Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


მიმდინარე კვირას მთელი ქართული პრესა წინასაარჩევნო პერიოდის ციებ-ცხელებას აშუქებდა.


ორშაბათს ,,კვირის პალიტრა” პრეზიდენტობის ყოველ კანდიდატს საარჩევნო ნომრის რიგითობით თითო გვერდს უთმობს. ამ გვერდებზე კანდიდატთა ფრაზებია გამოტანილი, რომლებიც გაზეთმა ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნია. მაგალითად: ლევან გაჩეჩილაძე: ,,ჩვენ ვიბრძვით ღირსების დასაბრუნებლად”, ბადრი პატარკაციშვილი: ,,რასაც არ უნდა დაგპირდნენ, ჩემი შენატანი მაინც ორჯერ მეტი იქნება”. დავით გამყრელიძე: ,,საპარლამენტო მონარქიის მოდელში დევს ყველა პრობლემის გასაღები”; შალვა ნათელაშვილი:,,საქართველოს ბედსა და ისტორიას ამ მძარცველებს არ დავუთმობთ”; მიხეილ სააკაშვილი:,, ყოველი მოქალაქისა და ოჯახის კეთილდღეობა მინიმუმ სამჯერ უნდა გაიზარდოს”; გია მაისაშვილი:,,ჩვენი პროგრამის მიხედვით, საყოველთაო ნიჭიერების მქონე მთავრობა დაკომპლექტდება”; ირინა სარიშვილი-ჭანტურია: ,,ჩემთვის ციხეში ყოფნა ჯობდა, მაგრამ ამ ხელისუფლებამ იცის, ვის როგორ გაუსწორდეს.”

ორშაბათს ”რეზონანსის” ყოველკვირეული გამოცემა ,,მთელი კვირა” მისივე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებდა. რესპონდენტებისათვის დასმული კითხვები ამგვარი იყო: მიდიან თუ არა ისინი 5 იანვარს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე და რომელ კანდიდატს უჭერენ მხარს. გაზეთი წერს, რომ გამოიკითხა 506 რესპონდენტი, შედეგები კი, პუბლიკაციის მიხედვით, ამგვარი აღმოჩნდა: ,,მიხეილ სააკაშვილი - 16,4%, ლევან გაჩეჩილაძე - 22, 1%, შალვა ნათელაშვილი - 4,7 % , დავით გამყრელიძე - 2,4 % , არკადი(ბადრი) პატარკაციშვილი - 13,8 % ”, - წერს ,,მთელი კვირა”.

ეს ორშაბათს იყო. მაშინ ჯერ კიდევ წინ იყო ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებული სკანდალი და მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა განცხადებული, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მარათონიდან თავისი კანდიდატურის მოხსნას აპირებს.

სამშაბათს უკვე ქართული პრესის მთავარი თემა ბადრი პატარკაციშვილის შტაბის ხელმძღვანელის ვალერი გელბახიანისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის ერეკლე კოდუას შორის გამართული შეხვედრის ფარული ვიდეოჩანაწერი იყო, რომელიც გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა.
”24 საათი” ამ ჩანაწერებს და, ასევე, ხელისუფლების, ოპოზიციისა და ექსპერტების კომენტარებს აქვეყნებს.

”ალია” კი მოვლენების შესაძლო ესკალაციაზე წერდა. გაზეთის მიხედვით, რედაქციას კონფიდენციალური წყარო დაუკავშირდა და გააცნო დეტალები ხელისუფლების წარმომადგენელთა საიდუმლო შეკრებისა, რომელზეც გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა, თბილისის მერმა გიგი უგულავამ და სხვა თანამდებობის პირებმა რიტუალების სასახლის შტურმით აღება დაგეგმეს.

მაგრამ მოვლენების ესკალაცია სულ სხვა მიმართულებით მოხდა. მომდევნო დღიდან ყველა ქართული გაზეთის მთავარი თემა გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეო და აუდიოჩანაწერები გახდა. ”100 მილიონი ღალატისათვის” - ასე ჰქვია ”24 საათის” მოწინავე სტატიას, რომელშიც უცვლელად არის გადმოცემული პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილისა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ერეკლე კოდუას საუბრის ფარული ჩანაწერი.

