Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინ: 6 კითხვა 12 საარჩევნო სუბიექტს (პირველი ნაწილი)


საპარლამენტო არჩევნების წინ რადიო “თავისუფლებამ” შესაძლებლობა მისცა კენჭისყრაში მონაწილე 12-ივე საარჩევნო სუბიექტს, საზოგადოებისათვის საკუთარი პროგრამა და გეგმები გაეცნოთ.

მსმენელთა ინტერესის გათვალისწინებით, შეირჩა ექვსი ძირითადი კითხვა. რადიო “თავისუფლების” თბილისის სტუდიაში არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და ბლოკებს საარჩევნო რიგითობის მიხედვით, მათს მიერვე შერჩეული სპიკერები წარმოადგენდნენ:

1.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული პოლიტიკა” - გოჩა ფიფია
2.
საქართველოს რესპუბლიკური პარტია - დავით ზურაბიშვილი
3.
საარჩევნო ბლოკი მემარჯვენე ალიანსი თოფაძე-მრეწველები” - ზურაბ ტყემალაძე
4.
,,შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია” - ნესტან კირთაძე
5.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამარჯვებული საქართველოსთვის” - დავით დარჩიაშვილი
6.
პოლიტიკური გაერთიანება ,,საქართველოს სპორტსმენთა კავშირი” - ედიშერ მაჩაიძე
7.
საარჩევნო ბლოკი ,,გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები) - მანანა ნაჭყებია
8.
,,სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტია” –
9.
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქრისტიანულ-დემოკრატიული ალიანსი” – დავით თარხან-მოურავი
10.
,,გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატები” - მაგდა ანიკაშვილი
11.
საარჩევნო ბლოკი ,,ტრადიციონალისტები - ჩვენი საქართველო და ქალთა პარტია” - გუგული მაღრაძე
12.
საქართველოს პოლიტიკური პარტია ,,ჩვენი ქვეყანა” - ელბერდ ბატიაშვილი


შეკითხვები შემდეგი იყო:

1. როგორია თქვენი უმთავრესი სოციალური დაპირებები და როგორ აპირებთ სოციალური პროგრამების დაფინანსებას?
(დასაქმების პრობლემა, სოციალურად დაუცველი ფენების უზრუნველყოფა, ჯანდაცვისა და განათლების სფეროები)

2. როგორია თქვენი პარტიის (ბლოკის) გეგმები საქართველოს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით?

3. რა ელოდება სასამართლო ხელისუფლებას თქვენი პარლამენტში მოსვლის შემთხვევაში?

4. თქვენი პრიორიტეტები საქართველოს საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით. (ურთიერთობა რუსეთთან, დასავლეთთან; ნატოს საკითხი)?

5. როგორია კონფლიქტების მოგვარების თქვენეული ხედვა. რა კონკრეტული გეგმით მიხვალთ პარლამენტში?

6. რას სთავაზობთ საქართველოს გარემოს დაცვის თვალსაზრისით?



მაშ ასე - 12 პასუხი ყოველ შეკითხვაზე:


1. ,,რადიო თავისუფლება”: როგორია თქვენი უმთავრესი სოციალური დაპირებები და როგორ აპირებთ სოციალური პროგრამების დაფინანსებას? (დასაქმების პრობლემა, სოციალურად დაუცველი ფენების უზრუნველყოფა, ჯანდაცვისა და განათლების სფეროები)


№ 1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული პოლიტიკა”
გოჩა ფიფია:
ძალიან საინტერესო შეკითხვაა, მაგრამ მე შეცევდები ცოტა გვერდი ავუარო, იმიტომ რიომ ჩვენ ამ დაფინანსებებს, ამ სოციალური პრობლემების გადაწყვეტას სხვებისაგან ცოტა განსცვავებულად ვიპირებთ, განსხვავებული ხედვა გვაქვს, იმიტომ, რომ ჩვენ შემოგვაქვს სქემა, როგორც მინიმუმ პოლიტიკურ აზროვნებაში - ეს გახლავთ ერის კონსტიტუცია. სანამ ერის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, ანუ ერის ძირითად კანონთან, ერის ბუნებასთან შესაბამისობაში არ მოვა ყველა საკანონმდებლო აქტი, მათ შორის სახელმწიფო კინსტიტუცია და ასე შემდეგ, მანამ ჩვენ როგორი შინაარსისა და ფორმის პრობლემაც უნდა იყოს, მისი გადაწყვეტის იმედი არ უნდა გვქონდეს.
ერის კონსტიტუცია ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ერთობლიობა იმ წესთა იმ ადათთა, იმ ჩვეულებათა იმ პრინციპთა რომლისგანაც მხოლოდ და მხოლოდ კარგის გამოყვანა შეიძლება. ანუ ჩავყაროთ ეს კარგი თვისებები, კარგი ბუნება ქართველთა ერთ საწნახელში, საიდანაც შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ისეთი ღვინო დაიწუროს, რომელსაც თან არ ახლავს არც წყალი, არც არანაირი ქიმია და რომლის თრობის შედეგად, მხოლოდ და მხოლოდ მოკეთეობასა და სიკეთეზე თუ იფიქრებს ადამიანი. ერის კონსტიტუციის აღნუსხვაც და მისი წერილობითი ფორმის გადმოცემაც კი არის შესაძლებელი, თუმცა და ოღონდაც მასზე უნდა იმუშაოს იმ არმიამ მეცნიერებისა ფსიქოლოგებისა ფილოსოფოსებისა, ენათმეცნიერებისა, პოლიტოლოგებისა, სოციოლოგებისა და ასე შემდეგ... ვინც დღეს და უკვე დიდი ხანია მოელის ამ საკითხებთან დაკავშირებით სურვილის გამოცხადებას, რომ ისინი მიწვეულები იყვნენ ამ საკითხებზე სამუშაოდ.


№ 2 საქართველოს რესპუბლიკური პარტია
დავით ზურაბიშვილი

პირველი, რაც ამ სფეროში უნდა გაკეთდეს, არის კანონის მიღება იმის თაობაზე, რომ რაღაცნაირად მოწესრიგდეს აღრიცხვიანობის პროცესი. ზუსტად გავიგოთ, რამდენი უმუშევარი გვყავს. ისე აღარ უნდა იყოს, რომ თუ ადამიანს ერთი ქათამი ჰყავს, აღარ ითვლებოდეს უმუშევრად. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უმუშევრად ჩავთვლით, მაშინ სახელმწიფო ვალდებულია გარკვეული უმუშევრობის დახმარება გასწიოს. ასე იქცევა ყველა ქვეყანა ჩვენს გარდა. ამის რესურები ბიუჯეტში დღეს არსებობს. დღეს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი არის უაზროდ გაკეთებული, რომლის გადანაწილების შემთხვევაში ბევრი პროგრამის დაფინანსება შეიძლება. უმუშევრობის შემწეობის გადახდა თვითმიზანი არ არის, ეს ვალდებულებაა. შემდეგ სახელმწიფოც უფრო დაინტერესებულია რომ სამუშაო ადგილები შექმნას და ეს ტვირთი თვითონ მოიხსნას. მეორე საკითხია შრომითი ვიზების შექმნა. ის უცხოელი მოქალაქეები, ვინც ჩვენთან ჩამოდის და მუშაობს, მათზე უნდა გავცეთ სამუშაო ვიზები. ეს ურთიერთობები ცივილიზებულად უნდა მოწერიგდეს. გარდა ამისა, მინიმალური სოციალური პაკეტი უნდა შემუშავდეს, რომელიც შეეხება ყველა სფეროს. არა მხოლოდ ის, რომ დღეს მისცე ადამიანს ასი ლარი, არამედ გათვალისწინებული უნდა იყოს ფასდაკლებების სისტემა პროდუქტებზე, სამედიცინო დახმარებაზე... ჩვენ არა ვართ პარტია, რომელიც განსაკუთრებულადაა ორიენტირებული სოციალურ საკითხებზე, მაგრამ არსებობს სოციალური ვალდებულებები რომლებიც სახელმწიფომ აუცილებლად უნდა აასრულოს.


