Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი გამოეთიშა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებას


წუხელ, ღამის 12 საათზე, ძალაში შევიდა რუსეთის გადაწყვეტილება, რომელსაც აშშ “დასანანს” უწიდებს.

საქმე ეხება გადაწყვეტილებას, შეჩერდეს რუსეთის მონაწილეობა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებაში.

“ხელშეკრულება, ხელმოწერილი ცივი ომის დროს, აღარ შეესაბამება რეალობას თანამედროვე ევროპაში და რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს”, ვკითხულობთ რუსეთის საგარეო უწყების ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. მასშივე მითითებულია კიდევ ერთ შეუსაბამობაზე: რომ ნატოს წევრ სახელმწიფოებს გადადგმული აქვთ ნაბიჯები, რომლებიც არ შეესაბამება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების პრინციპებს.

ამ შინაარსის კრიტიკა რუსეთმა ჯერ კიდევ აპრილში გამოთქვა: პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის მდგომარეობის შესახებ წლიურ მიმართვაში შემდეგი სიტყვებიც წარმოთქვა: [პუტინის ხმა] “დროა, ჩვენმა პარტინორებმა სიტყვით კი არა, საქმით შეიტანონ თავიანთი წვლილი შეიარაღების შემცირებაში - ისინი შეიარაღებას, პირიქით, ზრდიან! დროა, წლივლი შეიტანონ შეიარაღების შემცირებაში - ევროპაში მაინც! გთავაზობთ ამ საკითხის განხილვას რუსეთი-ნატოს საბჭოში და თუ მოლაპარაკების დროს პროგრესს ვერ მივაღწიეთ, მიზანშეწონილად მიმაჩნია, განხილულ იქნეს ჩვენს მიერ ევროპაში შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეწყვეტის საკითხი”.

მოგვიანებით, ივლისში პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას მოსკოვის მიერ ხელშეკრულებაში მონაწილეობის შეჩერების შესახებ, რაც ძალაში უნდა შესულიყო (საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერის საფუძველზე) 150-დღიანი პერიოდის შემდეგ.

მოკლედ თვით ხელშეკრულების შესახებ: მასზე 1990 წელს მოაწერეს ხელი ნატოსა და ვარშავის ხელშეკრულების წევრმა სახელმწიფოებმა, რასაც წინ უძღოდა ხანგრძლივი, 10-წლიანი მოლაპარაკება. ხელშეკრულება ევროპაში უსაფრთხეობის მიზნით გაფორმებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტად ითვლებოდა, აწესებდა რა შეიარაღების განთავსებაზე ლიმიტს ევროპის კონტინენტზე და მეტიც: ითვალისწინებდა რა მხარეების მიერ ერთმანეთის რეგულარულად შემოწმებას. 1999 წელს სტამბულში გაფორმდა ხელშეკრულების შეცვლილი ვარიანტი, მაგრამ ის მარტო ოთხი ქვეყნის მიერ იქნა რატიფიცირებული - თვით რუსეთის, აგრეთვე უკრაინის, ყაზახეთის და ბელორუსის მიერ. ნატოს სახელმწიფოები რატიფიცირებაზე უარს ამბობენ, მოითხოვენ, რომ ჯერ რუსეთმა შეასრულოს სტამბოლში ნაკისრი ვალდებულებები, რაც ითვალისწინებს ჯარისკაცების გაყვანას მოლდავეთიდან და საქართველოდან.

რაც შეეხება საქართველოს, მსმენელმა იცის, რომ წელს, 14ტნოემბერს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია დატოვა უკანასკნელმა რუსმა ჯარისკაცმა და სამხედრო ტექნიკამ: ბათუმში არსებობა შეწყვიტა რუსულმა სამხედრო ბაზამ, რომელიც იქ თითქმის 90 წელი იმყოფებოდა.

ცნობილი რუსი სამხედრო ექსპერტი, პაველ ფელგენგაუერი ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულების გარშემო ნატოსა და რუსეთს შორის დაპირისპირების მთავარ მიზეზს განმარტავს: [ფელგენგაუერის ხმა] “ახლა უთანხმოების გამომწვევი მთავარი საკითხია მოლდავეთი, საიდანაც - კერძოდ დნესტრისპირეთის რეგიონიდან - რუსეთი ჯარების გაყვანაზე კატეგორიულ უარს ამბობს. პრეზიდენტ პუტინსა და სხვა რუს ოფიციალურ პირებს ნათქვამი აქვთ, რომ მათთვის მიუღებელია დასავლეთს ჰქონდეს უფლება, ასეთი შეზღუდვები დაუწესოს რუსეთს და მოსკოვი ამბობს, რომ მას აქვს დნესტრისპირეთში ჯარისკაცების დატოვების უფლება”. ფელგენგაუერმა ჩვენს რადიოსთან ივლისში საუბრისას ისიც თქვა, რომ მოსკოვს სურს, ასევე განთავისუფლდეს შეზღუდვებისაგან სამხრეთის ფლანგზე, კავკასიის რეგიონში.

ის, რომ სამშაბათს, ღამის 12 საათიდან ძალაში შევიდა რუსეთის გადაწყვეტილება ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებაში მონაწილეობის შეჩერებაზე, ნიშნავს, რომ ამიერიდან რუსეთი ინფორმაციას აღარ მიაწვდის ნატოს წევრებს სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების რაოდენობაზე, რომ შეწყდება საერთაშორისო ინსპექტორების დაშვება რუსეთის სამხედრო ნაწილებში და რომ რუსეთს უკვე არანაირი ლიმიტი აღარა აქვს საბრძოლო ტექნიკასა და შეიარაღებაზე.

ამ საკითხზე დაწვრილებით ისაუბრა ჩვენმა სამხედრო ექსპერტმა კობა ლიკლიკაძემ ყოველკვირეული სამხედრო პროგრამის ბოლო, 9 დეკემბრის გამოშვებაში. აი, პროგრამის ის ნაწყვეტი, რომელშიც ლაპარაკია შესაძლო შედეგებზე სამხრეთ კავკასიისთვის მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა რუსეთის გადაწყვეტილება, შეაჩეროს მონაწილეობა ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებაში: [კობა ლიკლიკაძის ხმა]
“პირველ ყოვლისა, რუსეთი შეეცდება ხელი შეუშალოს ნატოს გაფართოებას ბუქარესტის სამიტზე, თუნდაც ამისთვის ”ანტინატოს” შექმნა დასჭირდეს ”შანხაის ორგანიზაციისა” და ”კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის” წევრი ქვეყნების სამხედრო პოტენციალის გაერთიანების გზით.
რუსეთის მხრიდან ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულებიდან გამოსვლა შემდგომი მილიტარიზაციისკენ უბიძგებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, განსაკუთრებით საქართველოს, რომელიც, ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკის მხრივ, ჩამორჩება აზრბაიჯანსაც და სომხეთსაც.”

წეღან უკვე ითქვა, რომ აშშ “დასანანს” უწოდებს რუსეთის მონაწილეობის შეჩერებას ევროპაში შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებაში. სიტყვა “დასანანი” აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა, დენიელ ფრიდმა წარმოთქვა.

როგორ განვითარდება მოვლენები, ეს ჯერ ნათელი არ არის, მაგრამ საყოველთაო ვარაუდით, დიპლომატიური ძალისხმევა გაგრძელდება. რუსეთიც და ნატოს წევრი სახელმწიფოებიც ირწმუნებიან, რომ სამშაბათს შუაღამისას ძალაში შესული გადაწყვეტილება უშუალო რისკს არ უქმნის უსაფრთხოებას ევროპაში.
XS
SM
MD
LG