Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთიდან ევროპელ დიპლომატებს აძევებენ


მას შემდეგ, რაც ავღანეთის ხელისუფლებამ მაღალი რანგის ორ ევროპელ დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა, საერთაშორისო დონის მოლაპარაკებები გაჩაღდა.

საქმემ სკანდალის სახე მიიღო. ქაბულის მიერ 25 დეკემბერს გაკეთებული განცხადება, რომ ეროვნებით ბრიტანელი და ირლანდიელი დიპლომატები ჰელმანდის პროვინციის მუსა-ყალას რაიონში თალიბებს ხვდებოდნენ და თავიანთი საქმიანობით ქვეყნის უსაფრთხოებას ხელყოფდნენ, ავღანეთის ფარგლებს, ბუნებრივია, გასცდა.

გაეროს მისიის მაღალი რანგის თანამშრომლისა და ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადების შესახებ პირველი განცხადება ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის პრესმდივანმა ჰუმაიუნ ჰამიდზადამ 25 დეკემბერს გააკეთა:

(ჰამიდზადას ხმა) "ისინი ჩაბმული იყვნენ საქმიანობაში, რომელიც არ წარმოადგენდა მათი სამსახურებრივი ფუნქციის ნაწილს. ამ საქმიანობამ ხიფათი შეუქმნა ავღანეთის სახელმწიფო უსაფრთხოებას."

დიპლომატების ავღანეთიდან გაძევების საკითხთან დაკავშირებით ქაბულთან მოლაპარაკებები დაიწყეს დასავლელმა პარტნიორებმა. გაერო ყველაფერ ამას გაუგებრობას უწოდებს და კატეგორიულად უარყოფს ეჭვებს, რომ მისი თანამშრომლები მოლაპარაკებებს მართავდნენ თალიბებთან. ფაქტს, რომ დიპლომატები მართლაც ჩავიდნენ ჰელმანდის პროვინციაში, გაერო არ უარყოფს, თუმცა მიზნად სიტუაციის გაცნობა სახელდება. მისია ავრცელებს ცნობას, რომ დიპლომატები ადგილობრივ მოსახლეობას, უხუცესებს, ადგილობრივ ხელისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს ხვდებოდნენ.

გაეროს პრესმდივანი ქაბულში ნილო მუბარეზი გამოთქვამს იმედს, რომ ყველაფერი გაირკვევა, თუმცა ამ ეტაპზე ავღანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება შესრულდება:

(მუბარეზის ხმა) "ჩვენი კოლეგები ავღანეთს 27 დეკემბერს დატოვებენ. თუმცა ჩვენ განვაგრძობთ მოლაპარაკებებს ავღანეთის ხელისუფლებასთან მანამდე, ვიდრე ეს გაუგებრობა არ აღმოიფხვრება. სწორედ გაუგებრობის აღმოფხვრის შემდეგ მიეცემათ ჩვენს კოლეგებს უკან დაბრუნების საშუალება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მათ უკან დაბრუნებას შევძლებთ."

ჰელმანდის პროვინცია, სადაც გაძევებული დიპლომატები მოლაპარაკებას მართავდნენ, საკმაოდ მგრძნობიარე თემაა ავღანეთისთვის. ის მდებარეობს ოპიუმის მწარმოებელი რეგიონის შუაგულში. მუსა-ყალას რაიონი კი თალიბების მიერ იმართებოდა თებერვლის შემდეგ მანამდე, ვიდრე დეკემბრის დასაწყისში ავღანეთის ადგილობრივმა ძალებმა და მრავალეროვანი კოალიციის შენაერთებმა ის, საკმაოდ მძიმე ბრძოლების შედეგად, არ დაიბრუნეს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG