Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნებამდე 8 დღით ადრე ქართული გაზეთები, ბუნებრივია, უდიდეს ყურადღებას უთმობენ


არჩევნებამდე 8 დღით ადრე ქართული გაზეთები, ბუნებრივია, უდიდეს ყურადღებას უთმობენ წინასაარჩევნო კამპანიას.

დღევანდელი ”რეზონანსის” პირველი გვერდი, მაგალითად, მეტწილად წინასაარჩევნო სტატიებს ეთმობა: გაზეთი წერს ლაგოდეხის რაიონში ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებაზე, იღებს ინტერვიუებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და არასამთავრობოებისაგან. ”წინასაარჩევნო კამპანია ისე მიმდინარეობს, რომ გეგონება 12 საარჩევნო სუბიექტი კი არა, მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტია”, - უთხრა ”რეზონანსს” ზაქარია ქუცნაშვილმა, თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციისა ”კანონი ხალხისათვის”. მან დაამატა, რომ ინფორმაცია და პოლიტიკური რეკლამა ერთმანეთშია არეული და ქართული მედია პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ მოვლენებს ყოველთვის სახელისუფლებო მაჟორიტარ კანდიდატებს უკავშირებს.

”ახალი თაობა” კი ნაციონალური პარტიის წინადადებაზე წერს. სახელისუფლებო პარტიამ ოპოზიციონერებს ბრძოლის ერთიანი წესების შემუშავებისკენ მოუწოდა. გაზეთი წერს, რომ ოპოზიციამ ეს წინადადება არ მიიღო, რადგან მოლაპარაკებების აზრს ვერ ხედავენ. სტატიის სათაურია ”ხელისუფლებას ოპოზიციის ეშინია”.

”ალია” ბეჭდავს კობა დავითაშვილსა და გიორგი გუგავას შორის გადაცემა ”პრაიმ ტაიმში” გასული დებატების სტენოგრამას. მეორე სტატიაში კი სვამს კითხვას: ”რა მოხდა სააკაშვილისა და პედაგოგების საიდუმლო სერობაზე?”. ”ალიას” ინფორმაციით, პრეზიდენტი სააკაშვილი წყნეთის მასწავლებელთა სახლში პედაგოგებს შეხვდა და ამ შეხვედრის პირველი 15 წუთი ტელევიზიით გადაიცა, შემდეგ კი შეხვედრა დაიხურა. ”ალიას” წყაროს ინფორმაციით,ამ შეხვედრაზე პედაგოგებს რაოდენობით სპეცსამსახურების წამომადგენლები სჭარბობდნენ. განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი გაზეთთან საუბარში ამას იმით ხსნის, რომ პრეზიდენტს ოპონენტებთან ღია შეხვედრის ეშინია.

თუმცა პრესა მხოლოდ არჩევნებზე არ წერდა, მეორე დიდი თემა აფხაზეთში ვიზიტები იყო - ჯერ მეთიუ ბრაიზასა და შემდეგ ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრებისა. ამ თემას უთმობს პირველ გვერდს ”24 საათი”. ერთი სტატიის სათაურად გამოტანილია ციტატა პრეზიდენტის გამოსვლიდან: ”იმედია, ევროპა შეცდომებს აღარ გაიმეორებს”. მეორე სტატიას კი ჰქვია ”აშშ ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების წახალისებას ცდილობს”.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG