Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის იდეოლოგიური მოკავშირეები და ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა


ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა, რომელსაც აქამდე თითქმის ყველა ეტაპზე სხვადასხვა სიმწვავის საპროტესტო აქციები ახლდა, დღეს სრულიად მშვიდ,

საზეიმო ვითარებაში გაგრძელდა. სხვაგვარად არც იყო მოსალოდნელი ქვეყანაში, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მკაცრ ტოტალიტარულ რეჟიმებს მიეკუთვნება - ჩრდილოეთ კორეაში. ჩრდილოეთ კორეიდან კი ოლიმპიური ჩირაღდანი ვიეტნამში ჩაიტანეს.

ოლიმპიური ჩირაღდანი, თბილისის დროით, გვიან საღამოს ეწვია ვიეტნამს. მის უსაფრთხოებაზე ჰანოის აეროპორტიდანვე ზრუნავდა უშიშროების სამსახურის 100-მდე მუშაკი. ვიეტნამის კომუნისტურ მთავრობას ჩინეთისთვის, რომელიც არა მარტო ძლიერი მეზობელი, არამედ იდეოლოგიური მოკავშირეა, მიცემული აქვს პირობა, რომ ოლიმპიური ჩირაღდნით სვლას, ხელს ვერ შეუშლიან დემონსტრანტები - როგორც ეს დასავლეთის ქვეყნებში გააკეთეს ტიბეტის მიმართ ჩინეთის პოლიტიკის მოწინააღმდეგეებმა.

თუმცა დემონსტრაციას ვიეტნამელების ერთი ჯგუფიც გამართავს, ოღონდ სხვა მიზეზით: ტერიტორიული უთანხმოების გამო, რომელსაც ვიეტნამსა და ჩინეთს შორის რამდენიმე კუნძული იწვევს.

აი, ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში კი ოლიმპიური ჩირაღდნით სვლამ სრულიად უპრობლემოდ ჩაიარა: მას კარგად ორგანიზებული აქციით შეეგებნენ. ჩირაღდნის 20-კილომეტრიანი მარშრუტის გასწვრივ ათასობით ადამიანი იყო ჩამწკრივებული: ქალები ტრადიციულ კორეულ სამოსში, მამაკაცები- შარვალ-კოსტუმში გამოეწყოთ, ხელში ყველას ყვავილები ეჭირა. ისმოდა კეთილგანწყობის გამომხატველი შეძახილები.

ჩრდილოეთ კორეის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯომარემ პაკ ჰაკ სონმა გააკრიტიკა საპროტესტო გამოსვლები, მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში რომ ახლავს ოლიმპიური ჩირაღდნის ჩამოტარებას. როგორც ცნობილია, პროტესტი მიმართულია ტიბეტის საკითხში პეკინის პოლიტიკის მიმართ - ბევრი ფიქრობს, რომ ტიბეტის გამო პეკინი არ იმსახურებს ოლიმპიური თამაშების მასპინძლობას.

ჩინეთის პოლიტიკის მოწინააღმდეგეებმა გუშინაც გამოთქვეს ხმაურიანი პროტესტი: სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში 8000-მდე პოლიციელი იყო მობილიზებული ოლიმპიური ჩირაღდნის შესაძლო თავდასხმებისაგან დასაცავად.

ამასთან, სეულში ორი აქცია გაიმართა. შეიკრიბნენ, ერთი მხრივ, ჩინეთის პოლიტიკის მოწინააღმდეგეები, 300-მდე კაცი, მეორე მხრივ კი - ჩინეთის პოლიტიკის მომხრეები. საქმე ეხება ჩინელებს, რომლებისთვისაც მიუღებელია კრიტიკა, მიმართული პეკინის წინააღმდეგ. მათი რწმენით, დაუშვებელია პოლიტიკური საკითხების თუ ადამიანის უფლებების დაკავშირება ოლიმპიურ თამაშებთან. სეულში გუშინ ათასობით ჩინელმა გამოხატა პატრიოტული სულისკვეთება.

რაც შეეხება სამხრეთკორეელებს, ისინი განსხვავებულ შეფასებებს გამოთქვამენ: [ლი იონ კიუკის ხმა] “ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტას გაცილებით უფრო მეტი მნიშვნელობა ექნებოდა, ტიბეტთან და უიგურებთან დაკავშირებული საკითხები რომ მოგვარებულიყო. ამ მხრივ, გული მეთანაღრება”, ამბობს სამხრეთკორეელი ლი იონ-კიუკი, რომელსაც სეულში გამოელაპარაკა საინფორმაციო სააგენტო “რეიტერსის” კორესპონდენტი. მანვე ჩაწერა განსხვავებული შეხედულების მქონე ლი გილ ნამი.
[ლი გილ ნამის ხმა] “ჩინეთი 8 აგვისტოდან უმასპინძლებს ოლიმპიურ თამაშებს - 20 წელიწადში მას შემდეგ, რაც სეულმა უმასპინძლა. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად ჩაივლის, უპრობლემოდ”.

უპრობლემოდ თუ არა - ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა ახლა ვიეტნამში გრძელდება, რის შემდეგაც უკვე ჩინეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს.
XS
SM
MD
LG