Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ითვალისწინებს გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს საპრეზიდენტო კანდიდატის, ლევან გაჩეჩილაძის, საარჩევნო პროგრამა


საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატების შალვა ნათელაშვილისა და დავით გამყრელიძის მიერ საარჩევნო პროგრამების გამოქვეყნების შემდეგ,

საზოგადოებას საკუთარი პოლიტიკური ხედვა გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს საპრეზიდენტო კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ გააცნო. გაჩეჩილაძემ საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტოზე გადასვლის შესახებ ისაუბრა და საქართველოს სახელმწიფო მოწყობისა თუ ეკონომიკის საკითხებსაც შეეხო.

პრეზიდენტობის კანდიდატ ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია ”ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან” ილია ჭავჭავაძის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში გაიმართა. როგორც თავად პრეზიდენტობის კანდიდატმა თქვა, საარჩევნო პროგრამა საგურამოს დეკლარაციის განვრცობილი ვარიანტია:

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] ”ჩვენი არჩევანი არის ეროვნულ ტრადიციებსა და კულტურაზე დამკვიდრებული ქართული, ევროპული ტიპის, მდიდარი სახელმწიფოს აშენება - ევროპული ტიპის დემოკრატიული იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ რეგიონში, სადაც არ გაამართლა ძალიან ძლიერმა პრეზიდენტის ინსტიტუტმა და, ჩვენი გადაწყვეტილებით, ჩვენ უნდა შევცვალოთ კონსტიტუცია და მივიდეთ საპარლამენტო რესპუბლიკამდე.”

ამ მიზნის მიღწევა ლევან გაჩეჩილაძეს პარლამენტში ოპოზიციის ფართოდ წარმოდგენით, ხელისუფლების დეცენტრალიზაციით, ანუ ადგილობრივი ორგანოების არჩევითობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებითა და სხვა ნაბიჯებით წარმოუდგენია, რომელთა შორის ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტაცაა.

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] ”საქართველოს ეკოლოგიური სისუფთავე ძალიან პრიორიტეტულია. იცით, გარდა იმისა, რომ თბილისი წაიღო ნაგავმა, მტვერმა, - მე, მაგალითად, დღეში მიწევს სამჯერ გამოცვლა პერანგის, იმდენი მტვერია ჩვენს ქალაქში...”(სტილი დაცულია)

ეკოლოგიის გარდა, ლევან გაჩეჩილაძემ ეკონომიკაზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის პირობებში საკუთრების ხელშეუხებლობა გარანტირებული იქნება. ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესს დაუწესდება ფიქსირებული გადასახადი და საქმის დაწყებისთვის საჭირო კრედიტების სისტემაც დამკვიდრდება.

გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს საპრეზიდენტო კანდიდატს მიაჩნია, რომ, საქართველოში მის მიერ გატარებული რეფორმების შემდეგ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას საქართველოს მოქალაქეობის სურვილი გაუჩნდება, რაც ქვეყნის მთლიანობის აღდგენასაც განაპირობებს.

საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე მყოფ ენერგეტიკული უსაფრთხოების ექსპერტს გია ხუხაშვილს ვკითხე, რამდენად მიმზიდველია მისთვის ლევან გაჩეჩილაძის პოლიტიკური პლატფორმა.

[გია ხუხაშვილის ხმა] ”ფაქტობრივად, ეს არჩევნები არის რეფერენდუმი, რომელზეც წყდება გინდათ თუ არა ეს ხელისუფლება. გამომდინარე აქედან და გამომდინარე იქიდან, რომ ვადები შეზღუდულია, პროგრამების შეფასება დღეს არის შეუძლებელი. თუმცა ის ძირითადი პრინციპები, რომელიც აქ გაცხადდა, ჩემთვის მისაღებია და ყველა მოქალაქე დაეთანხმება.” (სტილი დაცულია)

პრეზენტაციის კიდევ ერთი მონაწილე და ლევან გაჩეჩილაძის მხარდამჭერი რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი განმარტავს, თუ რა საჭიროა პროგრამა ისეთი კანდიდატისთვის, რომლის მიზანიც საპრეზიდენტო მმართველობის გაუქმებაა:

[დავით უსუფაშვილის ხმა] ”ლევან გაჩეჩილაძე არის 9 პოლიტიკური პარტიის კანდიდატი და მის პროგრამაში ჟღერს ძალიან ბევრი მოტივი და ის თემა, რომელიც ამ პარტიებს აქვთ და ექნებათ საპარლამენტო არჩევნებზე. პროგრამის ნაწილის შესრულება მოუწევს პრეზიდენტ გაჩეჩილაძეს იმ პერიოდში, სანამ ის იქნება პრეზიდენტი, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ საზოგადოებას შევუქმნათ ის წარმოდგენა, რა იქნება მას შემდეგ.”(სტილი დაცულია)

გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს საპრეზიდენტო კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე მთელი თავისი გუნდის მთავარ მიზნად საქართველოში ქართული, ევროპული ტიპის, დემოკრატიის აშენებას მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG