Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა

  • ნიკო ნერგაძე

გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეო და აუდიოჩანაწერები დღესაც ყველა ქართული გაზეთის მთავარი თემა იყო.

”100 მილიონი ღალატისათვის” - ასე ჰქვია ”24 საათის” დღევანდელ მოწინავე სტატიას, რომელშიც უცვლელად არის გადმოცემული პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილისა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ერეკლე კოდუას საუბრის პროკურატურის მიერ მოპოვებული ჩანაწერი. ”რაც შეეხება პატარკაციშვილის დაპირებულ მუქარას, მის მიერ გაკეთებულ ჩანაწერს, გაზეთის ფურცლებზე მისი უცვლელი სახით გადმოტანა იმ უბრალო და გასაგები მიზეზის გამო ვერ მოხერხდა, რომ ”მუქარა-ჩანაწერში”, ფაქტობრივად, არაფერი ისმის”, - წერს ”24 საათი”.

დღევანდელი ”რეზონანსის” ავტორებს კი ჩანაწერებთან დაკავშირებით კითხვები უჩნდებათ. ”უშიშროების საბჭოს მდივანმა ”რეზონანსთან” საუბრისას ისიც კი განაცხადა, რომ პატარკაციშვილის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა არ იგეგმება”, - წერს გაზეთი და განაგრძობს, - ”ეს მაშინ, როდესაც უფო ნაკლები ბრალდების გამო ვალერი გელბახიანს უკვე ეჭვმიტანილის სტატუსი აქვს.”


”რეზონანსი” აფხაზეთის თემასაც უბრუნდება და კომენტარს რესპუბლიკური პარტიის წევრს, კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს სთხოვს. ”კოსოვოში გაუცხოებაა, ჩვენთან კი არა”, - უთხრა ექსპერტმა ”რეზონანსს” და განაგრძო: ”ქართველებსა და აფხაზებს შორის არის კონტაქტები, შეუძლიათ ერთმანეთში ილაპარაკონ, ამიტომ აფხაზური დამოუკიდებლობა არავის დღის წესრიგში არა დგას”, - განაცხადა პაატაა ზაქარეიშვილმა.

”ახალი თაობა” კი ბეჭდავს სააგენტო ”პირველის” გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ლადო გურგენიძე კახა ლომაიამ უნდა ჩაანაცვლოს. ეს ინფორმაცია, გაზეთის მტკიცებით, სარწმუნო წყაროსგან მოდის. ”როგორც ცნობილია, შეთავაზება ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის შესახებ მიხეილ სააკაშვილისგან თავდაპირველად თიბისი ბანკის პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძემ მიიღო, თუმცა ცნობილმა ბიზნესმენმა ქვეყნის მესამე პირობა არ ისურვა” ,- წერს ”ახალი თაობა”.

”საქართველოს რესპუბლიკაში” შეგიძლიათ წაიკითხოთ აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის ღია წერილი, რომლის ადრესატიც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები არიან. ”რეფორმა დაჩქარებულად, მექანიკურად ჩატარდა” - ასე ჰქვია მიმართვას და მასში განათლების რეფორმაში არსებულ ხარვეზებზეა ლაპარაკი. ”რასაკვირველია, რეფორმების გატარების დროს აუცილებელია ცივილიზებულ სამყაროში არსებული სისტემების გაცნობა, მოწინავე გამოცდილების გაზიარება,მაგრამ არა რომელიმე მათგანის მექანიკური გადმოტანა. აუცილებელია მოწინავე გამოცდილების საკუთარ ინტერესებთან შეჯერება”, - წერს მარიამ ლორთქიფანიძე დღევანდელ ”საქართველოს რესპუბლიკაში”.
XS
SM
MD
LG