Accessibility links

logo-print

საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს "24 საათი" აღმოსავლეთ

  • ნიკო ნერგაძე

საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს "24 საათი" აღმოსავლეთ ევროპაში უპრეცედენტო, ახალ ფინანსურ მოდელს უწოდებს.

გაზეთის ცნობით, ცვლილებები ”ორ საკვანძო საკითხს გულისხმობს - ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ეკონომიკური ზონის საბოლოო გაფორმებას და საქართველოს საერთაშორისო საფინანსო ცენტრად ჩამოყალიბებას”. ”24 საათი” იუწყება, რომ 5 წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადი 25-დან 15 პროცენტამდე შემცირდება.

გადასახადების დაგეგმილ შემცირებას ეხმაურება დღევანდელი ”ალია”. გაზეთის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ სტატიის სათაურიდან იგრძნობა: ”ნეტა გურგენიძე აქამდე გაპრემიერებულიყო” - ასე ჰქვია მასალას. ”ალია” ამ ინიციატივისადმი, ასე ვთქვათ, სკეპტიკურად განწყობილ ექსპერტს ნიკო ორველაშვილსაც გაესაუბრა, რომელმაც თქვა: ”ამხელა სოციალური დაპირებები გასცა (იგულისხმება მიხეილ სააკაშვილი), თუ გადასახადებსაც ამცირებს, იმ დაპირებებს როგორღა შეასრულებს? გამოდის, რომ ან ერთი კუთხით იტყუება, ან მეორე კუთხით. ორივეს შესრულება ერთდროულად გამორიცხულია.”

”ალია” ბეჭდავს აგრეთვე ინტერვიუს ტელეკომპანია ”იმედის” გენერალურ დირექტორ ბიძინა ბარათაშვილთან, რომელიც ამბობს, რომ ერთ კვირაში გაირკვევა, თუ როდის აღდგება ”იმედის” მაუწყებლობა. მან ტელეკომპანიაში განხორციელებულ ცვლილებებზეც ილაპარაკა. ”გიორგი თარგამაძემ თავად გამოთქვა ინიციატივა, რომ ტოვებს საინფორმაციო და ანალიტიკური პროგრამების დირექტორის პოსტს”, - თქვა ბიძინა ბარათაშვილმა და დასძინა: ”თუმცა დარჩება, როგორც ”დროების” წამყვანი”.

”ცესკოს არც ერთი საჩივარი არ დაუკმაყოფილებია” - ასე ჰქვია ”რეზონანსის” მოწინავე სტატიას. გაზეთის ცნობით, ”გაურკვეველია, დაკმაყოფილდება თუ არა ოპოზიციონერთა მოთხოვნა იმ უბნების შედეგების გაბათილების შესახებ, რომელთა შემაჯამებელი ოქმებიც შეცვლილია.” ოპოზიციის ეროვნული საბჭო აცხადებს, რომ მათ ხელთა აქვთ არაერთი შეცვლილი ოქმი, რაც იმის დასტურია, რომ კენჭისყრის შედეგები ყალბდება. ცესკოს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი კი, საჩივრებიდან გამომდინარე, შედეგებში ცვლილებებს არ ელოდება, - წერს დღევანდელი ”რეზონანსი.”

”ახალი თაობის” ჟურნალისტი ”ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელ მამუკა კაციტაძეს ესაუბრა. კაციტაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს მაინც მოუწევს მეორე ტურის დანიშნვა, რაც ახალციხის, ასპინძის და კიდევ რამდენიმე ქალაქის საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმებით მოხდება. ”მეორე ტურში კონკურენტული ბრძოლა იქნება, ორივეს აქვს მოგების და წაგების შანსი”, - ამბობს მამუკა კაციტაძე ”ახალი თაობისათვის” მიცემულ ინტერვიუში.
XS
SM
MD
LG