№ 3, საარჩევნო ბლოკი ”მემარჯვენე ალიანსი, თოფაძე - მრეწველები (მ.გ.ს. ერთობა, ე.დ.პ)”
ზურაბ ტყემალაძე:
ცოტა გულნაკლულად მინდა ვთქვა, რომ როცა ჩემი კოლეგები გამოდიან და საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ მოვალთ თუ არა, მაშინვე გავხდით პენსიას სამას ლარს, მინიმალური ხელფასი იქნება ამდენი და ა.შ. ეს ყველაფერი მტკნარი სიცრუეა. პირველ რიგში, უნდა დავიცვათ კონსტიტუცია. კონსტიტუციის თანახმად, ყველა ადამიანი უნდა იყოს უზრუნველყოფილი საარსებო მინიმუმით. პირველ რიგში უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ყველას ჰქონდეს საშუალება საარსებო მინიმუმამდე გაეზარდოს პენსია იქნება ეს, თუ სხვა შემოსავალი. დღეს არსებული საარსებო მინიმუმი გამოცხადებულია, რომ არის 185 ლარი. არ შეიძლება ბედის ანაბარა დატოვო ადამიანი. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს მასზე. სანამ ჩვენ ხელი გვექნება გაშვერილი, დახმარების იმედზე ვიქნებით და შემოდინებულ წყაროებზე ვიქნებით დამოკიდებული, ანუ სავალუტო ფონდი იქნება, მსოფლიო ბანკი იქნება, თუ ნებისმიერი დონორი ქვეყნიდან შემოსული ვალუტა, ანუ დოლარი გაამაგრებს ჩვენს ეროვნულ ლარს და ამ დოლარის მანიპულირებით ხდება ლარის გამყარება, რა თქმა უნდა, ჩვენს ეკონომიკას არაფერი არ ეშველება. ჩვენს ეკონომიკას უნდა ეშველოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეიქმნება სამუშაო ადგილები, ამუშავდება წარმოება. ვერავითარ სოციალურ პროგრამას ვერ განახორციელებ, თუ არ იქნება შემოსავლები და თუ არ იქნება საკუთარი შემოსავლები.”

№ 4. ”შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია”
ნესტან კირთაძე და კახაბერ ძაგანია:
ჩვენი პარტიის იდეოლოგია ეროვნულთან ერთად სოციალურ საკითხებზეა დაფუძნებული. სხვა პარტიას ეს შეიძლება წინასაარჩევნო რიტორიკისათვის სჭირდებოდეს, ჩვენი პარტია კი 15 წლის მანძილზე პრაქტიკული პოლიტიკის დონეზე განახორციელებს ამას. ჩვენ ვიბრძოდით პედაგოგებთან, ექიმებთან ერთად. ძალიან ბევრი სამედიცინო დაწესებულება შევინარჩუნეთ ექიმებთან ერთად. ახლა მთავარია ყველა ქალაქში გაიხსნას ერთი მუნიციპალური საავადმყოფო მაინც, სადაც ყველა ფენის ადამიანს შეეძლება მისვლა და მკურნალობა. სოცილური საკითხები არის არა საარჩევნო რიტორიკა, არამედ სასიცოცხლო მნიშვნელობის გადაწყვეტილებები ჩვენი ხალხისათვის. ბიუჯეტში აკუმულირებული თანხებიდან უნდა განისაზღვროს პრიორიტეტები და უწინარეს პრიორიტეტად უნდა იყოს სწორედ სოციალური მიმართულება. სწორად განსაზღვრული პრიორიტეტები ნამდვილად ეყოფა სოციალური პროგრამების შესრულებას. ამას გარდა, ჩვენი სახელმწიფოს ბიუროკრატია, როგორც პარლამენტის, ისე აღმასრულებელი ხელისუფლებისა, რამდენიმე მილიონი უჯდება ქვეყანას. ეს თანხა თავისუფლად დააფინანსებს რამდენიმე მნიშვნელოვან სოციალურ პროექტს.


