Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


მიმდინარე კვირაში პრესაში ყველაზე ინტენსიურად წერდნენ ცვლილებებზე ოპოზიციაში, ბადრი პატარკაციშვილზე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობასა და კონფლიქტურ

რეგიონებში ვითარების გამწვავებაზე. ერთ-ერთი თემა გახლდათ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს შედგენაც, თუმცა, ვინაიდან შემადგენლობა სამშაბათსვე გაირკვა, ამ საკითხისადმი ყურადღება დროებით შესუსტდა, მით უმეტეს, რომ აქტუალური გახდა ის, თუ რა ხდებოდა ერთიან ოპოზიციაში. ამ თემის წამოწევამდე კი პრესა შიმშილობის აქციის გადადების თაობაზე ოპოზიციის წინა კვირის გადაწყვეტილებას აანალიზებდა: ”ხელისუფლება და ოპოზიცია ერთ ენაზე ალაპარაკდნენ”, ”ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიდი გარიგება მოხდება”, ”კ(ა)რავთა დუმილი თუ ავისმომასწავებელი ქარიშხლის წინ მიყუჩებული რისხვის მოლოდინი”, ”ხელისუფლებას თავისი პირობების შეუსრულებლობა გაუჭირდება” - ასეთი არაერთგვაროვანი იყო პრესის მიდგომა მიმდინარე პროცესისადმი. ”კვირის პალიტრა”: ”თუ ხელისუფლების მიერ გაცემული მტკიცე გარანტიები არ შესრულდა, შესაძლოა ეს დუმილი ავისმომასწავებელი ქარიშხლის წინ მიყუჩებულ რისხვას ჰგავდეს, რომელიც ერთხელაც ისე დასცემს კარვებს, რომ მერე ვეღარაფრით აშლი”; ”24 საათი”: ”ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებული დაძაბულობის შემდეგ რელაქსაციის პროცესი დაიწყო” და ა.შ. თუმცა კვირის დასაწყისშივე პირველ გვერდებზე გაჩნდა ოპოზიციის ერთიანობაში დაეჭვებულთა ციტატებიც: ”საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიცია ერთიან სიაზე ვერ შეთანხმდება”. კვირის ბოლოსკენ კი პრესაში ”რესპუბლიკელების არჩევანსა” და ოპოზიციური ერთობის რღვევაზე წერენ.

”24 საათი” დღეს ექსპერტთა შეფასებებს აქვეყნებს: ”ერთიან ეროვნულ საბჭოში ერთიანობის გაქრობა არასასიამოვნო ფაქტია, რაც ქვეყანაში ძლიერი პოლიტიკური სპექტრის არარსებობაზე მეტყველებს”, - ამბობს ხუხაშვილი, თუმცა იქვე დასძენს, რომ რესპუბლიკელთა საბჭოდან გამოსვლა მხოლოდ ფორმალური ნაბიჯი იყო. დავით დარჩიაშვილი კი ფიქრობს, რომ საპარლამენტო არჩევნებში რესპუბლიკელების ცალკე პოლიტიკურ სუბიექტად მონაწილეობა მნიშვნელოვნად წაადგება ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. ”რატომ წავიდნენ რესპუბლიკელები?” - ამის გარკვევას ცდილობს ”რეზონანსი”. ”მართალია, ამას ღიად არავინ ამბობს, მაგრამ დაპირისპირების მთავარი მიზეზი მაინც საარჩევნო სია გახდა”, - წერს ავტორი და დასძენს, რომ ”მაშინ, როცა დაბალრეიტინგული პარტიები სიის პარიტეტის პრინციპით დაკომპლექტებას მოითხოვდნენ, რესპუბლიკელებს მიაჩნდათ, რომ საარჩევნო სია პარტიების რეიტინგულობის მიხედვით უნდა შემდგარიყო.”

”გულში მოხვედრილი უმადურობა”, ”ბადრი პატარკაციშვილს დილის 9 საათზე ჩამოასვენებენ. დაკრძალვაზე, შესაძლოა, შიმონ პერესი, რომან აბრამოვიჩი, ბორის ბერეზოვსკი და რუპერტ მერდოკი ჩამოვიდნენ”, ”ბადრის აღიარება”, ”აფხაზეთის ომში ბადრი საქართველოს ლობირებდა”, ”დავკარგეთ მეგობარი, მოღვაწე, ქველმოქმედი”, ”ქართველმა ხალხმა თავისი ცრემლით თქვა სათქმელი”, ”არა, ბატონებო, იმედი არ მომკვდარა!” ”ყველას დაუმტკიცა, რომ ერთი სამშობლო ჰქონდა - საქართველო”, ”ხელისუფლება პანაშვიდებზე არ ჩანს”, ”ხალხი მივიდა, ხელისუფლება - არა” - ასეთი სათაურებით ქვეყნდებოდა ამ კვირაში პუბლიკაციები ბადრი პატარკაციშვილის შესახებ, რომელიც 28 თებერვალს დაკრძალეს.

