Accessibility links

logo-print

238-წლიანი მონარქიის შემდეგ ნეპალი ფედერაციულ რესპუბლიკად გამოცხადდა


საქართველოში და, ალბათ, ბევრ სხვა ქვეყანაშიც, ნეპალის ხსენებაზე კაცს დედამიწის უმაღლესი მწვერვალი ჯომოლუნგმა ან, სხვაგვარად, ევერესტი გაახსენდება.

ალპინიზმის ისტორიაში გათვითცნობიერებულებს სმენიათ ყველაზე ცნობილი ნეპალელის, თენსინგ ნორგეის სახელიც - ადამიანისა, რომელმაც 1953 წელს, ახალზელანდიელ ედმუნდ ჰილარისთან ერთად, პირველმა დაიპყრო ევერესტი. მაგრამ ამჯერად ჩვენი საუბრის თემა არც თენსინგ ნორგეია, არც ევერესტი და არც, ზოგადად, ალპინიზმი. ნეპალზე კი იმიტომ ვილაპარაკებთ, რომ ამ ქვეყანაში დღეს, 238-წლიანი მონარქიის შემდეგ, რესპუბლიკის დაარსება გამოაცხადეს.

მონარქიის რესპუბლიკად გადაკეთება ნეპალელი მაოისტების თაოსნობით ხდება. 2006 წელს მაოისტმა მეამბოხეებმა დაასრულეს ათწლიანი ბრძოლა მეფის წინააღმდეგ, ხოლო ამ თვენახევრის წინათ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს და, პრაქტიკულად, წერტილი დაუსვეს მონარქისტულ მმართველობას. თავიანთი საარჩევნო წარმატება მაოისტებმა "მსოფლიო კომუნიზმის დიდ გამარჯვებად" მონათლეს.

აი, რა უთხრა გუშინ, კატმანდუში შეკრებილ ჟურნალისტებს ბაბურამ ბჰატარაიმ, ნეპალის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ:

[ბაბურამ ბჰატარაის ხმა]: "დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა ფედერაციულ წყობას ოფიციალურად გამოაცხადებს სახელმწიფო სისტემად და 28 მაისიდან მოყოლებული ნეპალი ფედერაციული რესპუბლიკა იქნება. ეს დღე ყოველმა ნეპალელმა დღესასწაულივით უნდა იზეიმოს."

დღევანდელ სამყაროში, სადაც კომუნიზმი ლამის უკვე ანაქრონიზმად ითვლება, ასეთმა განცხადებამ შეიძლება ღიმილი გამოიწვიოს. მაგრამ ნეპალში საქმე სერიოზულად არის: მონარქიის გაუქმებისა და რესპუბლიკის გამოცხადების შესახებ პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ სამეფო ოჯახს 15 დღის ვადა ეძლევა საიმისოდ, რათა ნეპალის მონარქის სასახლე დააცარიელოს.

სამხრეთ აზიის ამ 26-მილიონიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე მსჯელობისას, მიმომხილველები კმაყოფილებით აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების სათავეში მაოისტების მოსვლა მშვიდობიანად მოხდა. ეს მით უფრო ხაზგასასმელია, რომ 2006 წელს დასრულებულმა ათწლიანმა პარტიზანულმა ომმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

სისხლიანი მოვლენებით აღინიშნა 2001 წელიც, როცა გაცხარებული პარტიზანული ომის დროს, მასობრივი მკვლელობა მოხდა თვით სამეფო სასახლეში: ტახტის მემკვიდრემ, უფლისწულმა დიპენდრამ სიცოცხლეს გამოასალმა საკუთარი დედ-მამა - მეფე ბირენდრა და დედოფალი აისვარია - და სამეფო ოჯახის კიდევ შვიდი სხვა წევრი, რის შემდეგაც თავი მოიკლა. დღემდე დაუდგენელია, რამ აიძულა ტახტის მემკვიდრე, საკუთარი ოჯახი ამოეხოცა - მკვლელობის მოტივის დადგენა ვერ მოხერხდა.

ამ სისხლიანი ტრაგედიის შემდეგ ტახტზე ავიდა მოკლული მეფის, ბირენდრას ძმა გიანენდრა, რომელმაც მოსახლეობაში პოპულარობა ვერ მოიხვეჭა. საკუთარი მმართველობის განმტკიცების მიზნით, 2002 წელს მან არჩეული მთავრობა დაითხოვა, ხოლო ერთი წლის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 2005 წელს გიანენდრამ ერთპიროვნულად იგდო ხელთ ქვეყნის მართვის სადავეები. მაგრამ ამ ნაბიჯებს, მონარქიის განმტკიცების ნაცვლად, მისი შესუსტება და მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა. ეს დემონსტრაციები გაცილებით უფრო ეფექტიანი გამოდგა, ვიდრე მაოისტთა შეიარაღებული ბრძოლა და 2006 წელს სწორედ ამ მასობრივმა სახალხო გამოსვლებმა მოუღო ბოლო სამეფო ოჯახის უკონტროლო ბატონობას.

ამ მოვლენებში განსაკუთრებული გამჭრიახობა გამოიჩინა ნეპალის მაოისტურმა კომუნისტურმა პარტიამ, რომელმაც სხვა ძალებზე უკეთ მოახერხა არსებულ ვითარებაზე საკუთარი მოქმედებების მორგება. 2006 წელს მან მთავრობასთან ზავი გააფორმა და გულისყური პარტიის პოლიტიკურ მოწყობაზე გადაიტანა. გასულ თვეში ჩატარებული არჩევნების შედეგად მაოისტებმა თავიანთ უახლოეს მეტოქეზე ორჯერ მეტი საპარლამენტო მანდატი მოიპოვეს.

მაოისტთა პოპულარობას ექსპერტები უწინარესად იმით ხსნიან, რომ სწორედ მათს სახელთან არის გაიგივებული ცვლილებებისთვის მრავალწლიანი ბრძოლა. წარმატების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ იმასაც, რომ ჩინელი მაოისტებისგან განსხვავებით, მათი ნეპალელი თანამოაზრეები მზად არიან მრავალპარტიულ სისტემაში იცხოვრონ და იღვაწონ: ყოველ შემთხვევაში, ამას ამბობს ნეპალელ მაოისტთა ლიდერი პუშპა ქამალ დაჰალი. მისი თქმით, მრავალპარტიული სისტემა სოციალიზმის პირობებშიც კი აუცილებელია.
XS
SM
MD
LG