№5, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის”
დავით დარჩიაშვილი:
სოციალური პრობლემატიკა, გამომდინარე ეკონომიკის განვითარების დონიდან, არის ძალიან მწვავე. არსებობს ფსიქოლოგიაში იერარქია ადამიანური მოთხოვნილებების. საბაზო მოთხოვნილებების საფუძველში სწორედაც დევს, რომ ადამიანს სჭირდება საკვები, სახურავი, ოჯახის მოვლა. რა თქმა, უნდა, ამასთან ერთად და არა მხოლოდ ამის მერე იწყება ისეთი თემები, როგორიც არის ღირსება, უსაფრთხოება. მაგრამ, რაღაცის გაუმჯობესებაზე და რეფორმაზე რომ ფიქრობდე, პირველ რიგში საარსებო მინიმუმი არის უზრუნველსაყოფი ადამიანებისთვის. თუ ვერ ვიარსებებთ, მაშინ არც უკეთესი დემოკრატია არ გვექნება და არაფერი არ გვექნება. ამდენად, აქცენტი უმუშევრობის შემცირებაზე, აქცენტი სოციალურად დაუცველი ფენებისთვის სოციალურ პროგრამებზე, პენსიებზე. არსებითია სოციალური უზრუნველყოფის მექანიზმები ამოქმედდეს საბაზრო ეკონომიკის პირობებში. ამიტომ არის აქცენტი იაფ კრედიტზე და არა იმაზე, რომ რაც ბიუჯეტია, დავარიგებთ და ამით ყველაფერი დამთავრდება. ეს იქნებოდა სოციალისტური პოპულიზმი. მაგრამ, აქ არის ლაპარაკი იმაზე, რა საბაზრო მექანიზმების გამოყენებით შეიძლება სოციალური უზრუნველყოფა, რადგან თუ ეს მექანიზმები შეჩერდა, ეკონომიკის განვითარება შეჩერდება. აქედან გამომდინარე, პოლიტიკა, მათ შორის - ეკონომიკური, სოციალური არის შესაძლებლობის ხელოვნება. ამ ერთ-ორ წელიწადში თუ მოხერხდა და სავსებით რეალისტურია, რომ მოხერხდეს უმუშევრობის დონის შემცირება, კერძო სექტორში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და პენსიების მიყვანა 100 დოლარამდე, ეს იქნება საკმაოდ სოლიდური შენატანი საქართველოს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გამუჯობესებაში.
რაც შეეხება განათლების სფეროს - ის, რა რეფორმაც დაიწყო, იყო სტრატეგიულად ერთადერთ სწორ მიმართულებაზე ორიენტირებული - ეს არის კრიტიკულად მოაზროვნე, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანის, მოქალაქის აღზრდა-ფორმირება სკოლიდან უმაღლესის ჩათვლით, ასევე ისეთი ცოდნის მიცემა მისთვის, რომელიც ადამიანს გახდის კონკურენტუნარიანს მსოფლიო ინტელექტუალურ ბაზარზე. ეს ისევ ეკონომიკას სჭირდება, ეს ისევ ქვეყნის უსაფრთხოებას სჭირდება, ეს ისევ ქართული კულტურის შემდგომ განვითარებას სჭირდება. მაგრამ, ნებისმიერ რეფორმას აქვს სოციალური ფასი და ეს პირველ რიგში მასწავლებლების, პედაგოგების სოციალურ მდგომარეობას ეხება. პირველად ხდება, რომ როგორც სკოლა, ისე უნივერსიტეტი ორიენტირებული უნდა იყოს აღსაზრდელზე, მოსწავლეზე, სტუდენტზე და არა ისე, რომ თვითმიზნურად იქცეს და მხოლოდ ფაკულტეტს თუ პედაგოგს უზრუნველყოფდეს სოციალურად და მატერიალურად. მაგრამ, ეს მეორე მხარეც აუცილებლად მისახედია და ამ შემთხვევაში ეს მეორე მხარე გარკვეულწილად დაზარალდა.

№ 6 . პოლიტიკური გაერთიანება ”საქართველოს სპორტსმენთა კავშირი”
ედიშერ მაჩაიძე:
სოციალური საკითხების გადაჭრა ჩვენი პარტიისათვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, მათ შორის ვეტერანების დახმარება და ახლგაზრდობის ფიზიკურად და გონებრივად ჰარმონიული განვითარება და ჩვენი მომავალი თაობის დამცველთა აღზრდა. ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელიც შეეფერება საქართველოს ისტორიულად. სერიოზული პრობლემაა ის, რომ ქვეყანაში აღარ არსებობს მწვრთნელის პროფესია, არადა ეს პროფესიაა, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი თაყვანს სცემს.


№7, საარჩევნო ბლოკი ”გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)”
მანანა ნაჭყებია:
ჩვენ ვთვლით, რომ ხელისუფლება ხელოვნურად ამცირებს სამომხმარებლო კალათის ფასს და ამბობს, რომ ის დღეისთვის 120 ლარს შეადგენს. რეალურად ჩვენ დავთვალეთ, დავთვალეთ ექსპერტების მონაწილეობით და ვფიქრობთ, რომ მინიმუმ 250 ლარი არის საჭირო იმისთვის, რომ ოჯახმა, ადამიანმა თავი შეინახოს. გარდა ამისა, დღეს 21-ე საუკუნეა და მინიმალური კალორიის მიღების გარდა აუცილებელი და საჭიროა განათლება, აუცილებელია გაზეთები და ჩვენ ესეც შევიტანეთ სამომხმარებლო კალათაში. აქედან გამომდინარე ჩვენს პროგრამაში არის, რომ მინიმალური ხელფასი გაუტოლდება სამომხმარებლო კალათას და ეს იქნება 250 ლარი. რაც შეეხება უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანებს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ არის მთელი კომპლექსი გასატარებელი და პირველ რიგში ყველა მათგანს უნდა აღუდგეს შეღავათები მანამდე, სანამ სახელმწიფო მათ საკუთარი შრომით ხელფასის მოპოვების საშუალებას შეუქმნის. მე ვიცი უსინათლოთა პრობლემები. ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნების წინ გვქონდა შეხვედრა ამ ადამიანებთან და ვიცი როგორ უჭირთ, როგორ დარჩნენ ისინი იმ საწარმოების გარეშე, რომლებიც წინა პერიოდში ქონდათ. გარდა ამისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ პენსიები უნდა განისაზღვროს ნამსახურები წლების მიხედვით. მინიმალურ პენსიაზე დანამატი უნდა იყოს მინიმუმ 2 ლარი თითოეულ ნამსახურებ წელზე.

№ 8 . ”სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტია”
იგორ შამათავა:
სოციალური პრობლემების გადაჭრაზე დაწვრილებით რომ ვილაპარაკოთ, ამას გადაცემის ფორმატი არ ეყოფა, რადგან ძალიან ვრცლად განსახილველი თემაა. ვიტყვი მხოლოდ, რომ მარტო დასაქმების პროგრამით ფონს ვერ გავალთ. საჭიროა ეკონომიკის განვითარება. ის საწარმო სიმძლავრეები უნდა შევქმნათ, რომელიც ჩვენს ხალხს დაასაქმებს, ისეთი პროდუქცია უნდა შევქმნათ, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი ევროპისა და მსოფლიოს ბაზარზე ამით შემდეგ ჩვენს ქვეყანას ავაღორძინებთ.


№9, პოლიტიკური გაერთიანება ”ქრისტიანულ-დემოკრატიული ალიანსი (ქდა)”
დავით თარხან-მოურავი:
ჩვენი პროგრამა არის მიზნობრივი სოციალური დახმარება, რაც ნიშნავს, რომ თითოეული მოქალაქის მდგომარეობა უნდა იყოს შესწავლილი და იქნება შესწავლილი და გამომდინარე ამ მოქალაქისა და მისი ოჯახის მდგომარეობიდან მას გაეწევა მიზნობრივი დახმარება. ეს არის, ჩვენი აზრით, სოციალური დახმარების ყველაზე სამართლიანი გზა. მაგრამ, მათავარი ორიენტაცია ეს არ უნდა იყოს. მთავარი, ჩვენი გაგებით, არის ის, რომ ყველა მოქალაქემ მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი ცოდნა და ნიჭი. ჩვენ შევცვლით სისტემას (პოლიტიკაში იქნება ეს, არჩევნებში, თუ სხვა) ისე, რომ თქვენ მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, თავი წარმოაჩინოთ და ამაზე არ დაგჭირდეთ მილიარდი და არ იყოთ დამოკიდებული ხელისუფლების დაშინებაზე. სოციალური დახმარება უნდა ეფუძნებოდეს ეკონომიკურ ზრდას.

№ 10 ”გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატები”
მაგდა ანიკაშვილი:
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ სოციალური პოლიტიკა არის შესაცვლელი და ხელისუფლებამ მეტი სოციალური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავზე, ეს უცნაურად ეჩვენებათ, რადგან ჩვენ მემარჯვენე ორიენტაციის პარტია ვართ. მიუხედავად ორიენტაციისა, როდესაც ქვეყანაში ასეთი მძიმე სოციალური ფონია, პარტიამ უფრო მეტად ცენტრისტული პოზიცია უნდა დაიჭიროს. სოციალური პრობლემის გადაჭრის გასაღები მცირე ბიზნესის განვითარებაშია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეტად არის გასაზრდელი სოციალური დახმარება, რადგან ის, რაც ეხლა არის, უბრალოდ ფორმალობაა. ამ დახმარებების გაზრდა შესაძლებელია. ახლა საქართველოს ხელისუფლება უჯდება უფრო ძვირი, ვიდრე ოდესმე. ამას გარდა, შესაძლებელია ბიუჯეტში თანხების გადანაწილება. ახლა 12 პროცენტი მიდის შინაგან საქმეთა სამინისტროში, ან, როგორც ბიუჯეტში წერია, 60 მილიონი იხარჯება ყოველ წელს ფარულ მოსმენებზე. არჩევანი გაქვს გასაკეთებელი, რა გვირჩევნია, რომ ამდენი ვხარჯოთ ფარულ მოსმენებზე თუ პენსია გავზარდოთ. აუცილებელია სწორად ხარჯვა, გონიერი ხრჯვა. ძალიან კარგია შადრევანიც და ატრაქციონიც, მაგრამ საჭიროა მოხუცს ჰქონდეს საშუალება წამალი შეიძინოს და მშობელს ჰქონდეს საშუალება ბავშვს სახელმძღვანელო და ტანსაცმელი უყიდოს.