მიმდინარე კვირაში ”24 საათში” გაიელვა ოპტიმისტურმა მუხტმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კონტექსტში. ნატოს შემფასებელთა მისიის ანგარიშს გაზეთმა უწოდა ”დოკუმენტი სკეპტიკოსების წინააღმდეგ”. ორიოდე დღეში იმავე გაზეთში, აგრეთვე პირველ გვერდზე, გამოქვეყნდა ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარტ ლაარის, ფრანგულ გაზეთში გამოქვეყნებული წერილის თარგმანი, სათაურით ”საქართველო იმსახურებს ნატოში გაწევრიანებას”. ”ქვეყანა, რომელმაც ამდენის მიღწევა შეძლო ასე მცირე ხანში, საჭიროებს გამხნევებას დარჩენილი დაბრკოლებების დასაძლევად”, - წერს ლაარი.

კვირის ბოლოსკენ კონფლიქტურ რეგიონებში განვითარებულმა მოვლენებმა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა, უპირველესად კი, პრეზიდენტის განცხადებებმა პრესაც, ისევე როგორც ადგილობრივი მაუწყებლები, ომის საფრთხეზე აალაპარაკა. ოპოზიციის წარმომადგენლები თავიანთ კომენტარებში კრიტიკულად აფასებენ ვითარებას. უმრავლესობა გადაჭარბებულად მიიჩნევს ომის საფრთხეზე საუბარს. ტელევიზიის არ იყოს, გაზეთების ერთი ნაწილიც გულდასმით შეუდგა იმის განხილვას, რას შეიძლება ნიშნავდეს სპეცოპერაცია აფხაზეთში ან როგორ შეიძლება ჩატარდეს ის. ”რუსეთმა თავისას მიაღწია, ჩაგვითრია ომში...” - ასეთი სათაურით აქვეყნებს ”ალია” ინტერვიუს სამხედრო ექსპერტ თემურ მიქაუტიძესთან, რომელიც ამბობს, რომ ” ამგვარ ოპერაციებს ძლიერი სპეცსამსახურები მართლა ახორციელებენ, მაგრამ ეს ნაუცბათევად, ერთი კაცის როყიოდ ნათქვამის რეჟიმში არ ხდება”. ექსპერტი იქვე დასძენს, რომ რუსეთმა თავისას მიაღწია და ”ომში ჩაგვითრია”. რადგან საუბარი სპეცსამსახურებს შეეხო, აქვე გეტყვით, რომ ამ კვირის დასაწყისში, ვიდრე ქართველი ჟურნალისტი აფხაზებს ჩაუვარდებოდა ხელში, ”24 საათმა” გამოაქვეყნა ვრცელი ინტერვიუ საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელ გელა ბეჟუაშვილთან, რომელმაც განაცხადა: ”მე აქტიური დაზვერვის მომხრე ვარ. საქართველო თავდაცვის სტრატეგიის მქონე ქვეყანაა, ჩვენი ჯარიც და უსაფრთხოების კონცენფციაც თავდაცვითი ხასიათისაა. ამიტომაც მიმაჩნია, რომ საქართველოს უნდა ჰყავდეს უაღრესად აქტიური და ძლიერი დაზვერვა, რომელიც ახდენს ქვეყნის პოტენციალის და ქვეყნის უნარის რეალიზაციას მოსალოდნელ საფრთხეებთან დაპირისპირებასა და აღკვეთაში.”

ასევე კვირის დასაწყისში ექსპერტმა რამაზ კლიმიაშვილმა ”კვირის ქრონიკას” განუცხადა: ”თუ მივედით ეკონომიკურ კატასტროფამდე, როგორც ეს შესაძლებელია, მაშინ თავის გადარჩენის მიზნით ომს მართლა დაიწყებენ, მაგრამ წააგებენ. თუმცა ამაზე წავლენ, იქნებ გავიმარჯვოთო, მაგრამ ეს არ უნდა გააკეთონ.”

კვირის ბოლოს კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, მთავარი თემა აფხაზთა ტყვეობიდან ქართველი ჟურნალისტის გათავისუფლების პრობლემა და კოფნლიქტის ზონაში ძალთა მობილიზაციაა.


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG