Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციები საპრეზიდენტო არჩევნებს პარალელურ რეჟიმში დააკვირდებიან


15 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე იმ არასამთავრობო

ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგს განახორციელებენ. დიალოგი, ძირითადად, იმას შეეხო, თუ როგორ მოხდება რეაგირება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგებზე, დამკვირვებელთა მიერ აღმოჩენილ დარღვევებსა და პარალელური დათვლის შედეგებზე. მინდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრის შესახებ გიამბოთ.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე აკრედიტებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს სამთავრობო სამუშაო ჯგუფთან ერთად შეხვდა. ამ ჯგუფის ამოცანაა არჩევნების ჩატარება დარღვევების გარეშე, რაც საზოგადოებაში არჩევნების შედეგებისადმი ნდობას გააღრმავებს.

არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზეც სწორედ ამაზე იმსჯელეს. დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციებმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელსა და სამთავრობო ჯგუფს საარჩევნო პროცესის მონიტორინგის განხორციელების გეგმები გააცნეს. შეთანხმდნენ, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია პარალელურ რეჟიმში მოპოვებულ ინფორმაციას სამთავრობო ჯგუფსა და სხვა შესაბამის ორგანოებს მიაწვდის, რათა ნებისმიერ დარღვევაზე მყისიერი რეაგირება მოხდეს. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარის გიორგი ჩხეიძის კომენტარი:

[გიორგი ჩხეიძის ხმა] ”ჩვენ მზად ვართ მივაწოდოთ ინფორმაცია...”

”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან” ერთად არჩევნების პროცესს "ახალი თაობა – ახალი ინიციატივაც" დააკვირდება. ეს ორგანიზაცია ხმებს პარალელურ რეჟიმში დაითვლის და მის დამკვირვებლებს უფლება ექნებათ შემაჯამებელი ოქმები და სხვა დოკუმენტები შეამოწმონ. "ახალი თაობა – ახალი ინიციატივის" ხელმძღვანელმა კოკი იონათამაშვილმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნინო ბურჯანაძესა და სამთავრობო ჯგუფს საარჩევნო დარღვევებისგან დაცვის რეკომენდაციები გააცნო:

[კოკი იონათამიშვილის ხმა] ”იყო საუბარი საარჩევნო სიებზე...”

არჩევნების დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის შეხვედრას ესწრებოდა არჩევნებისთვის შექმნილი სამთავრობო ჯგუფის წევრი, იუსტიციის მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი. მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რათა წინასაარჩევნო პერიოდში, განსაკუთრებით კი არჩევნების დღეს, კანონდარღვევები და ხარვეზები მინიმალურ დონემდე იყოს დაყვანილი:

[ეკა ტყეშელაშვილის ხმა] ”ერთობლივად ვიმუშაოთ იმაზე იმისათვის, რომ ...”

არჩევნების დამკვირვებელ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე, ასევე არჩევნების საკითხებზე, ეუთოს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელს დიტერ ბოდენს შეხვდა და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც ესაუბრა.
XS
SM
MD
LG