№11, საარჩევნო ბლოკი ”ტრადიციონალისტები - ჩვენი საქართველო და ქალთა პარტია”
გუგული მაღრაძე:
სოციალური პროგრამების საფუძველი ჩვენთვის არის სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში. სამართლიანობის გარეშე ვერც სოციალური პროგრამები განხორციელდება და ვერც ქვეყნის კეთილდღეობა მიიღწევა. სოციალური პროგრამების განხორციელებისთვის ქვეყანაში უპირველესად უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი სასამართლო. ყოველთვის, როცა ადამიანის უფლებები ირღვევა (იქნება ეს ეკონომიკური, თუ სხვა უფლებები), მას უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ არსებობს ის ინსტანცია, სადაც მისი სიმართლე გაირკვევა. რაც შეეხება საკუთრივ სოციალურ პროგრამას, ჩვენ ძალიან კონკრეტული ღონისძიება წამოვაყენეთ, რომელსაც პარლამენტში შესვლისთანავე განვახორციელებთ - ეს არის უმუშევრობის დაძლევისთვის საჯარო სამსახურში სამუშაო საათების ორად გაყოფა, ასევე ხელფასის სარგოს ორად გაყოფა, იმ ადამიანების დაბრუნება სამსახურში, ვინც კვალიფიციური საჯარო მოხელეა. ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ თუკი დღეს რვასაათიანი სამუშაო დღეა, ჩვენ ვამბობთ, რომ საჯარო სამსახურში იყოს ათსაათიანი სამუშაო დღე იმიტომ, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება მიიღონ ის მომსახურება, რაც მათ სჭირდებათ საჯარო სამსახურისგან. ის ათსაათიანი სამუშაო დღე ხუთი საათი იმუშავებს ერთი ადამიანი, ხუთი საათი - მეორე და ხელფასი რაც არსებობს, მცირე დანამატით გაიყოფა ორად. ასე რომ, თუკი დღეს ერთ საჯარო მოხელეს აქვს 600-700-800 ლარი, ორი ადამიანი მიიღებს ხელფასს 400-400 ლარს. ორი ადამიანი იქნება დაკმაყოფილებული და გარდა ამისა, მათ გამოუთავისუფლდებათ გარკვეული დრო. ეს გარკვეულწილად დაწევს უმუშევრობას და ამას მიმართავს ევროპის ბევრი განვითარებული ქვეყანა, როდესაც უმუშევრობა 10 პროცენტზე მაღალია. ამასთან, საჯარო სამსახურში ბევრი ქალია და იმის გამო, რომ მათ დრო გამოუთავისუფლდებათ, გაცილებით ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთება შეეძლებათ. გარდა ამისა, შეუძლიათ სხვა სამუშაოც შეასრულონ. მთავარი ის არის, რომ ჩვენ ამით ორჯერ მაინც ვამცირებთ უმუშევრობას, რადგან საჯარო სამსახურიდან ძალიან ბევრი ადამიანი იქნა გაშვებული. ეს არის ძალიან კონკრეტული რამე, რაც გვინდა სოციალურ სფეროში განვახორციელოთ.


№12 . საქართველოს პოლიტიკური პარტია ”ჩვენი ქვეყანა”
ელბერდ ბატიაშვილი:
სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად პირველ რიგში საჭიროა ეროვნული ეკონომიკის შექმნა. ასეთი ტრიადა გვაქვს: ეროვნული იდეოლოგია, ეროვნული ეკონომიკა, ეროვნული სახელმწიფო. სოციალური ფონიც ამაზე იქნება დამოკიდებული. სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად უნდა შევქმნათ დიდი საშუალო კლასი. დაწვრილებით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ამას, ჩვენს საარჩევნო პროგრამაში წერია. პროგრამა მთლიანად ეყრდნობა ილია ჭავჭავაძის ”საერთო ნიადაგის” თეორიას. ილიას სიტყვებით, უნდა შევქმნათ ქართული სახალხო კაპიტალიზმი, ანუ კაპიტალიზმის ქართული წესწყობა.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG