Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთმა ეუთოს მინისტერიალს უმასპინძლა


გუშინ და დღეს მადრიდში ეუთოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების 2-დღიანი კონფერენცია იმართებოდა.

განსახილველ საკითხებს შორის უმთავრესი ადგილი ეკავა ორგანიზაციის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის არჩევას. რა პასუხი გასცეს ყაზახეთის მრავალწლიან სურვილს, რატომ გახდა ეუთო რუსეთის კრიტიკის სამიზნე და რით დაიმსახურა შექება საქართველომ?

კომპრომისული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია: 2011 წელს ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა ლიტვა გახდება, 2010 წელს – ყაზახეთი, ხოლო 2009 წელს – საბერძნეთი. ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, უკვე რამდენიმე წელია, გამოხატავდა სურვილს და აქტიურად ცდილობდა თავისი ქვეყანა ეუთოს მორიგე თავმჯდომარის რანგში ეხილა. მაგრამ, დიდი სურვილის მიუხედავად, ყაზახეთმა ეუთოს თავმჯდომარეობაზე უარი 2006 წელს ერთხელ უკვე მიიღო. შუა აზიის რესპუბლიკას მიეცა დრო, უფრო უკეთ დაემტკიცებინა სწრაფვა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისკენ. თუმცა აგვისტოში, როდესაც ქვეყანამ პარლამენტის ქვედა პალატის ვადამდელი არჩევნები ჩაატარა, შედეგი ბევრისთვის დამაფიქრებელი აღმოჩნდა: აბსოლუტურად ყველა ადგილი პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის პარტიის – "ნურ ოთანის" - სიით გასულმა დეპუტატებმა დაიკავეს. არჩევნების ჩატარების შემდეგ, მალევე, ყაზახეთის ხელისუფლების სერიოზული კრიტიკით გამოვიდა პარიზში დაფუძნებული საერთაშორისო ორგანიზაცია "რეპორტიორები უსაზღვრებოდ". ორგანიზაციის დაკვირვებით, ადგილობრივ მედიას, ხელისუფლების აშკარა ზეგავლენის გამო, არჩევნების სამართლიანად გაშუქების საშუალება არ მიეცა. ორგანიზაციის პრეს-მდივანი ჟან ფრანკო ჟულიარი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საერთაშორისო მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს და სადაც თავისუფალ სიტყვას სათანადოდ არ აფასებენ, ეუთოს მორიგე თავმჯდომარე არ უნდა გახდეს. მიუხედავად ამისა, ყაზახეთი მაინც ცდილობდა ეუთოს თავმჯდომარეობის სასურველი პოსტი 2009 წელს მიეღო. თუმცა მას ამგვარი შანსი, როგორც უკვე ვთქვით, მხოლოდ 2010 წლისთვის მიეცა.

იმით, რომ ყაზახეთს 2009 წელს ეუთოს თავმჯდომარეობის შანსი არ მისცეს და საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრობლემები ერთიანად ახლახან გაუხსენეს, უკმაყოფილოა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. უკმაყოფილება მან მადრიდში 30 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოხატა:

(ლავროვი)

ლავროვმა ისაუბრა მიუღებელ სვლებზე, რომლებიც ეუთოს სრულუფლებიანი წევრის, ყაზახეთის, დიდი ხნის სურვილის საწინააღმდეგოდ ამუშავდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ გარკვეული ძალები ცდილობდნენ ეუთო ქვეყნებზე ზეწოლის იარაღად გამოეყენებინათ, რაც, მისი თქმით, ორგანიზაციის ღრმა კრიზისში ყოფნას კიდევ ერთხელ ადასტურებს. თუმცა ყაზახეთის თავმჯდომარეობის საკითხი არ არის ერთადერთი თემა, რომელთან დაკავშირებითაც რუსეთმა სიბრაზე გამოხატა.

მადრიდის კონფერენცია მიმდინარეობდა რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების გაღიზიანების ფონზე. მოსკოვი სწორედ ვაშინგტონს სდებს ბრალს იმაში, რომ ეუთო 2 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებზე რუსეთში დამკვირვებლებს არ მიავლენს. ვლადიმირ პუტინი მიიჩნევს, რომ ყოველივე ეს არჩევნების დისკრედიტაციის მიზანს ემსახურება. თუმცა ამ მოსაზრებას არ იზიარებს ეუთო, რომელმაც 2 დეკემბრის არჩევნებზე მეთვალყურეთა გაგზავნაზე უარი მოსკოვის მიერ დაწესებული - ორგანიზაციისთვის მიუღებელი - შეზღუდვების გამო თქვა. საუბარია მეთვალყურეთა რაოდენობასა და მათთვის რუსეთის ვიზების გაცემასთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუციებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ხელმძღვანელის კრისტიან სტროჰალის თქმით, ეუთო იმედოვნებს, რომ მისი დამკვირვებლები რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე მაინც მოხვდებიან:

(სტროჰალი) "ბუნებრივია, ვიმედოვნებთ, რომ მიგვიწვევენ... მიგვიწვევენ დროულად და იმგვარად, რომ საშუალება მოგვეცემა დავაკვირდეთ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს."

მოსკოვისგან განსხვავებით, სტროჰალი კმაყოფილია თბილისის მიერ გამოხატული თანამშრომლობის სურვილით. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუციებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ხელმძღვანელი, საქართველოს აქტიურობის გამო, ოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებს:

(სტროჰალი საქართველოზე) "სრული თანამშრომლობა გვაქვს ყველასთან, ვისაც სურდა ჩვენი სწრაფად მიწვევა... სწრაფად იმიტომ, რომ საქმე გვაქვს უცბად დანიშნულ არჩევნებთან. ეს არ არის არჩევნები, რომელიც ბოლო ოთხი წლის მანილზე იგეგმებოდა. მისი ჩატარება, აუცილებლობის გამო, უცბად გადაწყდა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს მეთვალყურეობა წარმატებული იქნება."

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუციებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ხელმძღვანელის კრისტიან სტროჰალის მიერ მოსკოვისა და თბილისის მოქმედებათა თბილისის სასარგებლოდ შედარება, ბუნებრივია, მოსაწონი არ არის რუსეთისთვის. თუმცა რუსეთი ამის გარეშეც მწარედ არის გაბრაზებული ეუთოზე.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG