Accessibility links

რას შეცვლის მორიგი საპარლამენტო არჩევნები


საქართველოს პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი

ადამიანები, პირადი მოტივების კვალდაკვალ, მხარს უჭერენ პოლიტიკური ოპოზიციის მოთხოვნას საპარლამენტო არჩევნები გადმოტანილი იქნეს 2008 წლის აპრილში. ისმის კითხვა, თუ რამდენად აცნობიერებს თითოეული მომიტინგე კავშირს არჩევნების გადმოტანასა და უშუალოდ მისი ოჯახის ინტერესებს შორის. თუმცა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია, ვიდრე არ დაზუსტდება, არსებობს თუ არა ასეთი კავშირი საერთოდ.

ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკური სისტემა მაშინ არის მყარი და სტაბილური, როცა არჩევნები კონსტიტუციურ ვადაში და სამართლიანად ტარდება; ესე იგი, როდესაც ქვეყანას სწორედ ის ადამიანები მართავენ, რომლებიც იმ მომენტში მოსახლეობის სხვადასხვა ფენის პოლიტიკურ გემოვნებას ადეკვატურად ასახავენ.

საქართველოში მყარი პოლიტიკური სისტემა ჯერ არ ჩამოყალიბებულა ორი მიზეზის გამო. ხელისუფლების ცვლა არ ხდება საკონსტიტუციო ვადებში ჩატარებული არჩევნების შედეგად და საარჩევნო ადმინისტრაციასაც ხელისუფლება აკონტროლებს, რის გამოც არჩევნების შედეგები მუდმივად ეჭვის ქვეშ დგას.

საქართველოს წინა პრეზიდენტებმა - ზვიად გამსახურდიამ და ედუარდ შევარდნაძემ - ვერ შეძლეს ისე ემართათ ქვეყანა, რომ ხელისუფლების ცვლა კონსტიტუციურ ჩარჩოში განხორციელებულიყო. მორიგი პრეზიდენტი, რომელსაც ჰქონდა შანსი, რომ სათავე დაედო ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მიხეილ სააკაშვილი იყო. მართალია, იგი ხელისუფლების სათავეში ხავერდოვანი რევოლუციის გზით მოვიდა, მაგრამ მისი, როგორც ამერიკაში განსწავლული იურისტის, ცოდნა და გამოცდილება სწორედ ქვეყნის კონსტიტუციურ კალაპოტში მოქცევის საწინდარი უნდა გამხდარიყო.

ამ მოლოდინის საპირისპიროდ, პრეზიდენტი დაეყრდნო იმ ფაქტს, რომ პარლამენტში მის მომხრეთა რაოდენობა კონსტიტუციაში ნებისმიერი ცვლილების შეტანის საშუალებას იძლეოდა და, საზოგადოებისთვის სრულიად უმტკივნეულო ვითარებაში, არჩევნების ვადები შეცვალა. საარჩევნო ვადების დარღვევა თავისთავად ნიშნავდა პოლიტიკური სისტემის სტაბილურობის რღვევას და, შესაბამისად, საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებას.

ცხადია, პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივება ძალიან ულამაზოდ გამოიყურებოდა მთელი მსოფლიოს თვალში. მაგრამ მიხეილ სააკაშვილს მეტისმეტად სურდა, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ერთმანეთისთვის დაემთხვია, რაც მისმა ბოლოდროინდელმა ინიციატივებმა საბოლოოდ დაადასტურა. იმის გამო, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არ არსებობს სააკაშვილის საპირწონე ქარიზმატული ლიდერი, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, პარლამენტის მომავალი შემადგენლობა საკუთარ ავტორიტეტზე მიება. ეს მისი პირადი ინტერესი იყო.

მაგრამ საზოგადოების ინტერესი სულ სხვაა: პარლამენტში ძალთა განლაგება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ განწყობებს მეტ-ნაკლებად სრულად უნდა ასახავდეს, რათა თითოეულმა ამომრჩეველმა თავი დაცულად იგრძნოს. როდესაც საქართველოს თითქმის მთელი ელექტორატი მხარს ნაციონალურ მოძრაობას უჭერდა, პარლამენტში პრეზიდენტის გუნდმა საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. მაგრამ 2004 წლის შემდეგ ხელისუფლებამ მხარდამჭერთა უფრო მეტი ნაწილი დაკარგა, ვიდრე ეს პროცესი საპარლამენტო ცხოვრებაში აისახა. ამიტომ პარლამენტი გახდა უუნარო, დაეცვა საზოგადოების სხვადასხვა ფენის ინტერესები. ის იცავდა ერთი პარტიის ინტერესებს და სწორედ ამ ვითარებაში გადადგა ხელისუფლებამ უკონტროლო ნაბიჯები, რომლებმაც შემდეგ ხალხი ქუჩაში გაიყვანა. როდესაც პარლამენტმა ვერ დაიცვა თითოეული ოჯახის და ადამიანის კანონიერი უფლებები, ქვეყანაში სახალხო პროტესტი დაიწყო.

არჩევნები გაზაფხულზე ჩატარდება თუ შემოდგომაზე, ნაციონალური მოძრაობა მიიღებს იმდენ ხმას, რამდენი მხარდამჭერიც იმ მომენტისთვის ეყოლება. დანარჩენი ხმები კი სხვა პარტიებზე გადანაწილდება. ნებისმიერ შემთხვევაში, გადაწყვეტილებების მიღება მთავრობის დახურული კაბინეტებიდან ღია დისკუსიის რეჟიმში გადავა და ხელისუფლებაზე საზოგადოების კონტროლი გაძლიერდება. საქართველოს თითოეული მოქალაქის მიზანიც სწორედ ისაა, ხელისუფლება ადამიანის სამსახურში ჩააყენოს. მომავალი არჩევნები აუცილებლად იმუშავებს საზოგადოების იმ ნაწილის სასარგებლოდ, რომელსაც უკონტროლო და განუკითხავი ხელისუფლება არ მოსწონს. და, აი, რატომ: ერთი მხრივ, საპარლამენტო მანდატები ოპოზიციურ პარტიებს შორის გარკვეული პროპორციით გადანაწილდება, მეორე მხრივ, ვეღარც ხელისუფლება მიიღებს იმდენ ხმას, რომ ქვეყანა თავის ნებაზე მართოს. ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ნაციონალურ მოძრაობას თავისი ქცევის წესების და ცხოვრების სტილის გადახედვა მოუწევს. პოლიტიკის კანონების თანახმად, რაც უფრო ადრე დაიწყება ეს პროცესი, მით მეტად უმტკივნეულო აღმოჩნდება ის დაპირისპირებაში ჩართული ყველა მხარისთვის.



XS
SM
MD
LG