Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა


მიმდინარე კვირას ქართულ პრესაში კვლავ პარალელურად შუქდებოდა საქართველოს საშინაო და საგარეო ამბები.

მთავარი თემები კვლავ იყო არჩევნებისთვის მზადება და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, რომელიც ამ კვირაში ისევ გამწვავდა.

ორშაბათს გაზეთი ,,მთელი კვირა” წერდა, რომ საზოგადოებრივი კვლევის ცენტრმა "გორბი" პოლიტიკური სიმპათიების გასარკვევად მთელ საქართველოში 1000 ადამიანი გამოკითხა. მისი ხელმძღვანელის მერაბ ფაჩულიას განცხადებით,
მოსახლეობის ერთ მესამედზე ოდნავ მეტს ჯერ არ გადაუწყვეტია ვის მისცეს ხმა. რაც შეეხება პარტიების რეიტინგს, "ნაციონალურ მოძრაობას" და "გაერთიანებულ ოპოზიციას" გარანტირებული აქვს პარტიული სიებით არჩევნებში 5%-იანი ბარიერის გადალახვა. კარგი შანსები აქვთ ლეიბორისტებს, რესპუბლიკელებს და ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას.

”ახალი თაობა” წერდა, რომ, პოლიტიკის ექსპერტის პაატა ზაქარეიშვილის აზრით, საპარლამენტო არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის მთავარი განმსაზღვრელი ძალა ახალი მემარჯვენეები იქნებიან, რადგან, ეროვნულ საბჭოში შემავალი სხვა პარტიებისგან განსხვავებით, მემარჯვენეებს მკაფიო იდეოლოგია და რეგიონებში საკუთარი პარტიული სტრუქტურები აქვთ. ზაქარეიშვილი იმედოვნებს, - წერდა გაზეთი, - რომ მაისის არჩევნები მოსპობს ქვეყანაში ერთპარტიულ სისტემას და დაიწყება პარლამენტის მრავალპარტიული ფუნქციონირება.

სამშაბათს პრესა წერდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ მოსკოვის ახალ "ინიციატივაზე", რომელიც არაღიარებულ რესპუბლიკებში რუსეთის წარმომადგენლობების გახსნას ითვალისწინებს და რომელიც ”ნეზავისიმაია გაზეტაში” გამოქვეყნებული სტატიის საშუალებით გახდა საზოგადოებისათვის წინასწარ ცნობილი. გაზეთ ”24 საათს” მოჰყავს სერგეი შამბას სიტყვები: "მოსკოვმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ფაქტობრივად, უკვე დიდი ხანია აღიარა, ხოლო იურიდიული აღიარება ეტაპობრივად მოხდება."

მომდევნო დღეს კი ”24 საათში” წაიკითხავდით, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "ნახევრად აღიარების" პროცესი ოფიციალურად დაიწყო. მოსკოვის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს თბილისისა და საერთაშორისო თანამეგობრობის აღშფოთება მოჰყვა. იმავდროულად, გაეროში რუსეთი აშშ-ს აფხაზეთის საკითხზე ღიად დაუპირისპირდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვლადიმირ პუტინმა მთავრობას რიგი დავალებები მისცა, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვისკენ არის მიმართული.
გაზეთი წერდა, რომ სერგეი ბაღაფში რუსეთის პრეზიდენტს მადლობას უხდის ამ ნაბიჯისთვის და დარწმუნებულია, რომ პუტინის ეს გადაწყვეტილება უკანასკნელი არ არის და მას სხვა განცხადებები და გადაწყვეტილებები მოჰყვება.

თუმცა მეორე დღესვე ამას თავად ბაღაფშის ახალი განცხადება მოჰყვა.
,,ბაღაფში სააკაშვილს ულტიმატუმს უყენებს და მის შესასრულებლად დღევანდელი დღის მეორე ნახევრამდე აძლევს ვადას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი,
გალის რაიონსა და კოდორის ხეობაში სამხედრო ფორმირებების შეყვანით იმუქრება”, - წერდა ”რეზონანსი” პარასკევს. იმავე გაზეთის შაბათის ნომერში კი ვკითხულობთ:
,,ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში სიმშვიდეა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას გალის რაიონის სოფლებში დამატებითი ძალები არ შეუყვანია. სამხედრო შენაერთების გადაადგილება არც კოდორის მიმართულებით შეინიშნება. ულტიმატუმი, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტმა ბაღაფშმა ოფიციალურ თბილისს წაუყენა, არ შესრულდა.”

შაბათს გაზეთი ”ალია” წერდა, რომ პარტია ”საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებისაგან განმარტებებს ითხოვს. ,,ბაღაფშის ულტიმატუმი ნაკლებ მნიშვნელოვანია, ახლა მთელი ყურადღება ხელისუფლების ქმედებებს უნდა დაეთმოს. თუ მან საერთაშორისო შეთანხმება დაარღვია და კოდორის ხეობასა და ზუგდიდის ნეიტრალურ ზონაში ჯარის დისლოკაცია მოახდინა, ხელისუფლება ვალდებულია აუხსნას ხალხს, რისთვის ხდება ჯარის მობილიზება”, - მოჰყავს სალომე ზურაბიშვილის სიტყვები გაზეთ ”ალიას”.

შაბათის ”რეზონანსი” ასევე წერს, რომ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თებურ იაკობაშვილი მზად არის სოხუმში ჩავიდეს და აფხაზებს ნებიმიერ თემაზე ელაპარაკოს. თემურ იაკობაშვილმა ”რეზონანსს” შემდეგი უთხრა: ,,საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ არც კოდორის ხეობაში და არც ზუგდიდში არანაირი შეიარაღებული ძალები არ შეუყვანია, ისეთი ტიპის განცხადებები კი, რომლებიც სეპარატისტებისაგან ისმის, წარმოადგენს მცდელობას, საქართველო ჩათრეულ იქნეს სამხედრო კონფლიქტში”. თემურ იაკობაშვილის თქმით, ,,აღნიშნული მიზნის მისაღწევად რუსეთი აფხაზეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთს სატყუარებად იყენებს”.

გაზეთი ”24 საათი” კი შაბათის ნომერში წერს, რომ რუსეთი საერთაშორისო რეაქციის შერბილებას ცდილობს. ამის გამო, წერს გაზეთი, რუსეთის გუშინდელ განცხადებას საქართველოსთვის შეზღუდვების შესაძლო მოხსნის თაობაზე საქართველოში ენთუზიაზმის გარეშე შეხვდნენ.

ეს შაბათს ყველა გაზეთის მთავარი თემა იყო, თუმცა მთელი კვირის განმავლობაში, შაბათის ჩათვლით, კვლავ გრძელდებოდა პრესაში არჩევნების თემა. ”რეზონანსში” ვკითხულობთ, რომ საქართველოს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ცენტრალური საარჩევნო კომისიისაგან მოითხოვს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად ”ნაციონალური მოძრაობა გამარჯვებული საქართველოსათვის” წარმომადგენლები არ დაარეგისტრიროს. კონკრეტულად, საუბარია 4 კანდიდატზე. ”საიას” თავმჯდომარემ, გიორგი ჩხეიძემ, განაცხადა, რომ აღნიშნული პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა საარჩევნო კოდექსის იმ პუნქტის დარღვევას, რომლის მიხედვითაც, არ შეიძლება ამომრჩევლის მატერიალური ფასეულობებით დაინტერესება, ფასეულობის გადაცემა ან დაპირება. ”საიამ” კონკრეტული მაგალითები მოიყვანა, თუ რატომ არ უნდა დაარეგისტრიროს ცესკომ აღნიშნული პირები მაჟორიტარ კანდიდატებად, - წერდა ”რეზონანსი” შაბათის ნომერში.
XS
SM
MD
LG