Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული მიმოხილვა


გასულმა, პოლიტიკურად ძალზე დაძაბულმა,

კვირამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პოლიტიკა და ხელოვნება განუყოფელი ცნებებია. მით უმეტეს, საქართველოში. ”ნოემბრიდან ნოემბრამდე” - ფილმი, რომელიც ერთ საღამოს უჩვენეს ტელეკომპანიების ”მზის” , ”რუსთავი 2”-ისა და ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში, წარმოდგენილი იყო როგორც ”ფილმი”, ე.ი., გარკვეული თვალსაზრისით, როგორც ”ხელოვნების ნიმუში”. მართალია, ფილმის ავტორები არ დასახელებულა, ფაქტია, რომ სურათზე მხოლოდ არქივის სპეციალისტებს არ უმუშავიათ... არც მხოლოდ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს. უნდა ვივარაუდოთ, რომ იმუშავეს, კინემატოგრაფისტებმა თუ არა, ხელოვნებასთან ასე თუ ისე ახლოს მყოფმა ხალხმა - ვიღაცამ სცენარი დაწერა და დრამატურგიის კანონები გაითვალისწინა, ვიღაცამ მუსიკალურად გააფორმა, დაამონტაჟა, ვიღაცამ ტექსტი წაიკითხა სწორედ იმ სტილით, საბჭოთა დოკუმენტური ფილმებისთვის რომ იყო დამახასიათებელი. რა გამოლევს დღეს ხელოვან ხალხს, რომელიც ხელისუფლების "სტალინურ-ეჟოვურ" სტილს ამართლებს... და თუ არ ამართლებს, უყოყმანოდ უსრულებს დავალებას

[ფილმის ხმა. ”რუსეთი”]

”რუსეთი” ამ პუბლიცისტური ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირია. მიუხედავად იმისა, რომ სურათს ისტორიული ქრონიკის პრეტენზია აქვს, ”ნოემბრიდან ნოემბრამდე” კლასიკური დრამატურგიის სტრუქტურაზეა აგებული - ფილმს მაყურებლის უმრავლესობა ბოლომდე მაშინ უყურებს, როცა არის რაღაც კონფლიქტი. მაგრამ სწორედ საბჭოთა პროპაგანდისტული კინოსთვის, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ სტალინის ეპოქის კინოსთვის იყო დამახასიათებელი კონფლიქტის ხელოვნური გამძაფრება და ზომიერების დაკარგვა, ერთგვარ მითოლოგიურ სახეებზე - კეთილისა და ბოროტის, ხალხისთვის თავდადებული გმირებისა და ”მავნებლების”, ”მტრების”, ”მოღალატეებ” დაპირისპირებაზე - თამაში.

[ფილმის ხმა. ”აგენტები”]

ასეთ კინოს კიდევ ერთი კანონი აქვს: ”მავნებლები” უნდა დამარცხდნენ და სამშობლოსთვის თავდადებულებმა უნდა გაიმარჯვონ ან გამაჯვების იმედი მაინც უნდა აღძრან მაყურებელში... ზუსტად ისე, როგორც ამ ფილმშია, და ზუსტად ისე, როგორც 23 ნოემბერს მოხდა... დღე კულტურულ-პოლიტიკური მოვლენით - პრომეთეს ქანდაკების გახსნით - დაიწყო. ძეგლის ავტორი დევი ხაჩიძე გვიმტკიცებდა, პრომეთე ”გამარჯვების სიმბოლოაო”... მერე გამარჯვების მარათონი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე გაგრძელდა... ისევ და ისევ ხელოვნებისა და პოლიტიკის (ამ შემთხვევაში - ხელოვნებისა და ხელისუფლების) სრული ჰარმონიის შთაბეჭდილებისთვის, ყრილობაზე ქართული ესტრადის ვარსკვლავები მიიწვიეს.

[”ზუმბა”. ”მრავალჟამიერ”]

მითოლოგიური სიმბოლოებით გატაცება და პათეტიკური სტილი მხოლოდ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე როდი წარმოჩნდა. ამ კვირაში, მთავარანგელოზთა ხსენების დღეს, თავად-აზნაურთა პირველი ყრილობის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა გაიმართა. ქართველ თავად-აზნაურთა შთამომავლების, საეკლესიო პირების გვერდით აქ ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე ჩანდა. ამ ხალხს, აი, ასეთი ლექსების მოსმენა მოუხდა:

[ხმა. თავად-აზნაურთა კრება. ლექსი]

კულტურულ-პოლიტიკური კვირა დიდი ზეიმით დასრულდა -პარლამენტის წინ გიორგობისა და ”ვარდების რევოლუციისადმი” მიძღვნილი კონცერტით, რომელშიც საპატრიარქოსა და ოპერის თეატრის გუნდებთან, ლელა წურწუმიასა, მერაბ სეფაშვილსა და სხვებთან ერთად დიანა ღურწკაიაც ვიხილეთ - ის დიანა ღურწკაია, რომელიც თითქმის 40 წუთი იდგა პრეზიდენტ სააკაშვილის გვერდით სპორტის სასახლეში, ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე. ესეც სიმბოლურ-მითოლოგიური ჟესტი იყო - აფხაზეთიდან დევნილს პრეზიდენტის დაპირება უნდა მოესმინა. ამ მიზანსცენას მითოლოგიური სიმძაფრე იმანაც მიანიჭა, რომ დიანა ღურწკაია უსინათლოა.

[დიანა ღურწკაია]

უამინდობის გამო კონცერტზე იმდენი ხალხი არ მივიდა, რამდენიც თუნდაც შარშან, შარშანწინ, 2003 წლის 23 ნოემბერს. ცხადია, არამარტო უამინდობის გამო. ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ”ვარდების რევოლუციისადმი” მიძღვნილ კონცერტსაც დაეტყო: აღარ გაჰყვიროდნენ წამყვანები, აღარ იცვლებოდა დეკორაციები, არც პრეზიდენტი გამოსულა სიტყვით. წვიმიან სცენაზე მოცეკვავეებს ფეხი უსრიალებდათ. ბრიტანეთიდან საგანგებოდ 23 ნოემბრის დღესასწაულისთვის ჩამოსული ანსამბლი ”სმოუქი” კი ”წვიმის მუსიკოსების” დონის ვერ აღმოჩნდა, 2003 წლის 23 ნოემბერს რომ აამღერეს ასიათასობით ქართველი.

[”სმოუქი”]

იმ საღამოს ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში ხელისუფლებაზე გაბრაზებული კიდევ ერთი ტელემაყურებლის სმს გამოჩნდა: ”ამაშიც მოგვატყუა ხელისუფლებამ - ”სმოუქი” ჩამოვიდა კრის ნორმანის გარეშეო”.

ცნობისათვის: კრის ნორმანმა ჯერ კიდევ 1986 წელს დატოვა ბრიტანული ანსამბლი ”სმოუქი”. მაგრამ რას ვერჩით გულუბყვილო ტელემაყურებელს, როცა სიცრუით, ცილისწამებით არის აღსავე ნოემბრის მთავარი ეგრეთ წოდებული "ფილმი", "ნოემბრიდან ნოემრამდე", რომელსაც ყველა არხი ისე უჩვენებს, როგორც ბრეჟნევის სიტყვებს გადმოსცემდნენ საბჭოთა ეპოქაში.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG