Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა

  • ნიკო ნერგაძე

დღევანდელი გაზეთების მთავარი თემა საქართველოში გაჩენილი დაპირისპირებები იყო - ხელისუფლების

დაპირისპირება ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, კონფლიქტი სტუდენტურ თვითმმართველობაში და შიდაპარტიული უთანხმოებები.

”ღალატი ახლებში” - ასე ჰქვია ”ალიას” დღევანდელ მოწინავე სტატიას. მასში ნათქვამია, რომ ”ახალი მემარჯვენეებისა” და ”მრეწველების” რეგიონალური წარმომადგენლები შორენა ჭეჟია და ზურაბ ლემონჯავა საკუთარ პარტიას განუდგნენ და ”ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ დაიწყეს აგიტაცია. ”ალია” ”მრეწველებისა” და ”ახალი მემარჯვენეების” ჩხოროწყუს შტაბის უფროს თენგიზ ზედანიას დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ რატომ არ გამოცვალეს ლემონჯავა და ჭეჟია და რამდენი ხანია, რაც ისინი ”ნაციონალების” სასარგებლოდ მუშაობენ. თენგიზ ზედანია პასუხობს: ”გამოვცვლით... კაცო, მე ”ვაფშე” არ ვიცოდი ვინ იყვნენ ეგენი... რა გინდათ, რატომ მაფორიაქებთ!”

დღევანდელი ”რეზონანსი” კი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეიძლება პოლიტიკურ ნიადაგზე სტუდენტთა შორის დაპირისპირების კერად გადაიქცეს. ”რეზონანსის” ინფორმაციით, ამის ნიშნები მაშინ გამოჩნდა, როდესაც სტუდენტური თვითმმართველობის ერთმა ნაწილმა კოსტავას ქუჩაზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი შტაბი გახსნა, მეორე ნაწილმა კი ეს ფაქტი უნივერსიტეტის ბაღში გააპროტესტა. გაზეთს ამასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის რექტორი გია ხუბუა ესაუბრა და უთხრა, რომ უნივერსიტეტი სტუდენტებს არ უშლის პოლიტიკაში ჩაერთონ. ”არავის არ უნდა აღიზიანებდეს ერთმანეთის აქტიურობა. ეს ნორმალური პროცესია. თუმცა სტუდენტებისგან უფრო დიდი მოლოდინი გვაქვს სასწავლო პროცესში”, - წერია დღევანდელ ”რეზონანსში”.

”ახალი თაობა” კი ბეჭდავს ”მედიანიუსის” კორესპონდენტის ინტერვიუს საქართველოს ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან, რომელიც, გაზეთის აზრით, ”ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების პირუთვნელი შემფასებელია”. ედუარდ შევარდნაძე ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს ”შედარებით დემოკრატიულს” უწოდებს, მაგრამ, მისი თქმით, ნოემბრის მოვლენებმა და ტელეკომპანია ”იმედის” დახურვამ ყველაფერს წყალი გადაასხა. ჟურნალისტის შეკითხვას, თუ როგორ აფასებს ექს-პრეზიდენტი ბადრი პატარკაციშვილს, შევარდნაძემ ასე უპასუხა: ”თბილისში ჩამოსვლის უფლება, მოქალაქეობა და პასპორტი მე მივეცი. ბადრი გონიერი კაცია და იცის ანგარიში. ჩემი საქმე რომ ყოფილიყო, საპრეზიდენტო მმართველობის გაუქმებაზე კი არ ვილაპარაკებდი, არამედ ბადრი პატარკაციშვილს დავნიშნავდი პრემიერ-მინისტრად, რადგან ის ჭკვიანია. აქვს ფულიც, რაც იმას ნიშნავს, რომ მექრთამე არ გახდება.”
XS
SM
MD
LG