Accessibility links

logo-print

გზა მომავლისკენ ოცი იანვრის ჭრილში


პრეზიდენტის ინაუგურაცია რუსთაველის გამზირზე და

საპროტესტო მიტინგი იპოდრომზე - ეს სურათი ადეკვატურად ასახავს იმ რეალობას, რაც, შემოდგომიდან მოყოლებული, თბილისსა და მთელ საქართველოში სუფევს. ამ რეალობის შესახებ მინდა გესაუბროთ.

ნოემბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ გია ნოდიამ გაზეთში ”24 საათი” გამოაქვეყნა სტატია ”ურთიერთვერდაჩმორება”. ამ სტატიის მიხედვით, ნოემბრის მოვლენების დროს, ერთი მხრივ, ხელისუფლებამ აჩვენა, რომ სიტუაციის კონტროლი შეუძლია, ხოლო, მეორე მხრივ, ის იძულებული გახდა, ოპოზიციის ბევრი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. ციტატა წერილიდან: ”დემოკრატიის საფუძველია გარკვეული წონასწორობა სოციალურ და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის. ამ მხრივ, ნოემბრის ვერ-რევოლუციის შედეგები შეიძლება მნიშვნელოვანი პრეცედენტი აღმოჩნდეს... არც ერთი მხარეა ბოლომდე კმაყოფილი ან ბოლომდე დამარცხებული.”

ეს პროცესი, რომელიც გია ნოდიამ შეაფასა ტერმინით ”ურთიერთვერდაჩმორება”, ფაქტობრივად, დღემდე გრძელდება. მაგრამ ხუთი იანვრის არჩევნებამდეც და, განსაკუთრებით, ამ არჩევნების შემდეგ მკაფიოდ გამოჩნდა, რომ მოპაექრე მხარეები არიან არა იმდენად ხელისუფლება და ოპოზიცია, რამდენადაც, ერთი მხრივ, ხელისუფლება და, მეორე მხრივ, ხალხი. ამის თქმის უპირველესი საფუძველი ისაა, რომ ხალხმა არჩევნებში გაცილებით მეტი პროტესტი გამოხატა ხელისუფლების მიმართ, ვიდრე ოპოზიციამ შეძლო რეალური შედეგის დაკანონება. ოპოზიციამ ვერ დაიცვა საკუთარი ხმები - ინსტიტუციური სისუსტის გამო. ამის შემდეგ უამრავი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში პროტესტის ნიშნად, რამაც ხელისუფლება და პირადად მიხეილ სააკაშვილი აიძულა დამატებით დათმობებზე წასულიყო. ჯერჯერობით ოპოზიცია მოლაპარაკებებს აწარმოებს მხოლოდ იმ საკითხებზე, რაც მტკივნეულია ხალხისთვის: ”საზოგადოებრივი მაუწყებელი”, იუსტიციის საბჭო, რომლის მუშაობა უშუალოდ უკავშირდება სასამართლოს ხარისხიან საქმიანობას, ცენტრალური საარჩევნო კომისია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ფართო მონიტორინგი. თავად ოპოზიცია მთელ ამ პროცესში გაცილებით ნაკლებად აქტიურია, ვიდრე ხელისუფლება ან ხალხი. ერთადერთი, რაშიც ის საკუთარ სახეს დადებითი კუთხით აჩვენებს, თანამდებობებზე უარის თქმაა. ამ თემაზე საუბარი ოპოზიციამ სამომავლოდ გადადო, რადგან, ჩანს, პოლიტიკოსები გრძნობენ, რომ ახლა პრიორიტეტი ხალხს ეკუთვნის, თავად კი ჯერ საამისო არაფერი დაუმსახურებიათ.

ზემოთ ჩამოთვლილი დათმობების ფონზე, საზოგადოების პროტესტულმა ნაწილმა კეთილგონიერება გამოიჩინა და, თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილს დაუთმო პრეზიდენტობის ლეგიტიმაცია, რადგან ეს ერთადერთი გზა იყო მშვიდობის შესანარჩუნებლად.

მიხეილ სააკაშვილმა, მართალია, პრეზიდენტობა ”დაიმტკიცა”, მაგრამ საზოგადოებას იქვე აუწყა თავისი მზადყოფნის შესახებ, ძირფესვიანად განაახლოს მთავრობა და ოპოზიციის კონტროლს დაუქვემდებაროს ზოგიერთი ინსტიტუცია, რამაც დროთა განმავლობაში უნდა გააკეთილშობილოს მედიის, ცესკოსა და სასამართლოს საქმიანობა.

ამჟამინდელი ”სტატუს კვო” შესანიშნავად აისახა სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის, ღია წერილში მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ამ წერილში, ერთი მხრივ, აღიარებულია მისი, როგორც პრეზიდენტის, ლეგიტიმურობა, მეორე მხრივ, მწავე ფორმით არის აღწერილი ხელისუფლების საქმიანობა გასული ოთხი წლის განმავლობაში და, შესაბამისად, მხილებულია ხელისუფლების რეალური სახე.

რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ვითარება, როდესაც ”არც ერთი მხარეა ბოლომდე კმაყოფილი ან ბოლომდე დამარცხებული”? სინამდვილეში, ეს არ არის დემოკრატიის გზა, რადგან საქმე ეხება არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის ჭიდილს, არამედ ხელისუფლებისა და ხალხის მხრიდან ერთმანეთის ”მოთვინიერების” მცდელობას. ან ხალხი აიძულებს პრეზიდენტს, არსებითად შეცვალოს მართვის სტილი და ”თავი ახლად იშვას”, ან პრეზიდენტი აიძულებს ხალხს, უარი თქვას საჯარო პროტესტზე და სახლში გამოიკეტოს.

ორივე მხარისთვის ერთ-ერთი ბოლო შანსი საპარლამენტო არჩევნებია. თუ მიხეილ სააკაშვილი ნებაყოფლობით გადაწყვეტს, რომ საქართველოს მოსახლეობას აღარ ეომოს, მაშინ იგი საპარლამენტო არჩევნებს არ გააყალბებს და შეეგუება საკუთარი ფორმალური თუ არაფორმალური უფლებების შეზღუდვას. თავის მხრივ, ხალხიც შეეცდება თავისი არჩევანი დაიცვას და თუ ამას კიდევ ერთხელ ვერ შეძლებს, იძულებული გახდება ნელ-ნელა ან, სულაც, ჩქარ-ჩქარა უკან დაიხიოს.

დღეიდან მშვიდობის შენარჩუნებით სამართლიანობის აღდგენის ყველაზე საიმედო გზა საპარლამენტო არჩევნების გზაა. სწორედ დღეიდან ოპოზიციის როლი და მნიშვნელობა იზრდება. თუ მანამდე არა, შემოდგომისთვის უკვე შესაძლებელი გახდება ზუსტი შეფასება, რა მოიტანა ეგრეთ წოდებულმა ”ურთიერთვერდაჩმორების” პროცესმა: ომი თუ მშვიდობა.


XS
SM
MD
LG