის დღეს. ერთი, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრის ლუსტრაცია მოხდა და ყველამ დაინახა, რომ მათ არანაირი პოლიტიკური ოპონირება არ სურთ, არც პოლიტიკური დიალოგი და არც არაფერი პოლიტიკური არ უნდათ. მათი ამოცანა მხოლოდ და მხოლოდ ექსტრემიზმია”.
XS
SM
MD
LG