”რეზონანსის” მიხედვით, ამ პრობლემასთან დაკავშირებით მრავალი კითხვა ჩნდება. გაზეთი წერს, რომ ”უშიშროების საბჭოს მდივანმა ”რეზონანსთან” საუბრისას ისიც კი განაცხადა, რომ პატარკაციშვილის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა არ იგეგმება” - ”ეს მაშინ, როდესაც უფრო ნაკლები ბრალდების გამო ვალერი გელბახიანს უკვე ეჭვმიტანილის სტატუსი აქვს”, დასძენს ”რეზონანსი”.

ხუთშაბათს კი პრესა წერდა ტელეკომპანია ”იმედის” მაუწყებლობის ხელმეორედ, ამჯერად უკვე ჟურნალისტების გადაწყვეტილებით, შეწყვეტის შესახებ.
” ’იმედმა’ ორმხრივ ზეწოლას 14 დღე გაუძლო”, - წერს ”რეზონანსი”. ”სად მიდიან ”იმედის” სკანდალური ჟურნალისტები?” - კითხულობდა ”ალია”.
”სიამოვნებით წავიდოდი სადმე, ვინმე კარგ საგზურს რომ მომცემდეს”, - უპასუხა გიორგი თარგამაძემ ”ალიას” კითხვაზე, ლონდონში ხომ არ აპირებდა გამგზავრებას.

კვირის განმავლობაში პრესა, მეტ-ნეკლებად, ყველა კანდიდატთან დაკავშირებულ ამბებს აშუქებდა, თუმცა მთავარი თემა მიმდინარე კვირაში, ძირითადად, მაინც ბადრი პატარკაციშვილსა და ”იმედს” უკავშირდებოდა.

პარასკევს პრესა ბადრი პატარკაციშვილის განცხადებას ეხმაურებოდა არჩევნებიდან თავისი კანდიდატურის მოხსნის შესახებ. ”ახალი თაობა” კი იმ დღეს კვლავ ტელეკომპანია ”იმედის” დახურვას მიუბრუნდა. რამაზ კლიმიაშვილის კომენტარით, ტელეკომპანიამ ხელისუფლების წინაშე კაპიტულაცია გამოაცხადა და ოპოზიცია საარჩევნოდ პოლიტიკური პლატფორმის გარეშე დატოვა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა კი, როგორც წერდა ”ახალი თაობა”, განაცხადა: ”დაინტერესებული ვართ, რომ ყველა სამაუწყებლო კომპანიას ჰქონდეს მაუწყებლობის საშუალება.”

შაბათის ”რეზონანსი” კი წერდა: ,,ლონდონში წასვლის წინ გოგა ჟვანიამ ”რეზონანსს” განუცხადა, რომ ,,ის ბადრი პატარკაციშვილს ყველა საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებით ესაუბრებოდა, მათ შორის, იმაზეც, გაყიდის თუ არა პატარკაციშვილი ”იმედის” აქციებს; უკან დაბრუნებული საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ მათ ”იმედის” აქციების გაყიდვაზე არ უსაუბრიათ.” თავად გოგა ჟვანიას აზრი კი ამგვარი იყო: ,,ტელევიზია მისი დაფუძნებულია და მე პირადად არ მესმის, რატომ უნდა გაყიდოს აქციები.”

”რეზონანსი” შაბათს ამ თემაზე სახალხო დამცველის კომენტარსაც ბეჭდავს: ,,ძალიან გული მწყდება, რომ ”იმედმა” დროებით შეწყვიტა მაუწყებლობა, მაგრამ აბსოლუტურად მესმის იმ ჟურნალისტების, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა ეს ძალიან დიდი დანაკლისია ქართული მედიისა და, საზოგადოდ, დემოკრატიისათვის”, - განაცხადა სოზარ სიბარმა, რომელთან ინტერვიუსაც ”რეზონანსი” ბეჭდავს.

შაბათის ქართული პრესა კვლავ ფართოდ აშუქებს წინასაარჩევნო ვნებათაღელვას და პრეზიდენტობის კანდიდატებისა და ექსპერტების კომენტარებს აქვეყნებს.
XS
SM
MD
LG