Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინის პირადი ცხოვრებაც გარდაიქმნება


ჯერ დაუდასტურებელი ცნობებით, რუსეთის ჯერ კიდევ პრეზიდენტმა და კვლავ ყველაზე გავლენიანმა პირმა ვლადიმირ პუტინმა ფარულად განქორწინება გააფორმა


თავის მეუღლესთან, ლიუდმილასთან, რომელთან თანაცხოვრებამ 25 წელიწადი გასტანა. განქორწინება ერთი თემაა, რომელიც ჩვენმა კოლეგებმა აიტაცეს. მასთანაა დაკავშირებული მეორე, პრეზიდენტ პუტინისა და დეპუტატ ალინა კაბაევას ურთიერთობის ამბავი, რომელიც, სავარაუდოდ, ქორწინებით უნდა დასრულდეს. კაბაევა ყოფილი სპორტსმენი, ტანმოვარჯიშე, ახალგაზრდა, მიმზიდველი ქალია. ის ზუსტად იმ წელიწადს დაიბადა, როცა პუტინმა პირველად იქორწინა, ანუ 1883 წელს.
ამ ამბისა რუსეთში სჯერათ, მაგრამ მისი მონაწილენი მის ნამდვილობას უარყოფენ.

დავიწყოთ ბოლოდან, ანუ, თუკი ეს ყველაფერი გამართლდა, ალინა კაბაევას, ანუ, როგორც ამ გვარს მისი მამის თათარი თანამემამულეები გამოთქვამენ, ყაბაევას, შარშან, ჩანს, უკვე ჰქონდა ჩაფიქრებული რაღაც.

(კაბაევას ხმა)
“პეკინის ოლიმპიადაში მონაწილეობას სიამოვნებით მივიღებდი. ცხადია, სპორტსმენი ვარ და ამ ოლიმპიადის მოგება გამახარებდა. მაგრამ, პირველ რიგში, მსურს ვიყო კარგი დედა, მსურს მყავდეს ბავშვები, კარგი ოჯახი.”

ოლიმპიადაზე კაბაევა არ მიდის. თუკი რუსეთის ბულვარულ გაზეთს “მოსკოვსკი კორესპონდენტს” დავუჯერებთ, მალე ქორწილი იქნება პეტერბურგში; გვირგვინს მას, არც მეტი არც ნაკლები, ვლადიმირ პუტინი დაადგამს. გაზეთმა თარიღიც კი იცის და ზუსტი ადგილიც: 15 ივნისს კონსტანტინეს სასახლეში ჩატარდება ეს ცერემონიალი. ზემოთ გითხარით, მხარეები უარყოფენ-მეთქი. პარასკევს სარდინიაში, იტალიის პრემიერად ახლად არჩეულ სილვიო ბერლუსკონისთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებმა პუტინს ჰკითხეს ამ თემაზეც.

(პუტინის ხმა)
“საზოგადოებას, რა თქმა უნდა, აქვს უფლება იცოდეს, როგორ ცხოვრობენ ისინი, ვინც საჯარო საქმიანობას ეწევა. მაგრამ აქაც არსებობს რაღაც შეზღუდვა, არსებობს პირადი ცხოვრება, რომელში ჩარევის უფლებაც არავის აქვს.”

ასეთნაირადვე უარყოფს გავრცელებულ ცნობას კაბაევას წარმომადგენელი. მაგრამ მოსკოვის ზემოხსენებული გაზეთის რედაქტორი გრიგორი ნეხოროშევი იცავს სტატიის სიმართლეს და ამბობს, რეპორტიორებმა ამ ამბის უტყუარობა კარგად შეისწავლესო და, ამასთან, პრეზიდენტის სასიყვარულო ცხოვრებაზე ყველაფერი უნდა ვიცოდეთ, თვით ჭორებიც კიო.

(ნეხოროშევის ხმა)
“ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ხალხმა უნდა იცოდეს სახელმწიფოს პირველი პირის ცხოვრების შესახებ; მან უნდა იცოდეს ჭორებიც, რათა ამან საზოგადოებაში კამათი გამოიწვიოს.”

სხვა ბულვარული გამოცემა, უკვე საინტერნეტო, იმასაც წერდა, “ეფ-ეს-ბეელებმა” ნეხოროშევის ოფისი გაჩხრიკეს პუტინსა და კაბაევაზე ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ და რედაქტორი დააკავესო. მაგრამ ნეხოროშევი ამ ცნობას უარყოფს: ეს ჩემი მეგობრები იყვნენ - უბრალოდ, გამომიარეს და ერთად წავედითო.

კაბაევაზე დაქორწინებით, პაუტინი დაადგება თავისი ფრანგი კოლეგის, სარკოზის, გზას: მანაც გაუშვა ცოლი და მანაც იქორწინა ახალგაზრდა ქალზე, მოდელ კარლა ბრუნიზე. რუსი იუმორისტი ვიქტორ შენდეროვიჩი ამბობს, რომ პრეზიდენტების ასეთი ამბები უფრო მეტია, ვიდრე უბრალო სასიყვარულო ისტორიები:

(შენდეროვიჩის ხმა)
“გაისმა ასეთი ფრაზა - “სარკოზის სინდრომი”, და ეს მართლაც ასეა. მე ამ ამბავს მხოლოდ ამა თუ იმ პირის პირად ცხოვრებას არ მივაკუთვნებდი. ეს არის ამბავი სტატუსის შესახებ. ეს არის ძალაუფლების გარკვეული ნიშანი. ალინა კაბაევა არაა მხოლოდ ახალგაზრდა მომხიბვლელი ქალი. ის არის გარკვეული სიმბოლო და, ამასთან, უდავოდ, სექსუალური სიმბოლოა.”

დაბოლოს, გეტყვით იმასაც, რომ პუტინი უფრო ფრთხილად იქცევა, როცა თავისზე ტანმორჩილ ახალგაზრდა ქალს ირჩევს სასიყვარულოდ. როგორც ყველა ტანმოვარჯიშე, კაბაევაც ტანდაბალია - 1მეტრი და 63 სანტიმეტრი სიმაღლისაა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG